Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


გაზეთ ”24 საათის” მოწინავეა მარკ ჩემპიონის სტატია „ რუსულ–ქართული უთანხმოება“,

რომელიც 11 მარტს ზემო აფხაზეთის დაბომბვის ფაქტს ეხება. სტატიაში ნათქვამია, რომ The Wall Sreet Journal-ს საშუალება ჰქონდა ეხილა გაეროს ანგარიშის წინასწარი ვერსია, სადაც ნათქვამია, რომ ქართული მხარე რუსეთის ფედერაციას სამხედრო პროვოკაციაში ადანაშაულებს. პროვოკაცია კი საქართველოს დაშინებისა და პროვოცირებისაკენ იყო მიმართული: „ იმ შემთხვევაში, თუ თავდასხმის ოპერაციაში რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა საბოლოოდ დადასტურდა, ეს იქნება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეზობელ სახელმწიფოზე განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა.“ The Wall Street Yournal-ი შენიშნავს, რომ ორი ქვეყნის დაძაბული ურთიერთობა, ძირითადად, გამოწვეულია საქართველოს გეგმებით, შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას და აღადგინოს საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

„რა ხდება ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში? – ფულს იარაღიან ხელში არავინ დებს“ - პუბლიკაციაში, რომელსაც გაზეთი „ახალი 7 დღე“ აქვეყნებს, ნათქვამია, რომ კონფლიქტის ზონაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოზიციური, დისტანციური, სასინჯი სროლები მიმდინარეობს. კოკოითი პროტესტს აცხადებს და იმუქრება, საქართველოს ხელისუფლება კი ანტიკორუფციული კამპანიითაა დაკავებული და ცხინვალის განგაშისა არ ესმის: „ყველაზე საეჭვოდ რუსები დუმან. რისი მაუწყებელია ეს დუმილი, ჯერჯერობით ძნელი გასარკვევია. ერთი რამ კი ცხადია, ის ვინც ცხინვალში ახალი დაპირისპირების ავტორად გამოცხადდება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ქართული მხარე, რომელსაც კონფლიქტის ზონაში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისათვის მსოფლიოს დონორი ორგანიზაციები 8 მილიონ-ნახევარ ამერიკულ დოლარს გადასცემენ. ფულს კი იარაღიან ხელში არავინ დებს.“

გაზეთი „ხალი თაობა“ კი რუსეთის სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორის სერგეი ოზნობიშჩევის მოსაზრებას აქვეყებს. ამ მოსაზრების თანახმად, სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებამ, შესაძლოა, სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს, ანუ მოსალოდნელია, რომ რუსეთმა ოლიმპიადის წინ აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი საქართველოს ჩაააბაროს. ექსპერტის აზრით, ოლიმპიადის გამო რუსეთისათვის აუცილებელია საქართველოსთან ცივი ომის დამთავრება და თბილისთან ურთიერთობის ნორმალიზაცია. ოზნობიშჩევის აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის ჩაბარების ალბათობა 50 პროცენტზე მეტია.

დარწმუნებული ვარ, რომ ხევიაშვილი მომავალი პატიმარია. - განცხადებას ამის თაობაზე გაზეთ „რეზონანსის“ ფურცლებზე პოლიტიკური მოძრაობა „ჩვენ თვითონ“–ის ლიდერი პაატა დავითაია აკეთებს. მისი შეფასებით, მინისტრ გია ხევიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დევნილთა მიმართ არაჰუმანური მოპყრობის გამო დადგება: „ არც ერთი მინისტრის პერიოდში არ იყო ასეთი მიდგომა. აგრესია დევნილების მიმართ ხევიაშვილის მოსვლის შემდეგ გაჩნდა. მინისტრი ზის სხვა შენობაში და სამინისტრო არის სხვა შენობაში. მიღების საათები არა აქვს და რაზეა საუბარი. არანაირი პიროვნული დაპირისპირება ხევიაშვილთან არა მაქვს, მაგრამ შემიძლია დავპირდე, რომ ამ საკითხს არ მოვეშვები და რასაც ვლაპარაკობ, იმას ვაკეთებ. მაქსიმალურად შევეცდები, რომ მინისტრი და მისი მოადგილეები, რომლებიც მორალურად ამცირებენ დევნილებს და ეუბნებიან, კარგი ქნეს, რომ გამოგყარესო, პასუხისმგებლობას არ გაექცნენ“, - უთხრა პაატა დავითაიამ გაზეთ „რეზონანსს.“




XS
SM
MD
LG