Accessibility links

ოპოზიცია პრეზიდენტს “ტელედაპატიმრებების” პრაქტიკას უწუნებს


საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საკრებულოში სტუმრობისას საპარლამენტო ოპოზიცია გააკრიტიკა,



საპასუხოდ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციები ერთმანეთის მიყოლებით გამართეს და ქვეყნის პირველი პირისა და საზოგადოების გასაგონად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი შეხედულებები ჩამოაყალიბეს. პრეზიდენტს არ მოსწონს ის, რომ ოპოზიცია ეგრეთ წოდებულ სატელევიზო დაპატიმრებებს აპროტესტებს. ბოლო ჯერზე ოპოზიციის პროტესტი ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნების დაპატიმრებას მოჰყვა - საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტელედაპატიმრებები შოუს ნაწილია და კორუფციასთან საბრძოლველად სხვა ტიპის ღონისძიებებია გასატარებელი. მინდა პრეზიდენტთან საპარლამენტო ოპოზიციის გაპაექრებაზე გესაუბროთ.

თბილისის საკრებულოში პრეზიდენტის გამოსვლამ, შექებამ ადამიანებისა, რომლებმაც ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნების პირდაპირ თათბირზე, ტელეკამერების თვალწინ, დაპატიმრების ორგანიზება მოახდინა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს მისცა მიზეზი კიდევ ერთხელ გაეკრიტიკებინათ ქვეყნის პირველი პირი ტელედაპატიმრებების პრაქტიკის დანერგვის გამო. ხელისუფლებამ უარი თქვა სასამართლო დარბაზებში ვიდეოკამერების დაშვებაზე - ითქვა, რომ ასეთ პრაქტიკას პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები სასამართლო დარბაზებში პოლიტიკური შოუს მოწყობისთვის იყენებენ. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს ლევან ბერძენიშვილს უკვირს როლების ასეთი გადანაცვლების მცდელობა, რადგან ფიქრობს, რომ შოუს ქვეყნის მასშტაბით ხელისუფლება დგამს და ეს ნათელია, რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ ასე არ ხდება:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ”იმ ღონისძიებებს, რომლებსაც ხელისუფლება თავად ატარებს, რომლებსაც საერთაშორისო ტერმინი მოეძებნა უკვე ტელედაპატიმრებების სახელით, ამას თურმე შოუ არ ჰქვია.” (სტილი დაცულია)

სად არის შოუ და ვინ არის მისი ორგანიზატორი? - ამის ასახსნელად 5 ივლისს პრესკონფერენცია მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემაც მოიწვია. ისიც
თბილისის საკრებულოში პრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურა, გამოსვლას, რომლის დროსაც ითქვა, რომ ქურდი უნდა იჯდეს ციხეში, რომ ხელისუფლება წარმატებულად ებრძვის კრიმინალს, მათ შორის - კორუფციას, ამაყობს იმ ხალხით, ვინც ამ ბრძოლას უშუალოდ ახორციელებს და რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ბრძოლის მეთოდებზე ქილიკობენ, შეურაცხყოფას მთელ საზოგადოებას აყენებენ:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმ ხალხით, ვინც ამას აკეთებს. პარლამენტში მათ დასცინოდნენ. ეს არის შეურაცხყოფა ამ ადამიანების და შეურაცხყოფა ხალხის. რამდენიც უნდათ, ილაპარაკონ პარლამენტში, მაგრამ მათ მოუხდებათ ანგარიშის ჩაბარება ხალხისთვის. ”

მემარჯვენეების ლიდერი ამბობს, რომ ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარება, პირველ რიგში, პრეზიდენტს მართებს და თუ ანგარიშის ჩაბარება მხოლოდ ტელედაპატიმრებებით, შოუებით მოხდება, ხალხი ხელისუფლებას სხვას გადააბარებს.
დავით გამყრელიძე პრეზიდენტს ურჩევს კორუფციასთან რეალური ბრძოლა დაიწყოს, რეალური ბრძოლის დაწყება კი მას ასე წარმოუდგენია:

[ დავით გამყრელიძის ხმა]” თუ უნდა კორუფციასთან ბრძოლა, იმ ბობოლებს უნდა მიხედოს, როგორიც არის ლომაია, ბატონი უგულავა, ბენდუქიძე, რომელიც ყველაფერს ყიდის და ის ადამიანები, რომლებზეც ყველა საუბრობს... ”

ხელისუფლება ამაყობს კორუფციასთან ბრძოლაში მიღწევებით და ამ მიმართულებით სხვადასხვა გამოკვლევების შედეგებს იმოწმებს. კორუფციასთან ბრძოლაში გარკვეულ წარმატებებს აღიარებენ ოპოზიციაშიც, მაგრამ აცხადებენ, რომ შედეგები ხელისუფლების ქვედა რგოლებშია, ზედა ეშელონებში კი პრობლემა ისედაც აშკარაა.

{ზვიად ძიძიგურის ხმა] ”ძალიან სერიოზული გარღვევაა ბიუჯეტში, ხალხის ფული გაფლანგულია, ფული შეჭმულია ისეთ სიმბოლოსთან დაკავშირებით, რასაც წმინდა გიორგის ძეგლს ეძახიან - ამაზეც კი ფულია გაფლანგული.”(სტილი დაცულია)

ეს განცხადებაც 5 ივლისს გაკეთდა, კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად ძიძიგურის მიერ. ასე რომ, თბილისის საკრებულოში პრეზიდენტის მიერ ხელისუფლების და ქვეყნის მიღწევებზე საუბარს, იქვე, ამ მიღწევების იგნორირების გამო, ოპოზიციის გაკრიტიკებას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა ერთიანი მწვავე რეაქცია მოჰყვა. თუ 4 ივლისი პრეზიდენტის ძალისხმევით წარმატებების დემონსტრირების დღე იყო, 5 ივლისს ოპოზიციამ ხელისუფლება დაახასიათა როგორც წარუმატებელი. ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის მთავარ ნაკლად მიიჩნევენ იმას, რომ მას უჭირს წარმატებების დანახვა და აღიარება. ჩვენც მემარჯვენეების ერთ-ერთ წევრს, ფიქრია ჩიხრაძეს, ვკითხეთ, სად ხედავს ხელისუფლების წარმატებებს. ” მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ და სიამოვნებით დავინახავდი, რომ იყოსო” , - იყო პასუხი.




XS
SM
MD
LG