Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


ჯერ ტოტო კუტუნიო, ახლა კი ფილიპ კირკოროვი.

80-იანი წლების იტალიელი პოპ-ვარსკვლავის მარშრუტს - სამშობლო-თბილისი-სამშობლო-ბათუმი - ახლა უკვე 80-იანი, 90-იანი წლების და, თუ გნებავთ, 21-ე საუკუნის რუსული ესტრადის ვარსკვლავი ფილიპ კირკეროვი გადის. გასულ კვირას კირკეროვმა თბილისის ”ევროპარკში” კონცერტი გამართა, მერე კი, როგორც ინტერნეტჟურნალი ”ვარსკვლავები” გვამცნობს, ”პირობა დადო, რომ ჩვენი პრეზიდენტისა და თბილისის მერის მოწვევას აუცილებლად მიიღებს და 9 აგვისტოს ისევ ეწვევა საქართველოს”, ოღონდ კონცერტს ამჯერად ბათუმში ჩაატარებს.

თუმცა, კუტუნიოსგან განსხვავებით, კირკეროვი თბილისში საქართველოს ხელისუფლებას არ დაუპატიჟებია. ისევ ”ვარსკვლავების” ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, საქართველოში იგი ”ევროპარკის” მფლობელებმა მოიწვიეს. მართალია, ამინდში არ გაუმართლდათ - იმ საღამოს თბილისში ისე გაწვიმდა, რომ კირკეროვს აპარატურა გადაეწვა...კონცერტი მაინც დიდი წარმატებით დასრულდა - ფეიერვერკებით და რუსი ვარსკვლავის თაყვანისმცემელთა გრძელი რიგით, ავტოგრაფის მოსაპოვებლად. წარმატების შესახებ, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ შეიტყო და კიდევ ერთხელ მოიწვია მომღერალი საქართველოში... სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელისუფლება ”საბაზრო ეკონომიკის” კანონებს მიჰყვება - თბილისში იმას ეპატიჟება, ვინც პოპულარულია... რაც, შეიძლება, არ ნიშნავდეს იმას, რომ გიგი უგულავას ან, თუნდაც, მიხეილ სააკაშვილს ძალიან მოსწონს ასეთი მუსიკა.

[კირკეროვი მღერის ტომ ჯონსს]

ტომ ჯონსის სიმღერის ეს შესრულება - ანუ, პოსტსაბჭოთა შოუბიზნესში დამკვიდრებულ სიტყვას თუ გავიხსენებთ, ”რიმეიკი” - საბაბი გახდა სკანდალისა, რომელიც ოდესღაც ძალიან ძვირი დაუჯდა ფილიპ კირკეროვს - ”ძვირი”, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: რუსული ესტრადის ვარსკვლავმა როსტოველ ჟურნალისტ ირინა აროიანთან სასამართლო წააგო. კონცერტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აროიანმა იკითხა, რატომ არის თქვენი რეპერტუარი რიმეიკებით სავსეო. კირკეროვი გაბრაზდა და ჟურნალისტის დარბაზიდან გაძევება მოითხოვა:

[კირკეროვის ხმა] ”ფეხებზე მკიდია რას დაწერთ, თქვენც ფეხებზე მკიდიხართ - არ მიყვარს არაპროფესიონალები... თქვენ წახვალთ ახლა აქედან... ადექი და წადი. ვარსკვლავების პრესკონფერენციაზე მომზადებულები უნდა მოხვიდეთ. თქვენ კი როგორ მოდიხართ? გუშინ ორღობეში ეგდეთ, დღეს კი აქ მეორე რიგში ზიხართ...”ჰო, ნახვამდის!” - ჯერ რუსულად ისწავლეთ ლაპარაკი!”

პარადოქსია, მაგრამ ამ ინციდენტმა კიდევ უფრო პოპულარული გახადა, მართლაც რომ, ”რიმეიკების მოყვარული” მომღერალი. რაღაც ჯარიმა კი გადაუხადა როსტოველ ჟურნალისტს... ეს იყო და ეს. რუსული შოუბიზნესისთვის კირკეროვი კიდევ უფრო სასურველი არტისტი გახდა. ახლა აღმოჩნდა, რომ - ქართულისთვისაც. ათი წელი არ ყოფილა საქართველოში. მის კონცერტს რეკლამა თითქმის არ ჰქონდა, იწვიმა კიდეც... მაგრამ კირკეროვის გასტროლები მაინც წარმატებით ჩატარდა.

ამბობენ, რომ ამ ინციდენტის შემდეგ, კირკეროვი ჟურნალისტებს გაურბის, რადგან ეშინია, კიდევ არ აუშალოს ვინმემ ნერვები. არ არის გამორიცხული, რომ რუსული ესტრადის ვარსკვლავს ჟურნალისტების სოლიდარობის ეშინოდეს - ხომ შეიძლება კოლეგებმა შური იძიონ კირკეროვზე, რომელმაც ახალგაზრდა ქალს 1 წუთში რამდენიმე შეურაცხყოფა მიაყენა. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამიტომ არ შეხვდა ქართულ პრესას, ხომ შეიძლებოდა ვინმეს შოვინისტობაში დაედო მისთვის ბრალი?

მაგრამ ფილიპ კირკეროვმა, ეტყობა, არ იცის, რომ ქართული მედია ზოგჯერ თავის თავსაც შოუბიზნესის ნაწილად წარმოიდგენს. არ იცის, რომ საქართველოში მის ჩამოსვლამდე 2 დღით ადრე თბილისში ჩატარდა (მეორედ, უკვე) გასართობი შოუ ”მას-მოდა”, რომელშიც ქართველი ტელევარსკვლავები პოდიუმზე მოდელების როლში მოგვევლინენ. მიუხედავად ასეთი სახელწოდებისა ”მას-მოდა”, ღონისძიებას მასობრივი ხასიათი არ ჰქონია - ჟურნალისტებმა, ძირითადად, თავიანთი საყვარელი რესპონდენტები - პოლიტიკოსები დაპატიჟეს. ქართულმა ტელეარხებმა ”მას-მოდა” გასული დღეების კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად წარმოგვიდგინეს. ჟურნალისტები ხუმრობდნენ, თუმცა ამ ხუმრობაში თვითირონია არ იგრძნობოდა, კრიტიკულ აზრზე ან, თუნდაც, ამ პროექტის მნიშვნელობის ახსნაზე რომ აღარაფერი ვთქვათ... არადა, თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები, ტელევიზიის მომავალი კრიტიკოსები, რომელთაც მე ვესაუბრე, მარწმუნებდნენ, რომ ”მას-მოდაზე” ყველა მათი თანატოლი ქილიკობს და მე გამიჭირდება მივაგნო ახალგაზრდა ჟურნალისტს, რომელიც ამ სანახაობას დაიცავს (რა თქმა უნდა, იმ ხალხის გარდა, ვინც თავად მონაწილეობდა შოუში).


[მაკა კერვალიშვილის ხმა] ”როცა მასობრივად, ყველა ტელეარხზე აცხადებენ, რომ ქართველი მანდილოსანი ჟურნალისტები წელიწადში ერთხელ გამოდიან პოდიუმზე, როგორც ქალები, ეს რას ნიშნავს? რომ მთელი წლის განმავლობაში ”მასკულინები” ვართ?”

თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი მაკა კერვალიშვილი ამას ამბობს და კითხულობს, რატომ დაპატიჟეს ჟურნალისტებმა მაინცდამაინც პოლიტიკოსები და თვითონვე უპასუხებს, იქნებ ასეთი ფამილარული დამოკიდებულობა, ასეთი სიახლოვე ხელს უშლის საქართველოში დამოუკიდებელი მედიის ჩამოყალიბებასო. თუმცა იყო სხვა პასუხიც. ანა ლომიძის აზრით, პოლიტიკოსები, ტელეჟურნალისტები და შოუბიზნესის ვარსკვლავები საქართველოში კარგა ხანია უკვე ქმნიან ელიტას. საზოგადოებას ისღა რჩება, ტელევიზორში უყუროს ამ სანახაობას. ანას თქმით, ზოგიერთი ამ დროს ოცნებობს კიდეც ელიტაში მოხვედრაზე - პოლიტიკოსობასა ან ჟურნალისტობაზე:

[ანა ლომიძის ხმა] ” პოლიტიკოსები ითვლებიან დღესდღეობით საქართველოში ელიტად...თუ შეიძლება ასე ითქვას, ”უფრო მეტ ელიტად”, ვიდრე, თუნდაც, მსახიობები ან კინორეჟისორები... ელიტად ხომ საქართველოში იმას თვლიან, ვინც ყველაზე ხშირად ჩანს ტელეეკრანზე და ვისი სახეც ყველასთვის ცნობილია. ერთ-ერთ პოპულარულ პროფესიად ითვლება ჟურნალისტობა. მაგრამ ჟურნალისტები, როგორც წესი, იმიტომ ხდებიან ჟურნალისტები, რომ გამოჩნდნენ ეკრანზე. როცა იტყვი, ”ვმუშაობ ტელევიზიაში”, გეუბნებიან, უი, ეკრანზე არ ჩანხარ?”(სტილი დაცულია)

ქართული ტელევარსკვლავებისა და პოლიტიკოსების მეგობრობა, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტის დათო გურგენიძის თქმით, ხშირად ანეგდოტურ ფორმას იღებს ან ფარისევლობაში გადაიზრდება - სტუდიაში ურთიერთობა სხვანაირია, ”მოდების ჩვენებაზე” კი - სულ სხვანაირი. დათო ამბობს, რომ ასეთი სანახაობები ხელს აძლევთ ჟურნალისტებსაც და პოლიტიკოსებსაც. მართალია, ”მას-მოდა” მასობრივი ღონისძიება არ არის და თითქოს არანაირად არ გვეხება ჩვენ, საზოგადოებას, დათო გურგენიძის თქმით, ეს პროექტი მაინც ქმნის ეროვნული ტელემედიის სახეს:

[დათო გურგენიძის ხმა] ”სამეგობროა... ყოველთვის ვატყობ, გადაცემაში ”ქალბატონოს” როცა ეტყვის წამყვანს, იმას უკვე ეცინება... მეც გამეცინება.”

გაგვეცინება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოგვწონს ეს სანახაობა. არ მოგვწონს, მაგრამ მაინც ვუყურებთ... რეიტინგისთვის კი მეტი არაფერია საჭირო. ვუსმენთ ტოტო კუტუნიოს, ვსველდებით ფილიპ კირკეროვის კონცერტზე და ინტერესით ვადევნებთ თვალს საღამოს კაბებში გამოწყობილ ქართველ ტელევარსკვლავებს... შოუბიზნესი კი ნიუანსებს არ ცნობს - თუკი არის მოთხოვნილება, ხვალაც გავიმეოროთ. დღეს - თბილისში, ხვალ, თუნდაც, - ბათუმში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG