Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული საფეხბურთო კლუბები ევროთასებზე


გიორგი ჭანიშვილი, თბილისი ფეხბურთში ევროპის სხვადასხვა საკლუბო

ტურნირებზე სათამაშოდ წელს საქართველოს 4 საუკეთესო გუნდი გაემზადა: ჩემპიონი "ოლიმპი", ვიცე-ჩემპიონი "დინამო", თასის მფლობელი "ამერი" და თასის ფინალისტი და მეოთხეადგილოსანი "ზესტაფონი". პირველ სამეულს ევრობატალიები ჯერ კიდევ წინ ელის, "ზესტაფონმა" კი საკლუბო ტურნირებიდან დონით ყველაზე სუსტ "ინტერტოტოს" თასზე უკვე ითამაშა და ყაზახეთის "ტობოლთან" დამარცხდა.

ამ ცოტა ხნის წინ, აი მაშინ, ქართველი ფეხბურთელების ყოველწლიურ დაჯილდოება "დია 2007"-ზე რომ გვქონდა სიუჟეტი, ბოლოში ვთქვით, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ზაფხულში ქართული გუნდების მთავარი საზრუნავი ევროტურნირები და საქართველოს ახალი ჩემპიონატი იქნებაო. ეროვნული ჩემპიონატი ივლისის ბოლოს დაიწყება, მანამდე კი ჩვენი გუნდები ევროთასებზე ითამაშებენ და დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბროთ.

წელს ევროარენაზე ერთი ქართული გუნდი უკვე გაიჭრა, მაგრამ ისეთ მეტოქესთან წააგო, რომ მეტი არ იქნება. "ზესტაფონს" ვგულისხმობთ, რომელმაც საკლუბო ტურნირებიდან ყველაზე ნაკლებადპრესტიჟულ "ინტერტოტოს" თასზე ყაზახური გუნდის, "ტობოლის", ბარიერი ვერ გადალახა.

"ზესტაფონი" ცუდი გუნდი ნამდვილად არ არის, გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც საქართველოს ეროვნულ და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ნაკრებებში ხვდებიან.

ვინ ჩამოვთვალოთ? თუნდაც მეკარე გრიგოლ ჭანტურია, მცველი - გიორგი ხიდეშელი, ნახევარმცველი - ალექსი ბენაშვილი, თავდამსხმელები - ბექა გოცირიძე, ზურაბ იონანიძე. მწვრთნელიც საკმაოდ გამოცდილია, თემურ მახარაძე.

მოკლედ, ასეთ გუნდს "ინტერტოტოს" თასზე ერთი ბარიერი მაინც უნდა გადაელახა, მაგრამ გამოძვრა ქალაქ კუშტანაის "ტობოლი" და კუშტანაიში "ზესტაფონი" 3:0 დაამარცხა, საპასუხო მატჩში კი მეტოქის მოედანზე საჭირო ანგარიშით 0:2 წააგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

უნდა ითქვას, რომ "ზესტაფონს" ყაზახეთში გამგზავრების წინ დიდი პრობლემები შეექმნა. გუნდის შიდა სამზარეულოში რაღაც აირია, რის გამოც "ტობოლთან" რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა არ ითამაშა - მათ შორის, საუკეთესო ბომბარდირმა ზურაბ იონანიძემ.

ამას ერთ-ერთი ქართული ავიაკომპანიის ხარვეზიც დაემატა. გუნდი ერთი დღით ადრე გაემზადა ყაზახეთში გასამგზავრებლად, ფეხბურთელები დროულად რომ ჩასულიყვნენ, აკლიმატიზაცია გაევლოთ, კარგადაც გამოეძინათ და მეორე დღისათვის ძალები აღედგინათ, მაგრამ გამოძინებას ვინღა ჩივის, ყაზახეთში ჩარტერულმა რეისმა მთელი 15 საათით დაიგვიანა და, შეიძლება ითქვას, კუშტანაის აეროპორტიდან გუნდმა ძლივს მოასწრო მისვლა სტადიონამდე, სადაც 0:3 დამარცხდა.

საპასუხო შეხვედრაში, რომელიც, ზესტაფონის ნაცვლად, თბილისში გაიმართა, ზესტაფონელებს მინიმუმ სამი გოლის გატანა სჭირდებოდათ, თუმცა მხოლოდ ორი შეაგდეს და კუშტანაიდან ჩამოსული დროშებით, დოლებით, საყვირებითა და გუნდის სიმბოლოებიანი მაისურებით შეიარაღებული 30-მდე გულშემატკივარი მათ გუნდთან ერთად ყაზახეთში მშვენიერ ხასიათზე გაისტუმრეს.

ეს მატჩი 30 ივნისს ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, გაიმართა. გასვლაზე 0:3 მარცხმა ქართველი ქომაგი კი გაანერვიულა, მაგრამ სტადიონზე გულშემატკივრობა მაინც გაჩაღდა. თან, ზესტაფონელებმა ედიკ საჯაიამ და გაგა ჩხეტიანმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანეს და მატჩს ინტრიგაც გაუჩნდა. მეორე ტაიმში "ზესტაფონი" უკანმოუხედავად უტევდა, ტრიბუნაზე კი ასეთი ამბები ტრიალებდა:

[ზესტაფონის გულშემატკივრების ხმა]

სამწუხაროდ, მესამე ბურთი აღარ გავიდა და "ტობოლის" ფანებსაც მეტი რა უნდოდათ, დროშებს აფრიალებდნენ, მღეროდნენ, შემდეგ ყიჟინა დასცეს – ორი მატჩის ჯამში თამაშსაც ვიგებთ და მუსიკასაც ჩვენ ვუკვეთთო. ესეც ყაზახური გულშემატკივრობის ნაწყვეტი მიხეილ მესხის სტადიონიდან:

[ყაზახი გულშემატკივრების ხმა]

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი საინტერესო დეტალი ყაზახი ჟურნალისტების რაოდენობა იყო. ჩვენი კოლეგები იმდენნი იყვნენ, რომ ერთმანეთს კითხვის დასმას აღარ აცლიდნენ – სამი სხვადასხვა არხის ტელეკამერა მუშაობდა და ათამდე ჟურნალისტიც აქტიურად ფუსფუსებდა. ამ ყოველივეს, საერთო შედეგისა და პრესკონფერენციაზე მყოფი ორიოდ ქართული გაზეთისა და თითო ტელე და რადიოჟურნალისტის ფონზე, "ტობოლი" "ზესტაფონზე" თითქოს კიდევ ერთი თავით უფრო მაგარი გამოჩნდა.

რაც შეეხება კომენტარებს, ზესტაფონელთა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ თავისი გუნდის წაგების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მეტოქის 14-მილიონიანი ბიუჯეტი დაასახელა:

[თემურ მახარაძის ხმა] "მე არ მინდა მიზეზებზე ვილაპარაკო - იქ რატომ წავაგეთ 3:0, მაგრამ იყო აქ სუბიექტური, ობიექტური მიზეზები და ერთი რამ მინდა დავამატო, რომ ეს "ტობოლი" კარგი გუნდია, დიდი ბიუჯეტი აქვს, 14-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს. ამ გუნდთან ასე თამაში, რომ იტყვიან ტოლზე, ადვილი არ არის. ძალიან სხვადასხვა წონაში ვიყავით ჩვენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართული ფეხბურთი არ მომკვდარა და არც მოკვდება." (სტილი დაცულია)

არა, ქართული ფეხბურთი არ მოკვდება. უბრალოდ, ძალიან გულსატკენია, როდესაც ხედავ, რომ საქართველოს ერთ-ერთი კარგი გუნდი ყაზახეთის კუშტანაის "ტობოლთან" მარცხდება და თან ისე, რომ მთავარი მწვრთნელი პირდაპირ აღიარებს - ჩვენ და ყაზახები სხვადასხვა ზომა-წონისანი ვართო. მოკლედ, როგორც სპორტულმა გაზეთმა “სარბიელმა” დაწერა – შენ კუშტანაი ეძახე და... აზრი თავად დაასრულეთ.

ეს ზესტაფონის ამბები, ახლა კი სხვა ქართულ გუნდებზე ვთქვათ. წელს ევროთასებზე საქართველოს კიდევ სამი კლუბი ითამაშებს: ქვეყნის ჩემპიონი რუსთავის "ოლიმპი" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის "ასტანას" შეხვდება (ყაზახები, როგორც ხედავთ, აქაც შეგვხვდნენ); ვიცე-ჩემპიონი თბილისის "დინამო" უეფას თასზე ითამაშებს ლიხტენშტაინის "ვადუცის" წინააღმდეგ; თბილისის "ამერი" კი, ასევე უეფას თასზე, პოლონეთის "ბელხატუვს" შეხვდება.

აი, "ამერს" კი, ალბათ, ყველაზე მეტად გაუჭირდება. პოლონური "ბელხატუვი" ახალგაზრდა გუნდია, მაგრამ საკმაოდ კერკეტიც. გასულ სეზონზე ბელხატუველები მთელი წელი ლიდერობდნენ პოლონეთის ჩემპიონატს, მაგრამ ბოლო ტურებში ვეღარ ივარგეს და, საბოლოოდ, მეორე ადგილზე გავიდნენ, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არაა. "ამერიც" ახალგაზრდა გუნდია, სულ რაღაც 5 წლისაა, თუმცა უკვე ტიტულებითაც იწონებს თავს – საქართველოს თასის ორგზის მფლობელია, ერთხელ სუპერთასიც მოიგო და, საერთოდ, კარგი გუნდია, თანამედროვე და, აი, ისეთი, ქომაგის გულის გახარება რომ შეუძლია.

"ამერის" პრეზიდენტ ზურაბ ფოცხვერიას თქმით, ქართველების მთავარი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლაა:

[ზურაბ ფოცხვერიას ხმა] "რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგეს, ვიცით, რომ პოლონეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და ეს უკვე მრავლისმეტყველია თავისთავად, ვინაიდან პოლონეთის ფეხბურთი საკმაოდ კარგ დონეზეა და პოლონეთის ჩემპიონატიც საკმაოდ სერიოზული ტურნირია. ჩვენ ველით, რომ ეს იქნება საკმაოდ კვალიფიციური ევროპული ყაიდის გუნდი და ვემზადებით იმისათვის, რომ დავამარცხოთ ეს გუნდი და გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. არც ერთი სხვა შედეგი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ იქნება."

დაბოლოს, თარიღებზეც. რუსთავის "ოლიმპი" ყაზახეთის "ასტანას" რუსთავში 17 ივლისს შეხვდება. მატჩი 18:15 წუთზე დაიწყება. 19 ივლისს ითამაშებენ "დინამო" და "ამერი", ოღონდ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას. "დინამო" ლიხტენშტეინის "ვადუცს" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათიდან უმასპინძლებს, "ამერს" კი პირველი მატჩი პოლონეთში აქვს ჩვენი დროით 22:45 წუთზე. საპასუხო შეხვედრები 24-25 ივლისს და 2 აგვისტოს გაიმართება.
XS
SM
MD
LG