Accessibility links

ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


მიმდინარე კვირა საქართველოს პარლამენტმა საგანგებო სესიაზე კანონების ბითუმად მიღებით აღნიშნა. "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების" შესახებ კანონპროექტს უკვე კანონის ძალა მიეცა.

კანონი ინდუსტრიული ზონების შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პირობებს ითვალისწინებს. კანონის თანახმად, ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, განსაზღვრული საზღვრებით და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის ნაირსახეობაა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები და მასზე ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია არ ვრცელდება. ამასთან, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ლარი არ იქნება ერთადერთი საგადამხდელო საშუალება. ეს რეალობა საქართველოს წინაშე უკვე 2008 წლიდან შეიძლება დადგეს.

პარლამენტისვე გადაწყვეტილებით, 21 წლამდე ახალგაზრდებს კაზინოში, ხოლო 18 წლამდე ახალგაზრდებს ტოტალიზატორებსა და სხვა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ეკრძალებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშის ორგანიზატორი 1000 ლარით დაჯარიმდება.
ცვლილება შევიდა "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონშიც, რომელიც სათამაშო აპარატების სალონებში და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟების, სალარო აპარატების ჯავშნიანი ფანჯრითა და დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით აღჭურვის მოთხოვნებს ითვალისწინებს. მიმდინარე კვირას საქართველოს ენერგოსისტემაში მასშტაბური ავარია მოხდა. ქართლი-2-ისა და კავკასიონის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების სისტემიდან ამოვარდნამ მთელი აღმოსავლეთ საქართველო წყვდიადში ჩაძირა, თუმცა ავარიის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა. ამის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა ძალიან საინტერესო განცხადებაც გააკეთა: გაირკვა, რომ პიკის საათებში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში დაახლოებით 450 მეგავატს შეადგენს. მსგავსი რამ პირველად ხდება, როცა ჩვენ ვაწვდით სამ მეზობელს ელექტროენერგიას, მათ შორის, რუსეთსაც. შესაბამისად, დღესდღეობით საქართველო რეგიონში ელექტროენერგიის მთავარ საექსპორტო ქვეყანას წარმოადგენს.

საქართველოდან რუსეთში ელექტროენერგიის იმპორტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 200 მეგავატი ელექტროენერგია რუსეთს "კავკასიონის" ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით მიეწოდება.
ელექტროენერგიის გაცვლას საქართველოს მთავრობას და "ინტერ რაო ეეს"-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს. რუსეთის გარდა, საქართველო ელექტროენერგიას აზერბაიჯანსა და თურქეთსაც აწვდის.

ჩეხური "ენერგო-პრო" კი საქართველოში 100 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ახალ ჰესს ან ჰესებს ააშენებს. მას დაგეგმილი აქვს საქართველოს ენერგოსექტორში რეაბილიტაციის პროგრამა განახორციელოს. კომპანია 100 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას დისტრიბუციის ქსელების რეაბილიტაციას მოახმარს. 85 მლნ აშშ დოლარი კი, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, ჰესების რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება. გარდა ამისა, მათი ვალდებულებები საქართველოს ენერგოდისტრიბუციაში ყოველწლიურად 15 მლნ დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს.
გასულ კვირას შუქის მასშტაბურმა გამორთვამ ინტერნეტით სარგებლობაც გაართულა. თუმცა ამის მიზეზი მარტო დენის გადამცემ ხაზებზე მომხდარი ავარია არ ყოფილა.

"კაუკასუს ონლაინმა" "გაერთიანებული ტელეკომის" აბონენტებს ლოკალური ინტერნეტ-გვერდები ჩაუკეტა. სამი დღის განმავლობაში "გაერთიანებული ტელეკომის" არც ერთ აბონენტს ლოკალურ ინტერნეტ-გვერდებზე შესვლა არ შეეძლო. მათ შორის დაბლოკილი იყო ისეთი ორგანიზაციების ვებ-გვერდები, როგორიცაა თავდაცვის სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ტურიზმის დეპარტამენტი და უამრავი სხვა, კერძო თუ სამთავრობო, სტრუქტურა.
ასეთი აღმოჩნდა საპასუხო ნაბიჯი: "კაუკასუს ონლაინმა" საიტების დაკეტვა მას მერე გადაწყვიტა, რაც "საქართველოს გაერთიანებულმა ტელეკომმა" აბონენტებს ინტერნეტით სარგებლობისთვის 15 ლარიანი გადასახადი დაუწესა.

ამ ისტორიაში სხვასთან ერთად საგულისხმო ის არის, რომ დაპირისპირებულ მხარეებს საქართველოს მთავრობის წევრები გამოესარჩლნენ: `კაუკასუს ონლაინს~ ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე, `გაერთიანებულ ტელეკომს~ _ სახელმწიფო მინისტრი რეფომების საკითხებში კახა ბენდუქიძე. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ეს 15-ლარიანი გადასახადი გაუქმდება და მხარეები მოლაპარაკებას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მეთვალყურეობით გააგრძელებენ.

რაც შეეხება სატრანსპორტო კომუნიკაციას, აქ ნანატრი და ანონსირებული მოვლენა არ შედგა: რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერაც არ არის. ავიაკომპანია "აირზენას" მიერ მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისების განახლების შესახებ სამი უწყება - რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსეთის აერონავიგაცია - უახლოეს დღეებში იმსჯელებს. თუ `აირზენამ~ ნებართვა მიიღო, რეისები 31 აგვისტოს ჩათვლით, სავარაუდოდ, კვირაში სამჯერ შესრულდება.
საინტერესო სიახლე გამოიკვეთა მიმდინარე კვირას ჯანდაცვის სისტემაშიც: წამლის სააგენტომ გადაწყვიტა, რომ საქართველოში მოქმედი 65 ფარმაკოლოგიური საწარმოდან უმეტესობას, არადამაკმაყოფილებელი პირობების გამო, ლიცენზია შეუჩერდეს.
საქართველო მომავალი წლიდან საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, თორემ მწარმოებლებს პროდუქციის წარმოების უფლება შეუჩერდებათ. თუმცა რატომ უყურებდა სააგენტო ასე მშვიდად არაკონდიცირებული წამლების წარმოებას ამდენი ხნის განმავლობაში, ეს საიდუმლოდ დარჩა.

ისევე, როგორც საიდუმლოდ რჩება, საიდან შემოვიდა და რას გვიქადის ღორის ჭირის კვლავაც დაუცხრომელი მასშტაბები. აქამდე ცნობილ რაიონებს, სადაც ამ დაავადებამ ათასობით სული პირუტყვი უკვე დახოცა, სამტრედიის რაიონიც მიემატა. სოფელ მელაურში ღორები მასობრივად დაიხოცა. მელაურის მცხოვრებლებს ბოლო დღეების განმავლობაში ღორები სისტემატურად ეხოცებათ. ვეტერინარებმა დაასკვნეს, რომ შინაურ ცხოველებს მონტგომერის დაავადება აქვთ და გადარჩენა შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ ამ სოფელში ღორების დაცემის ფაქტები ივნისის დასაწყისშიც დაფიქსირდა, მაგრამ მერე თითქოს იკლო. თუმცა ამჟამად კვლავინდებურად ახალი ძალით იფეთქა.

დაღუპული ღორებისგან სოფელში მასობრივი ინფექციები რომ არ გავრცელდეს, მოსახლეობა ღორებს ღრმა ორმოებში თავადვე მარხავს. ღორის აფრიკული ცხელების, ე.წ. მონტგომერის დაავადების, შემთხვევები თეთრიწყაროს რაიონშიც ფიქსირდება. ამ დროისთვის დაავადების შედეგად დაცემული ღორების რაოდენობამ 400-ს მიაღწია. რაიონის ტერიტორიაზე გაკეთებულია 22 სამარხი, სადაც მკვდარი ღორების ჩამარხვა ხდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაავადების კერების სხვა რეგიონებში კვლავ გაჩენასაც ვერ გამორიცხავენ. Mმოსახლეობა მკაცრად არის გაფრთხილებული, რომ ღორები სამარხებში დაკრძალონ და წყალში არ გადაყარონ. მით უფრო, რომ წყალს ოქროს ფასი ჩვენს თვალწინ ედება და მეპატრონეებიც სულ უფრო მეტად უჩნდება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გამართულ აუქციონზე უწერის მინერალური წყლის საბადოზე წყლის მოპოვების უფლება 11 000 დოლარად გაიყიდა.
ეს იყო რიგით მეოთხე ობიექტი, რომელიც გასაყიდად იმ პროექტის ფარგლებში გამოიტანეს, რომელსაც "დააბანდე წიაღისეულში" ეწოდება. თუმცა მსურველებს განსაკუთრებით არ შეუწუხებიათ თავი. აუქციონში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებულადაც სწორედ ის _ შპს "ახალი სამშენებლო ტექნოლოგიები" - გამოცხადდა. მართალია, სახელწოდება მინერალურ წყლებთან სიახლოვეზე არ მიანიშნებს, მაგრამ კონკურენტების უყოლობის გამო უწერის წყლის ჩამოსხმის უფლება 20 წლის განმავლობაში სწორედ მის ხელში იქნება.
XS
SM
MD
LG