Accessibility links

logo-print

2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს რუსეთი უმასპინძლებს


2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს რუსეთის ქალაქი სოჭი უმასპინძლებს – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო 5 ივლისს, გვატემალაში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა.

სოჭმა აჯობა დანარჩენ ორ კანდიდატს - ავსტრიის ქალაქ ზალცბურგსა და სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანს. აქვე ვიტყვი, რომ ზალცბურგი კენჭისყრის პროცესს პირველსავე რაუნდში გამოეთიშა. რით დაიმსახურა რუსეთმა ასეთი პატივი? რამ მოხიბლა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და რა შანსს აძლევს ან ართმევს ყოველივე ეს საქართველოს?

გადაწყვეტილება, რომელსაც 5 ივლისს, სოჭის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი 20 ათასამდე ადამიანის ოვაციები მოჰყვა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა გამოაცხადა.

(ისმის ჟაკ როგის ხმა და შეძახილები)

ბევრისთვის კვლავაც გაუგებრად რჩება, თუ როგორ აჯობა რუსეთმა ბევრად უკეთ მომზადებულ კონკურენტებს. თუმცა მეთვალყურეები მიიჩნევენ, რომ სოჭის გამარჯვება, არც მეტი არც ნაკლები, პრეზიდენტ პუტინის პირადი წვლილის დამსახურებაა.

ვიდრე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კენჭისყრას ჩაატარებდა და გამარჯვებულის ვინაობას გამოავლენდა, გვატემალაში სპეციალურად ჩასულმა რუსეთის პრეზიდენტმა 4 ივლისს, კომიტეტის წევრთა წინაშე გამოსვლისას, ინგლისურის ცოდნასთან ერთად, მასპინძლობის დიდი სურვილისა და საკითხის ლობირების დემონსტრირება მოახერხა:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] "რუსეთის მილიონობით მოქალაქეს ოლიმპიური ოცნება აერთიანებს. ზამთრის სპორტი ძალიან პოპულარულია რუსეთში. ჩვენი სპორტსმენების ანგარიშზეა უამრავი გამარჯვება. მასშტაბურია მათი წვლილი ოლიმპიური მოძრაობის წინსვლაში, მაგრამ ჩვენ ჯერ არასოდეს გვქონია პატივი, გვემასპინძლა ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის. გარწმუნებთ, რომ სოჭის არჩევა საუკეთესო არჩევანი იქნება."

მეთვალყურეები იზიარებენ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტ პუტინის გამოსვლა მეტად შთამბეჭდავი იყო. ასევე არანაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა ზედმიწევნით ამბიციური პროექტი, რომელიც კრემლმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წარუდგინა. იმისათვის, რომ სათხილამურო კურორტი კრასნაია პოლიანა, სადაც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს, ნამდვილ სამოთხედ იქცეს, რუსეთი 11 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს. რუსეთს არნახული მასშტაბის სამუშაოების ჩატარება რომ მოუწევს, ეს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა პუტინმაც კარგად უწყის. ის სოჭის გამარჯვებას რუსეთის მზარდი ეკონომიკის და სოციალური აღმავლობის აღიარებად მიიჩნევს და "ოლიმპიურ ოცნებაში" განვითარების კიდევ უფრო ძლიერ პერსპექტივას ხედავს:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] "სოჭის არჩევა და ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება უსათუოდ იქცევა ძლიერ სტიმულად სამხრეთ რუსეთის განვითარებისთვის. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიადას ჩვენ უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ. და, რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში გადავჭრით ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემებს, როგორიც არის: გზების რეკონსტრუქცია, კავშირგაბმულობის სისტემის გაუმჯობესება, ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა... და ყოველივე ამით ისარგებლებენ ჩვენი მოქალაქეები ოლიმპიადამდეც და ოლიმპიადის ჩატარების შემდეგაც, ათეულობით წლის მანძილზე."

საქართველოში ბევრი მიიჩნევს, რომ სოჭის გამარჯვებამ, გეოგრაფიული სიახლოვის გამო, ასევე ათეულობით წლის მანძილზე წაართვა შანსი საქართველოს და კერძოდ – ბორჯომს, უმასპინძლოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს (შეგახსენებთ, რომ ბორჯომი იმ ქალაქების რიცხვში იყო, რომელთაც შეტანილი ჰქონდათ განაცხადი 2014 წლის "თეთრი ოლიმპიადის" გამართვაზე). ამ აზრს არ იზიარებს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წევრი, ჟურნალ "ოლიმპიელის" რედაქტორი პაატა ნაცვლიშვილი:

[პაატა ნაცვლიშვილის ხმა] "საქართველოს არც ისე ჰქონდა დიდი შანსი ოლიმპიადის მასპინძლობის. სოჭი გავიდოდა თუ კრასნოდარი, საქართველოსთვის ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. საქართველოს შანსი, ამ შემთხვევაში, არის მონაწილეობა ამ არჩევნებში. ისევე, როგორც პიონჩანმა, თავისი ორი დამარცხებით, მიაღწია იმას, რომ აზიაში გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამთო კურორტი და სამთო-სათხილამურო სპორტული ცენტრი, საქართველოსაც შეუძლია, რომ ამ მიზანს მიაღწიოს. და ის, რომ ოლიმპიადას საქართველო მიიღებს უახლოეს ათწლეულებში, ეს მაინც ილუზიაა. ასე რომ, აქედან გამომდინარე, ბევრი საქართველოს არ დაუკარგავს. მეორე კუთხით თუ შევხედავთ, იმ რეგიონში რუსეთს უახლოესი 7 წლის მანძილზე მშვიდობა, სიწყნარე და ნორმალური სიტუაცია სჭირდება; რაც ასევე სჭირდება საქართველოს. ამას როგორ გამოიყენებს ქართული სახელმწიფო, ამას მომავალი გვიჩვენებს. და სწორედ იმიტომ, რომ რუსეთის ოლიმპიადა სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების დონეზეა, ძალიან საინტერესო მოვლენები შეიძლება განვითარდეს უახლოესი პერიოდის განმავლობაში იმ რეგიონში, სადაც საქართველოს გარკვეული ინტერესები არის, რუსეთის გარკვეული ინტერესები არის... და ის, რომ, ვთქვათ, უახლოეს წლებში ასე გადაეჯაჭვება ერთმანეთს ეს ოლიმპიური და სახელმწიფოებრივი ინტერესები, შეიძლება საქართველოსთვის ძალიან სასარგებლოც კი აღმოჩნდეს."

იმის შესახებ, რომ, ოლიმპიადის მასპინძლობის გამო, რუსეთში, შესაძლოა, საქართველოსთვის სასარგებლო მოვლენები განვითარდეს, პოლიტოლოგებიც საუბრობენ. თუმცა არსებობს განსხვავებული აზრიც. კერძოდ ის, რომ რუსეთის პოლიტიკურ ამბიციებს სპორტი ვერ მოთოკავს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG