Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შეჩერდა საქართველოში ინტერნეტის 15 ლარით გაძვირება


თბილისში ინტერნეტის მომხმარებელთა თითქმის 80 პროცენტი,

ასიათასობით მოქალაქე, ამ დღეებში ავტომატურმა სატელეფონო ზარმა შეაწუხა, რომელიც ინტერნეტით სარგებლობისთვის ყოველთვიურად დამატებით 15 ლარის გადახდის აუცილებლობას იუწყებოდა. დამატებით გადასახადს სატელეფონო კომპანია ”გაერთიანებული ტელეკომი”, ძველი ”ელექტროკავშირი”, მოითხოვდა. ეს მოთხოვნა მომხმარებელთა და ინტერნეტის მომწოდებელ კომპანიათა საპროტესტო მოძრაობის მიზეზად იქცა, რის შედეგადაც ინტერნეტის 15 ლარით გაძვირება დროებით შეჩერდა. რა გახდა იმ ტექნოლოგიის გაძვირების მიზეზი საქართველოში, რომელიც მთელ მსოფლიოში სულ უფრო იაფდება?

ამ რამდენიმე დღის წინ ქართულენოვან ვებსაიტებზე გაჩნდა საგზაო ნიშნის მსგავსი ბანერი, რომელზეც წითლადაა გადახაზული რიცხვი 15. ეს იმ ინტერნეტაქციის ემბლემაა, რომელმაც 15 ლარიანი დამატებითი გადასახადის წინააღმდეგ ინტერნეტის უამრავი მომხმარებელი გააერთიანა. ვებსაიტის შექმნასა და იქ კომენტარების გაკეთებასთან ერთად ინტერნეტაქციის მონაწილეებმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს და სასამართლოში მისვლაც გადაწყვიტეს. ამ აქციის დაწყებიდან მეხუთე დღეს, 5 ივლისს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ დაუშვებელია ინტერნეტის მომხმარებელთათვის დამატებითი გადასახადის დაწესება:

[გიორგი არველაძის ხმა] "ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რომელიღაც კომპანიამ - ამ შემთხვევაში ”ელექტროკავშირი” იქნება ეს თუ რომელიმე სხვა - ინტერნეტის მომხმარებელზე დამატებითი უკანონო გადასახადები დააწესოს.”

გიორგი არველაძის ამ განცხადების შემდეგ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია შეიკრიბა, რომელიც აქამდე შექმნილ ვითარებაში არ ერეოდა. 5 ივლისს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გამოაცხადა, რომ ”გაერთიანებული ტელეკომის” - ძველი ”ელექტროკავშირის” - მიერ ”კაუკასუს ონლაინის” ინტერნეტმომსახურებისთვის აბონენტებზე 15 ლარის გადასახადის დაკისრება უკანონოა. სწორედ ”კაუკასუს ონლაინის” ინტერნეტით სარგებლობს თბილისის ინტერნეტმომხმარებელთა თითქმის 90 პროცენტი. კომისიის წარმომადგენლის, გელა ბუთბაიას, განმარტება:

[გელა ბუთბაიას ხმა] ”თუ ”გაერთიანებულ ტელეკომს” თვითონ უნდა მიაწოდოს ინტერნეტი, კი ბატონო, ინტერნეტის მომსახურების ტარიფში შეიტანს ამ რესურსის საფასურს, თუ სხვა ოპერატორს აძლევს, იმასაც ამავე ტარიფით შესთავაზებს, მაგრამ აბონენტს სხვა ინტერნეტპროვაიდერების მიერ მიწოდებულ ინტერნეტზე კიდევ დამატებით 15 ლარი გამოართვას, ეს არაკანონიერია.”

კომისიის ასეთ დასკვნას დაეთანხმა ”გაერთიანებული ტელეკომიც”, რომელიც ინტერნეტის მომხმარებლებს, რიგით მოქალაქეებს ინტერნეტპროვაიდერ ”კაუკასუს ონლაინისთვის” იჯარით გაცემული საკაბელო არხების მომსახურების გადასახადს აკისრებდა. ”გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენლის, ივა მარტიაშვილის, კომენტარი:

[ივა მარტიაშვილის ხმა] ”მივედით საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ ამ 15 ლარს აბონენტს აღარ გამოვართმევთ და მარეგულირებელი კომისია დაადგენს ახალ ზღვრულ ტარიფს, რომელსაც ყველა ინტერნეტპროვაიდერი გადაიხდის.”

”კაუკასუს ონლაინის” მენეჯერს მამია სანადირაძესაც მოვუსმინოთ:

[მამია სანადირაძის ხმა] ”155 ლარი 1 კილომეტრი კაბელის მილში მოთავსებისთვის არის ძალიან ძვირი. ყაზახეთში, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ, ეს მომსახურება 1 ლარი ღირს.”

კომისიის სხდომაზე დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ ”კაუკასუს ონლაინისთვის” გაწეული მომსახურება დაითვლება და, მხარეთა მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებების საფუძველზე, მარეგულირებელი კომისია მომავალ პარასკევს ზღვრულ ტარიფს განსაზღვრავს. ამ თანხის გადახდა მხოლოდ ინტერნეტის მომწოდებელ კომპანიებს მოუწევთ, რომლებიც მოცემული მომენტისთვის ერთი აბონენტის სანაცვლოდ 10 ლარს იხდიან. არაა გამორიცხული ამ თანხის გაზრდამ ინტერნეტის სამომხმარებლო ფასის გაზრდაც გამოიწვიოს.


XS
SM
MD
LG