Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მიმოხილვა


ამ კვირაში კვლავ აქტუალობა შეიძინა თემამ,

თუ ვინ რას მიიჩნევს შოუდ და ვის რა მეთოდებით სურს ქვეყანაში პოლიტიკური სანახაობების წინააღმდეგ ბრძოლა. ამ შინაარსის კამათში, რომელიც კვლავ სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარეობდა, ერთგვარ სიახლედ შიშის კიდევ ერთი გამოვლინებისა და დაპატიმრების ახალი ფორმის დაკონკრეტება იქცა.

გაირკვა ისიც, რომ ქვეყანაში კორუფციის ამჟამინდელ მასშტაბს არაერთგვაროვნად თავად ხელისუფლების წარმომადგენლები აფასებენ. მინდა ამ შინაარსის დისკუსიის ზოგიერთი დეტალი შეგახსენოთ.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებების ახალ ეტაპს სათავე ამ კვირის ორშაბათს ქუთაისში განვითარებულმა მოვლენებმა დაუდო. საბიუჯეტო თანხის მითვისებაში ეჭვმიტანილი 24 ადამიანი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქუთაისის მერიის ალყაშემორტყმული შენობიდან გამოიყვანეს და მიზეზი ტელეკამერების წინ განმარტეს:

[სოსო თოფურიძის ხმა] ,,აი, ამ ხალხმა, ვისაც ჩვენ ახლა ვაკავებთ, საქართველოს მოჰპარეს 600 ათასი ლარი. მაგრამ დღეს ეს ფული უკვე ხალხთან არის და ამ ფულით დარიგდება პენსიები.” (სტილი დაცულია)

ხალხთან დაბრუნებული ფულის პენსიად გარდაქმნის განცხადების ავტორი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე სოსო თოფურიძეა. ცნობისათვის: მისი ხელმძვანელობით ქუთაისში დაპატიმრებული ჩინოვნიკების მიერ მითვისებულად გამოცხადებული თანხა არა პენსიის, არამედ სახლების გადახურვისთვის იყო განკუთვნილი. ეს ამ კვირაში ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ბურჯანაძემაც დაადასტურა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,გუშინწინ ვიყავი ქუთაისში - წინა კვირას, უფრო სწორად - და მქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა და როგორი აცრემლებული თვალებით მითხრეს, რომ კი გვინდაო, რომ დაგიჯეროთო, მაგრამ გვიჭირსო, იმიტომ რომ შარშან გადაგვიხურესო სახლებიო და თითქოს რაღაცა შევალამაზეთ სახლში, მაგრამ ისევ წყალი ჩამოგვივიდაო.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც აღიარა, რომ ეჭვმიტანილთა დაპატიმრების ფორმით არ აღფრთოვანებულა, თუმცა დასძინა, რომ ჩინოვნიკებში მოპარვის სურვილის სამუდამოდ გასაქრობად, ფორმაზე, შესაძლოა, აღარც იკამათო. რაც შეეხება ვერსიას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა რამდენიმე დღით ადრე დააკავა და ორშაბათს მხოლოდ საჩვენებელი გამოსვლა მოაწყო, პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც თავად განაცხადა, ამ საკითხის გარკვევას აპირებს. ოპოზიციის ინფორმაციით, წინასწარ დაკავებული 5 პირის გვარები ბურჯანაძეს მემარჯვენეებმა გადასცეს. სწორედ მათი ფრაქციის განცხადება იქცა ამ კვირაში იმის საფუძვლად, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კორუფციასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე დავა განაახლეს. დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ შიშის რამდენიმე ფორმას ამ კვირაში ახალი დაამატა:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ,,ეს არის თათბირებზე დაპატიმრებების შიში. უკვე მერამდენედ, სრულიად უცნაურ გარემოებაში, ტელევიზიების თანხლებით, სრულიად კომიკური პერსონის მიერ, ბატონ სოსო თოფურიძეს ვგულისხმობ, ხდება უცნაური, სიის ამოკითხვით კოლექტიური დაპატიმრებები. ჯგუფური დანაშაული არსებობს, მაგრამ ჯგუფური დანაშაულის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთი თათბირის წარმომადგენლები.” (სტილი დაცულია)

ოპოზიციამ, რომელიც ხელისუფლებისგან კრიმინალების დაცვაშია ეჭვმიტანილი, საგანგებოდ ისიც განმარტა, რომ დამნაშავეთა დასჯას კი არ ეწინააღმდეგება, კონსტიტუციის, ადამიანის უფლებებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას მოითხოვს. ეს კი, უმრავლესობის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლისადმი ოპოზიციის პასუხისმგებლობის არცთუ მაღალ დონეს ადასტურებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის რეაქციიდან ისიც გაირკვა, რომ სახელისუფლებო კორუფცია კვლავ სერიოზული პრობლემა ყოფილა:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] ,,სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები არ ამახვილებენ ყურადღებას იმ დამნაშავეობის ფაქტებზე, - მათ შორის, სახელმწიფო სამსახურში, - რომელიც ასე მოდებული არის საქართველოში და მართლა საზოგადოებას წყლულად ადევს.” (სტილი დაცულია)

ლევან ბეჟაშვილისგან განსხვავებით, კორუფციას მთელ საქართველოზე მოდებულად აღარ მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წარმომადგენლები, რომლებმაც, მათივე განმარტებით, ,,კორუფციას რომ ფეხი ფართოდ აღარ აქვს მოკიდებული,” ეს სწორედ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დამსახურებად გამოაცხადეს:

[დავით კირკიტაძის ხმა] ,,თუ თქვენ არ მოგწონთ ის ფორმები, რომლითაც ბატონი სოსო, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი მოქმედებს, იქნებ, ჩვენ ერთად დავჯდეთ და შევთავაზოთ უკეთესი ფორმა, რათა მოხდეს უფრო უკეთესად და უფრო კარგად ამ ადამიანების გამოვლინება.” (სტილი დაცულია)

[რატი სამყურაშვილის ხმა] ,,დიახ, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურაში არსებობს ერთი ვაგონი თანამდებობის პირებისა, რომლებიც ძალიან სერიოზულ დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი, მართლაც უნდა მოხდეს მათი დაპატიმრება ვაგონებით.” (სტილი დაცულია)

თუკი გავითვალისწინებთ, რომ უმრავლესობის დეპუტატ რატი სამყურაშვილის მიერ მოხსენიებული ვაგონებით დაპატიმრების იდეა ოპოზიციურია, თავად ოპოზიციას კი უკეთესი ფორმის ერთად მოფიქრება მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა დავით კირკიტაძემ შესთავაზა, წინადადება, როგორც ჩანს, უკვე გაზიარებულია. ყოველ შემთხვევაში, ვაგონებით ხალხის მოგროვება სამომავლოდ არც პრეზიდენტმა გამორიცხა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,მკაცრად ვაფრთხილებ ყველას, ვისაც ეს აბარია და თუ უახლოეს პერიოდში ეს არ გამოსწორდება, ყველას იქ შევცვლით და ზოგიერთებს გავაგზავნით იქ, სადაც სოსო თოფურიძე აგროვებს ხოლმე, ჩვეულებრივ, ხალხს, ვაგონებით თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებებით. და ეს არ არის ხუმრობა!” (სტილი დაცულია)

მიხეილ სააკაშვილის ამ სერიოზული ნათქვამის ადრესატები სასწრაფო დახმარების სამსახური და ჯანდაცვის სამინისტრო იყვნენ. თბილისის საკრებულოში გამოსვლისას მათ გაკრიტიკებამდე პრეზიდენტს, როგორც ქვეყნის კონსტიტუციის გარანტს, ოპოზიციამ პარლამენტიდან მოუწოდა, წერტილი დაესვა საჯარო დაპატიმრებების ტენდენციისთვის, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტები ფარსად მიიჩნევენ, მიხეილ სააკაშვილი კი - სიამაყის საფუძვლად:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,ქურდი იქნება ჩასმული ციხეში, კორუმპირებული იქნება გამოვლენილი, ფული დაუბრუნდება ხალხს და ჩვენ ასევე ძალიან ვამაყობთ იმ ხალხით, ვინც ამას აკეთებს. გუშინ იქ, პარლამენტში, დასცინოდნენ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ამას ყველაფერს აკეთებენ. მე ვფიქრობ, ეს არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ამ ადამიანების, არამედ შეურაცხყოფა პარლამენტის, შეურაცხყოფა ხალხის.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის შეურაცხყოფისა და კორუფციასთან ბრძოლის თემები კვლავ აქტუალური იყო ოპოზიციისთვისაც. მის საპარლამენტო ნაწილს კახა ლომაიასგან მიღებულ შეურაცხყოფად შეფასებული მოხსენება არც ამ კვირაში დავიწყებია, თუმცა განათლების სამინისტროსა და კონტროლის პალატის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის შესამოწმებლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უმრავლესობა ვერც ამჯერად დაითანხმა. პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ სიმართლეს პროკურატურა დაადგენს და განათლების მინისტრს მოუწოდა, დაასახელოს კონტროლის პალატის ის რევიზორები, რომლებიც, ლომაიას განცხადებით, სამინისტროს კორუფციულ გარიგებას სთავაზობდნენ. ვარაუდი, რომ ეს ვერ მოხდება, ამ კვირაში მემარჯვენე ოპოზიციის დეპუტატმა მანანა ნაჭყებიამ გამოთქვა:

[მანანა ნაჭყებიას ხმა] ,,ბატონი კახა სწორედ ის მინისტრია, რომელიც მიგვითითებდა ყოველთვის, თქვენ კრიმინალური მენტალიტეტის ხართ, არ გინდათ თანამშრომლობა საგამოძიებო ორგანოებთანო. ამიტომ ბატონი კახა ძალიან კარგად მოახერხებდა ამას ამდენი ხნის მანძილზე, თუ მას რეალური საფუძველი ჰქონდა.” (სტილი დაცულია)

თავად განათლების მინისტრმა ოპოზიციას მისი მოხსენების კიდევ ერთხელ წაკითხვა და წარუმატებლობის შედეგზე დაფიქრება შესთავაზა და ისიც აღწერა, თუ როგორ აღიქვამს თავისი ოპონენტების მდგომარეობას:

[კახა ლომაიას ხმა] ,,ეს არის ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევა, დამარცხებული მოკრივის საქციელი. დამარცხებასაც უნდა ღირსებით ატანა.” (სტილი დაცულია)

საგამოძიებო სტრუქტურებთან კარგად თანამშრომლობის მაგალითად ლომაიამ ის დაასახელა, რომ პროკურატურისთვის 70, ფინანსური პოლიციისთვის კი - 60 საქმე აქვს გაგზავნილი. თუმცა ამჯერად კონტროლის პალატის რევიზორებისთვის ჩივილს, მათი არაკვალიფიციურობის მოტივით, მინისტრი არ აპირებს. ამ საქმისადმი პოზიციის შეცვლას ჯერჯერობით არც პარლამენტის თავმჯდომარე გეგმავს:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,მე ნამდვილად არა მგონია, რომ ბატონი კახა ამდენად უპასუხისმგებლოდ მოეკიდებოდა თავის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მე ნამდვილად ვითხოვ გვარების დასახელებას და ნამდვილად ვითხოვ, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, რომლებმაც გაბედეს და განათლების სამინისტროში ან ნებისმიერ სხვა უწყებაში დაიწყეს ლაპარაკი ფულის გამოძალვასთან დაკავშირებით.” (სტილი დაცულია)

განათლების მინისტრისადმი ხელისუფლების ტონი ამ კვირაშიც განსხვავებული აღმოჩნდა. კახა ლომაიას პრემიერ-მინისტრმა მშვიდი ეროვნული გამოცდებისთვის მადლობა გამოუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კი - მხარდაჭერა. სხვათა შორის, მაია ნადირაძემ ამ კვირაში ახალი პასუხი გასცა შეკითხვასაც, თუ რატომ სურს ხელისუფლებას სასამართლო პროცესების ვიდეოგადაღების აკრძალვა:

[მაია ნადირაძის ხმა] ,,არ ვიცი, ქართულად როგორ არის, ზოგიერთი პოლიტიკური სელებრითები ასეთ სასამართლოებზე ისე იქცევიან, რომ არ უნდა იქცეოდნენ არსად. თუ ვინმეს ექნება იმის მოლოდინი, რომ სკამზე ახტება და ამის გამო ერთი კვირა ეკრანიდან არ ჩამოვა, აი, ამის საშუალებას ვხსნით. ეს არის და ეს!” (სტილი დაცულია)

ის, რაც უმრავლესობის ლიდერმა, როგორც თავად თქვა, ქართულად არ იცის, მარტივად - ცნობილ ან პოპულარულ ადამიანს, შოუ-ბიზნესის ენით კი - ვარსკვლავს ნიშნავს. თავად შოუდ ხელისუფლებამ ამ კვირაში კვლავ რამდენჯერმე მოიხსენია სასამართლო პროცესებზე პოლიტიკური ოპონენტების ქცევა, ოპოზიციამ კი - ტელეკამერების წინ ეჭვმიტანილთა დაკავება. იმას, რომ ერთ შემთხვევაში ხელისუფლება ჟურნალისტებს იწვევს, მეორე შემთხვევაში კი მათ ვიდეოკამერის ჩართვას უკრძალავს, ოპოზიცია ხელისუფლების მიერ საზოგადოების დამონებისა და სასამართლოსადმი დარჩენილი იმედის დაკარგვის მცდელობად მიიჩნევს:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ,,დღეს ჩვენ მივიღეთ აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატი სასამართლო. მცდელობა ხორციელდება, რომ მიიჩქმალოს ის კომპოტი - მაპატიეთ ამ სიტყვისთვის - უსუსურობისა, უმწეობისა, არაკვალიფიციურობისა და, ხშირად,უსინდისობისა, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენს სასამართლოებში.” (სტილი დაცულია)

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლის წევრიც დეპუტატი ივლიანე ხაინდრავაა, ეჭვმიტანილთა ტელეკამერების წინ დაკავების ამკრძალავი კანონპროექტის მომზადება გადაწყვიტა, რაც უმრავლესობამ არალოგიკურად და გემოვნების საკითხად შეაფასა. გემოვნების საკითხად ამ კვირაში კვლავ დარჩა ბათუმში გახსნილი მედეას ქანდაკება და იქვე გამართული იტალიელი მომღერლის კონცერტიც.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG