Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


”თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი მსხვერპლი”– გაზეთ ”24 საათის” ეს პუბლიკაცია ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის საგანგაშო მონაცემებს ასახავს.

სტატისტიკის თანახმად, 2007 წლის პირველ ნახევარში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 100 ჟურნალისტი დაიღუპა, მათგან 83 - კორესპონდენტი და 17 - მედიის დამხმარე თანამშრომელი. აქვე პუბლიკაცია გვთავაზობს საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაციის ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ რეიტინგს მსოფლიო ქვეყნებში პრესის თავისუფლების ხარისხის შესახებ. გამოკითხვის შედეგებით, 2006 წელს პრესის თავისუფლების ხარისხი არ გაუმჯობესებულა, ყველაზე უარყოფითი შეფასება კი ჩრდილოეთ კორეამ მიიღო.

გაზეთ ”24 საათის” მოწინავე სტატიის თანახმად კი, ჟურნალისტი ერგნეთის ეგრეთ წოდებულ სახალხო პოსტზე კაი გასართობია: „ შეჯგუფდება თუ არა ხალხი, მიკროფონი და კამერაც იქვე გაჩნდება. უმთავრესად, ახალი არაფერი ხდება, რამდენიმე ასეული კაცის სხეულის მოძრაობაა მხოლოდ, მაგრამ სახალისო მედიაზიგზაგს კი იწვევს. მთავარ კითხვაზე ყოველთვის ერთი პასუხია: გზა გაიხსნება მაშინ, როცა სარწყავი წყალი წამოვა.“ მაინც როგორ მოხდა ამდენი ხალხის თავმოყრა სოფელ ერგნეთის ბოლოს? – კითხულობს გაზეთის კორესპონდენტი და ნიქოზელი ჭარმაგი რესპონდენტისაგან შემდეგ პასუხს ღებულობს: „როგორა, ძმაო და, ვუყურეთ, ვუყურეთ მთავრობას, რო ვერაფერი გააკეთა, ავდექით და წამოვედით.“

”სანაკოევის კარტი ჭკვიანურადაა გათამაშებული” – ამგვარ შეფასებას გაზეთ „ახალი თაობის“ ფურცლებზე წაიკითხავთ ინტერვიუში „ სააკაშვილს სანაკოევი მომავალი არჩევნებისთვის სჭირდება.“ ინტერვიუში ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური მდივანი უტა ლიპარტია შენიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის მიმართ არ არის სასუქის ომის პოლიტიკა. ადრინდელთან შედარებით, ეს უფრო მომზადებული პოლიტიკაა, - ამბობს უტა ლიპარტია: „ ასეთი კარტი ჩეჩნეთის შემთხვევაში თვით რუსეთმა გაათამაშა. ოღონდ მთავარია, ჩვენი ხელისუფლება ამ თამაშში თანმიმდევრული აღმოჩნდეს.ამაში მას დასავლეთიც შეუწყობს ხელს, რადგან ის მომხრეა, რომ საქართველოში კონფლიქტური სიტუაციები მშვიდობიანად დარეგულირდეს.”

„ვლადიკავკაზში კი ეგრეთ წოდებული „კონტრაქტნიკების“ შეკრების ბუმია. ამ ინფორმაციას, სპეცსამსახურების ცნობაზე დაყრდნობით, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, თუ რუსეთი შიდა ქართლში ომის განახლებას მოინდომებს, მათ ოხრად ექნებათ იარაღიც, არაყიცა და ფულიც.

„არის ასეთი პარტია. ჯერ არ არის, მაგრამ მალე იქნება“ – ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ სარბიელზე შესაძლო დაბრუნების საკითხი დღეს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზეა განზოგადებული. დასკვნის თანახმად კი, პრეზიდენტმა ყველაზე კარგად უწყის ახალი ოპოზიციური ძალის ამბავი და ასევე კარგად იცის, რომ ეს პარტია მისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს: ”ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკოსი არ არის და ის არც რუსებს ეხატებათ გულზე და არც ამერიკელებს. სწორედ ამიტომ ყველაზე მშვიდად ამ აჟიოტაშში ბატონი პრეზიდენტი იქნება. დარჩა მთავარი კითხვა. კი მაგრამ ხალხი?“ ხალხს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ ურჩევს თავს თავად მიხედოს და ხელოვნურად შექმნილი გმირები და ცრუ წინასწარმეტყველები დაივიწყოს.

XS
SM
MD
LG