Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


„რუსეთს ცხინვალში დამატებითი ძალები შეჰყავს, კოკოითი არეულობის პროვოცირებას ცდილობს“

– ინტერვიუში, რომელიც გაზეთ „რეზონანსის“ ფურცლებზე დაიბეჭდა, კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი პასუხს იძლევა კითხვებზე, თუ რატომ ალაპარაკდა რუსეთი რეგიონში დამატებითი ძალების შესაძლო შეყვანაზე და არსებობს თუ არა კოკოითის რეგიონიდან გაყვანის შესაძლებლობა. გიორგი ხუციშვილის აზრით, ჯავის რაიონში მოხალისეთა რაზმების შეყვანა შიდა მობილიზაციის მიზნით მოხდა: „კოკოითი ამტკიცებს, რომ არსებობს თავდასხმის საფრთხე. სინამდვილეში არსებობს პოლიტიკური საფრთხე მისი რეჟიმისთვის და არა მოსახლეობისთვის. ცხინვალისათვის იდეალური ვარიანტია, ცხინვალის მოსახლეობა შეიარაღდეს ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსულ მოხალისეებთან ერთად, დადგნენ ცხინვალის სადარაჯოზე და ამით მოახდინონ ძალის დემონსტრირება.“

ქართულ ბეჭდურ მედიაში დღეს გამოქვეყნდა საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების ეგრეთ წოდებულ საგანგებო საქმეთა მინისტრ ბორის ჩოჩიევთან. ”რუსეთი ამ რეგიონში სტაბილურობის გარანტია და რომ არა რუსეთის სამშვიდობო ძალები, ამჟამად აქ ომი იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს თბილისში არ ესმით. თბილისში არც ის ესმით, რომ სამხრეთ ოსეთში მოვლენების ესკალაცია, უპირველეს ყოვლისა, ქართულ მხარეს დააზარალებს. რატომღაც თქვენთან დამკვიდრებულია არასერიოზული მიდგომა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მიმართ. არადა, ჩვენ ნებისმიერ გამოწვევაზე შეგვიძლია პასუხის გაცემა“, - უთხრა საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსს“ ბორის ჩოჩიევმა.

„როგორ ცხოვრობენ რიგითი მოქალაქეები აფხაზეთში?“ - ამ საკითხით დღეს გაზეთი „რეზონანსიც“ დაინტერესდა. მიუხედავად სოხუმის ხელისუფლების მტკიცებისა, რომ მათი „რესპუბლიკა“ ეკონომიკურად ძლიერდება, რეალობა მაინც სულ სხვაა, ნათქვამია სტატიაში, რომლის თანახმად, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში დე ფაქტო სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პერსონალის ხელფასი 400–500 დოლარის ფარგლებში მერყეობს. 80–120 დოლარის ფარგლებში მერყეობს მილიციის თანამშრომლების ხელფასები. რაც შეეხება სამედიცინო და განათლების სფეროში მომუშავე პერსონალს, მათი ხელფასი ბევრად მცირეა. ”რეზონანსის” თანახმად, შედარებით მაღალია იმ პენსიონერების შემოსავალი, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ მიღებული. მათი ერთი თვის პენსია 2 000 რუბლია, რაც დაახლოებით 134 ლარის ეკვივალენტია.

„რა ინტრიგა ჩააგდო სააკაშვილმა უგულავასა და ბეგაშვილს შორის?“ - კითხულობს გაზეთი „ალია“ და კითხვას შემდეგნაირად უპასუხებს: „ბეგაშვილის დამსახურებისთვის პრეზიდენტს ასე ხაზი ჯერ არ გაუსვამს - მით უმეტეს, უგულავას თანდასწრებით და, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ თბილისის მერი ერთი სიტყვითაც არ შეაქო. ძნელი სათქმელია, რა მიზანი ჰქონდა ამ შემთხვევაში სააკაშვილს – ბეგაშვილის დაწინაურებაზე მიანიშნებდა, თუ უგულავას, რომელსაც გულზე არ ეხატება ბეგაშვილი, თითი დაუქნია, წყნარად იყავიო.“
XS
SM
MD
LG