Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს არასამთავრობო სექტორი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვას ითხოვს


5 ივლისს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” შეიკრიბნენ



ევროპასთან საქართველოს დაახლოებისთვის თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებასა და მონიტორინგში საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ, საქართველოს ხელისუფლებამ ახლახან დაამტკიცა. რა პრობლემები არსებობს სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის გზაზე და როგორ უნდა ჩაერთონ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ევროპასთან დაახლოების პროცესში?

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის 2007 წლის სტრატეგიაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სამიოდე კვირის წინ დაამტკიცა, განსაზღვრულია შემდეგი პრიორიტეტები: დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობის განმტკიცება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, სტრუქტურული და ადმინისტრაციული რეფორმები, მიგრაცია და საზღვრის დაცვა, სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და სხვ. როგორ წარმოუდგენიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს თავიანთი როლი ამ ცვლილებების განხორციელების პროცესში? ამ კითხვაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე გვიპასუხებს:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] ”როდესაც სამეზობლო პოლიტიკა შეიქმნა, ჩვენმა ორგანიზაციამ მოამზადა წინადადებები, თუ რა უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული სამეზობლო პოლიტიკაში და ვცდილობთ ჩართული ვიყოთ ამის შესრულების მონიტორინგის პროცესში.”

გიორგი ჩხეიძე აღნიშნავს, რომ მის ორგანიზაციას შესწევს უნარი არა მარტო მონიტორინგი განახორციელოს, არამედ ჩაერთოს კიდეც სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზადაა ექსპერტული დახმარება აღმოუჩინოს მთავრობას, საკანონმდებლო აქტების მომზადებისა თუ პენიტენციალური სისტემის რეფორმირებაში:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] ”მთავარი აქ არის ის, რომ სამთავრობო სტრუქტურები იყვნენ მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის.”

იგივე სურვილი გამოთქვა ”სამართლიანი არჩევნების” ლიდერმა თამარ ჟვანიამ არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციაზე. ამ თავყრილობისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების პროცესში არასამთავრობოთა ჩართულობის მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა შემდეგნაირად განმარტა:

[უჩა ნანუაშვილის ხმა] ”იდეა არის ის, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ წარადგინოს ერთიანი რეკომენდაციები. ეს იყოს თანამშრომლობით ხელისუფლებასთან, რათა შემდეგ მომზადებული რეკომენდაციები მოულოდნელი არ იყოს ხელისუფლებისათვის. ამიტომ ხელისუფლებამ ახლავე უნდა დაიწყოს ფიქრი საზოგადოების ჩართულობაზე.”(სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაციათა ეს და სხვა მრავალი წინადადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა რომან კაკულიამ მოისმინა. მანვე განაცხადა, რომ მზად არის საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის შუამავლის მისიაც კი იკისროს:

[რომან კაკულიას ხმა] ”ჩვენ შეიძლება ვიყოთ ინიციატორი იმის, რომ სხვადასხვა სამინისტროების სამოქმედო გეგმები გამოვიტანოთ საჯარო დისკუსიისთვის. მე ამას, ფაქტობრივად, დავალებად ვიღებ.”

მთავრობის და არასამთავრობო სექტორის თითქმის ყველა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ, ხანგრძლივი თეორიული მუშაობისა და დისკუსიის შემდეგ, 5 ივლისს გამართული კონფერენცია ერთ-ერთი პირველი პრაქტიკული ნაბიჯია, გადადგმული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად.
XS
SM
MD
LG