Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველას უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების პრვატიზების უფლება


რკინიგზის, ფოსტისა და სასაფლაოების პრივატიზების გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობასა და ოპოზიციას შორის დავისა და დაპირისპირების მიზეზად

სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის გადაწყვეტილება იქცა. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არა აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის უფლება. მაგრამ თუ ის საქართველოში კომპანიას დააფუძნებს, სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზებაში ხელს ვერავინ შეუშლის. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც გამოდის სასოფლო- სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის პირდაპირ მიყიდვის წინააღმდეგ. რატომ?

საქართველოს მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უცხოეთის მოქალაქეს სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვისა და მემკვიდრეობით გადაცემის უფლებას ანიჭებს, საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის ზოგიერთი წევრის წინააღმდეგობასაც კი წააწყდა. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია სახელმწიფო მინისტრი რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”მე, მაგალითად, არ ვიყავი საქართველოს მოქალაქე სამი წლის წინ. მე რომ მემკვიდრეობით მიმეღო ნაკვეთი, არ უნდა მქონოდა საშუალება ის ამეღო? პირიქით, ეს, ჩემი აზრით, სტიმულირებას უკეთებს ხალხს, რომ ჩამოვიდნენ და დაბრუნდნენ თავის მიწაზე და ვინც თვლის, რომ ამის დაშვება არ შეიძლება, მე მგონი, ის, უბრალოდ, ხალხის მტერია.”(სტილი დაცულია)

ბენდუქიძის ეს შეფასება საპარლამენტო უმრავლესობისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრმა რომან კუსიანმა დაიმსახურა, რომელიც მთავრობის ინიციატივის წინააღმდეგ ხმამაღალი განცხადებებით გამოვიდა:

[რომან კუსიანის ხმა] ”სხვა ქვეყნების მაგალითები დაასახელოს, რომელ ქვეყნებშიდაც ასე ხელაღებით ასხვისებენ უცხოეთის მოქალაქეებზე.”(სტილი დაცულია)

ასეთი პოზიცია სხვა კიდევ ბევრ დეპუტატს ჰქონდა. ამიტომ მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა მთავრობას უკან დაუბრუნა. ირკვევა, რომ მთავრობა არაფრის შეცვლას არ აპირებს და კანონპროექტი, უცვლელი ფორმით, ისევ შევა საკანონმდებლო ორგანოში. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განმარტებით, ამჟამად მოქმედი კანონის მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეს მაინც შეუძლია სასოფლო- სამეურნეო მიწის შეძენა, ოღონდ შემოვლითი გზის მეშვეობით. ამ შემოვლით გზაზე გვესაუბრება აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ედვარდ სურმანიძე:

[ედვარდ სურმანიძის ხმა] ”იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ 2-3 წელი შეგვეკავებინა თავი. თუმცა არანაირი პრობლემა არ არის. კერძო პირს, რომელსაც უნდა მიწის ყიდვა საქართველოში, შემოდის, არეგისტრირებს იურიდიულ პირს და ყიდულობს მიწას, რამდენიც უნდა.”(სტილი დაცულია)

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის მომხრეები არგუმენტად განვითარებული ევროპული ქვეყნების პრაქტიკას და ევროპისკენ საქართველოს სწრაფვას იშველიებენ. მომხრეებისა და მოწინააღმდეგეებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს უმრავლესობის კიდევ ერთ ლიდერს, ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკო ლეკიშვილს:

[ნიკო ლეკიშვილის ხმა] ”სიფრთხილე გამოვიჩინოთ, ჯობია. არა მარტო მიწებზე ვამბობ, არამედ - საერთოდაც. შესაძლებელია, ჩემი აზრით, მაგრამ ეს ისეთი საკითხია, რეგულირება სჭირდება.”

კანონმდებელთა ასეთი აზრთა სხვადასხვაობის გამო ჯერჯერობით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის, საქართველოდან ემიგრირებულებსაც, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა მხოლოდ არაპირდაპირ შეუძლიათ, იურიდიულო კომპანიის დაფუძნების მეშვეობით. ეს კი სირთულეს სულაც არ წარმოადგენს: საგადასახადო ინსპექცია 300 ლარის საწესდებო კაპიტალის მქონე ”შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს” 3 დღის ვადაში არეგისტრირებს.
XS
SM
MD
LG