Accessibility links

თურქმენეთში მდებარე ძველი და შუა საუკუნეების ქალაქი ნისა იუნესკოს მფარველობის ქვეშაა


უნესკომ ივნისში ეგრეთ წოდებული “მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში







რომელიც კულტურისა და ბუნების განსაკუთრებულ ობიექტებს შეიცავს, შეიტანა დღევანდელი თურქმენეთის ტერიტორიაზე მდებარე პართელების სიმაგრე ნისა. ნისა მოხვდა სიაში, რომელშიც მსოფლიოს 140 ქვეყანაში მდებარე 660 ძეგლი და ძეგლების ჯგუფია მოხვედრილი.
ნისის ნანგრევები თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადის ჩრდილოეთით 18 კილომეტრში მდებარეობს. ახლა გარშემო უდაბნოა, ადრე კი - ქრისტემდე მესამე საუკუნიდან მოყოლებული, ლამის ექვსასი წელიწადი - ის მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე მდებარეობდა და, ვიდრე მეზობელი მოძლიერებული სახელმწიფოები მის დაცემას არ გამოიწვევდნენ, ყვაოდა და თავის დიდებას ზეიმობდა. ადრე ნისა შედგებოდა საკუთრივ ქალაქისა და გამაგრებული სამეფო რეზიდენციისგან. პართიის სამეფოს ისტორიისა და კულტურის შესახებ არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი არაერთი ნივთი იუწყება. ცნობილია, რომ ამ ქალაქის მკვიდრნი ღვინოს სვამდნენ, რაც გათხრების დროს აღმოჩენილი ღვინის დოქებითა და ბერძნული ანბანის გამოყენებით პართიულ ენაზე შედგენილი იმ დოკუმენტებით დასტურდება, რომლებშიც მეღვინეობის პროდუქციაა აღრიცხული.
დღეს ნისა ნანგრევებია. იუნესკოს სიაში მისი შეტანის საფუძველზე ლაპარაკობს იუნესკოს მსოფლიო საგანძურის აზიისა და წყნარი ოკეანის სექციის ხელმძღვანელი ფრენსის ჩილდი:

(ჩილდის ხმა)
“მას დიდი ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობა აქვს. პართიის სამეფო ერთი-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ცივილიზაცია იყო ანტიკურ სამყაროში. საკუთრივ ნისა ქრისტემდე მესამე საუკუნიდან ექვსი საუკუნის მანძილზე არსებობდა. ის რომის მეტოქე იყო. პართია იყო შუა აზიაში ერთ- ერთი ყველაზე დიდი ცივილიზაცია, რომლის გავლენა არა მხოლოდ დასავლეთსა და აღმოსავლეთში, არამედ ჩრდილოეთსა და სამხრეთშიც ვრცელდებოდა.”

ნისის არქიტექტურა, შესაბამისად, მრავალფეროვანია. ფრენსის ჩილდი ამბობს, რომ მშრალმა ჰავამ ძეგლი გადაარჩინა -სიძველის მიუხედავად, ის კარგად არის შენარჩუნებული, რამაც ასევე განაპირობა ძეგლის საგანძურთა სიაში შეტანა.

(ჩილდის ხმა)
“უცვლელობა და ავთენტურობა საკუთრივ ძეგლისა, ასევე გარშემო ლანდშაფტისა, მისი კონსერვაცია და სხვა არაერთი ფაქტორი იმის საფუძველს იძლევა, რომ ის განსაკუთრებულ ობიექტად მივიჩნიოთ არა მხოლოდ შუა აზიის, არამედ მთელი მსოფლიოს საგანძურში.”

ნისაში არქეოლოგიური გათხრები საბჭოთა მეცნიერებმა ჩაატარეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. სერიოზული კვლევითი სამუშაოები ჩატარდა 1990 წლის შემდეგ, როცა იტალიის ტურინის უნივერსიტეტიდან იქ მეცნიერთა ჯგუფი ჩავიდა.
ფაქტი, რომ იუნესკოს მიერ იქნა ძეგლი აღიარებული, იმ მხრივაცაა სასარგებლო, რომ შეწყდება ძეგლის ძარცვა, როგორც ეს ჩინეთის დიდი კედლის შემთხვევაში მოხდა. ნისის შემოგარენში მცხოვრებნი ძეგლს სამშენებლო მასალის მზა საწყობად მიიჩნევდნენ და ქვებს საშენ მასალად იყენებდნენ.
ფრენსის ჩილდი იმ სარგებლობაზე ლაპარაკობს, რაც იუნესკოს სიაში ობიექტის მოხვედრას მოჰყვება:
(ჩილდის ხმა) “როცა ძეგლი მსოფლიოს საგანძურის სიაში ხვდება, მთავრობას შეუძლია დახმარება ითხოვოს მის კონსერვაციაში, საორგანიზაციო სტრუქტურის შექმნასა და განვითარებაში, ასევე ადგილობრივი კადრების მომზადებაში საქმის დამოუკიდებლად გასაძღოლად. ჩვენ ვაწყობთ ხოლმე რეგიონალურ და საერთაშორისო სემინარებს; გვაქვს მუდმივი კავშირი ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე ობიექტის მცოდნე ექსპერტებთან და ეს მსოფლიოს საგანძურის ცენტრის ფუნქციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.”

ამ და სხვა სიკეთის აზრიანად გამოყენება ნისის პატრონებს საშუალებას მისცემს მიხედონ ძეგლს, რომელმაც თავისი ბოლო სიდიადე მე-11- მე-12 საუკუნეებში ნახა, როცა ის ხორასნის ცენტრად იქცა და შემდეგ, მე-14 საუკუნეში, დაეცა საბოლოოდ.
XS
SM
MD
LG