Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


ლელა ხომერიკი განვლილი კვირის მანძილზე,

რადიო “თავისუფლების” თხოვნით, დღიურს აწარმოებდა ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ლელა ხომერიკი.

1 ივლისი, კვირა
გუდაურში გამართული სემინარიდან ჩამოვედი. მიყვარს სახლში დაბრუნება. შეუძლებელია, ეს ძველი სახლი არ გიყვარდეს, როგორც ძია დათო მოიხსენიებს თავის ჩანაწერებში “ასფალტში ჩაძირული ხომალდი”, რომელიც აგერ უკვე თითქმის ორი საუკუნეა, “რაც ცხოვრების ორომტრიალში, როგორც ოკეანეში, ისე მიარღვევდა ტალღებს და, აი, თუმც კი გვარიანად შელახულმა, დაბზარულმა და ბათქაშებჩამოცვენილმა, მაგრამ მაინც – დღემდე მოაწია”.

2 ივლისი, ორშაბათი
როდესაც ცოტნე თბილისშია, დილის 6 საათზე უცვლელად რეკავს მისი მაღვიძარა, ნატახტარში საფრენად წასვლის მაუწყებელი. ცოტნე, ჩემი ქმრის ძმა, გარდა იმისა, რომ მიკრობიოლოგია, თუ – უფრო სწორად – გენური ინჟინერი, ამავე დროს, პირველი ქართველია, რომელსაც ამერიკული ლიცენზია აქვს – არა მარტო მფრინავის, არამედ ფრენის ინსტრუქტორისაც. აი, ჰობი, მეგობრებო! ასეთი მძლავრი და ასეთი რთული ჰობის მქონე სხვა ადამიანს მე არც ვიცნობ…
ასეთი მდგრადი ჰობი, რომელზეც არ მოქმედებს დაზარება, გადადება, მისთვის გამოყოფილი დროის შემოკლება და ა.შ. ჩემში გულწრფელ გაკვირვებას და ერთგვარ პატივისცემას იწვევს, რადგან მე თვითონ, რაც საჭიროა და აუცილებელი, იმას, ასე თუ ისე, ყოველთვის ვაკეთებ, და რაც სასურველია და სასიამოვნო, ის განუწყვეტლივ მოგზაურობს ჩემი ერთი გეგმიდან ყოველ შემდგომ გეგმაში. ამგვარი ვითარება არ არყევს ჩემს უნარს, მუდმივად მჯეროდეს, რომ კიდევ ერთი საქმიანი ეტაპის ჩამთავრების მერე დილაობით ბოტანიკურ ბაღშიც ვისუნთქებ სუფთა ჰაერით, ჩვენი ეზოს პატარა ბაღში მცენარეებსაც მოვუვლი, წელიწადში ორჯერ მაინც მთაში მოალპინიადო რამეზე წავალ და ა.შ. ეს იმედები სრულიად ურყევია, როგორც ბევრი წლის წინ – მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ბეტონებსა და ასფალტებში მიქრის და რაღაც ასაკიდან ამ ქროლვის ტემპის აღქმასაც იწყებ.

3 ივლისი, სამშაბათი
დილას დრო განსაკუთრებით სწრაფად გარბის – ჩქარა სამსახურში! თუმცა ვიგრძენი, რომ სიამოვნებით მივწვებოდი ტახტზე რამე წყნარი წიგნით ხელში. მართალია, პირველყოფილ ადამიანს პირდაპირ კითხვით არ დაუწყია თავისი დედამიწური ყოფა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ კითხვა ადამიანის არსებობის ყველაზე ბუნებრივი და ძალდაუტანებელი ფორმაა.
ჩემი გატაცებებიდან ძველი ინგლისური რომანების კითხვა ყველაზე რეალიზებულია და სასიამოვნო გეგმების ვირტუალურ ფაილებში შეტანა არ სჭირდება. განსაკუთრებული ნეტარებაა სხვა დროში ჩაწობა და, მით უმეტეს, მე-19 საუკუნის ინგლისში, როცა წინასწარ იცი, რომ იქვე, შენ ახლოს, ომი არ იქნება და არც მუდმივი რევოლუციური ტალღები შეგაწუხებს საფრანგეთის მსგავსად.
სამაგიეროდ, ცხოვრება მთელი თავისი მრავალფეროვნებით, ნამდვილი ადამიანური ამბებით, სიკეთეებითა და ბოროტებებით, ბუნებრივად მიმდინარეობს, არ მახინჯდება საგანგებო სიტუაციებით. ჰა, ჰა, ვიღაც ინდოეთში წავიდეს და – სიმდიდრის სწრაფად მოპოვების მაგივრად – იქვე მოკვდეს, ან რომელიმე ახირებულმა მოხუცმა მემკვიდრეობა იმ ნათესავს არ დაუტოვოს, ვისთვისაც წესით უნდა დაეტოვებინა. არ მიყვარს განსაკუთრებულ სიტუაციებში ადამიანის გამოცდის თემა, წინასწარ გასაგებია ყველაფერი, ზოგი გმირი ხდება და ზოგი – ნაძირალა. ყველაფერი გრანდიოზულია და ყოვლისმომცველი, დეტალების და ნიუანსების გარეშე. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ იქცევა ადამიანი. აი, სად არის ინდივიდუალობები, მრავაფეროვნებები და დეტალები.
ყოველდღიური ცხოვრების მდინარება დღიურიდან სასწრაფოდ მოწყვეტას მთხოვს. ნახვამდის, ხვალამდე…

4 ივლისი, ოთხშაბათი
ჩემი ყოველდღიური გარე ცხოვრება მარჯანიშვილის ქუჩაზე ჩაქროლებით იწყება. ზუსტად ვერ ვიტყვი, როდის, მაგრამ მარჯანიშვილის ქუჩამ ერთხელაც, თვალის დახამხამებაში მიიღო ის პოსტსაბჭოური სახე, რაც ამჟამად აქვს. მას შემდეგ რაღაც იცვლება და ვერც იცვლება. ერთი მაღაზია იკეტება და მალევე, მცირე შუალედის შემდეგ, მეორე იხსნება. 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩენილი ქუჩის გამყიდველი ქალები ნელ-ნელა ბერდებიან. წვრილმანი ვაჭრობა ექსტრემალურ სიტუაციაში თავის გადარჩენის დროებითი საშუალებიდან, ფაქტობრივად, მათ პროფესიად იქცა.
წლების მანძილზე მარჯანიშვილის ქუჩაზე რაღაცები მწყინს და რაღაც-რაღაცები მსიამოვნებს. მწყინს სისუფთავისადმი ჩვენი ბარბაროსული დამოკიდებულება, მაოგნებს ახალგაზრდა სიმპათიური ქალის მიერ მონობარათის ტელეფონში შეყვანის შემდეგ, მისი სრულიად ბუნებრივად, დაუძაბავად და უშუალოდ იქვე ფეხებთან დაგდების უნარი.
მსიამოვნებს, რომ მწვანილის გამყიდველი აზერბაიჯანელი ქალების ქართული დღითი-დღე უმჯობესდება და ეს, იმიტომ კი არა, რომ საქართველოს მოქალაქემ აუცილებლად უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, არამედ ადამიანურად მსიამოვნებს, როცა ვხედავ: ეს ამბავი თვითონ აზერბაიჯანელ ქალებს უიოლებს საქმეს, კლიენტებთან თუ ქუჩის ვაჭრობის სხვა “აქტორებთან” ურთიერთობისას. განსაკუთრებით მომწონს ის, რომ ქუჩაში მსხდომი აზერბაიჯანელი ქალები მეგობრობენ მაღაზიების გამყიდველ ქართველ ქალებთან, რისი ნივთიერი დადასტურებაც ჩემ თვალში არის მაღაზიის გამყიდველი ქალების მიერ მწვანილის გამყიდველი ქალებისათვის ყავის შეთავაზების რიტუალი.
ასე რომ, ყოველ ჯერზე, მარჯანიშვილის ქუჩის კუთხეში მჯდომი მწვანილის გამყიდველი აზერბაიჯანელი ქალის ხელში ყავის პატარა ჭიქის დანახვისას, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების სრული ინტეგრაციის შესაძლებლობის დიდი იმედი უახლოესი ერთი-ორი საათის განმავლობაში ჩემში ახალი ძალით იფურჩქნება.

5 ივლისი, ხუთშაბათი
ტელევიზორში გადაცემა “კედლის” ნაკუწს მოვკარი თვალი. თემა – სიგარეტის წევა. კვლევის შედეგები გაგვაცნეს: საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 67% ეწევაო. ამ თემისადმი გულგრილი არა ვარ, თუმცა ის მოტივები, თუ ვინ რატომ იწყებს მოწევას და ვინ ვის ეპრანჭება ამით, საერთოდ არ მაინტერესებს. ეს თემა საკმაოდ მაღელვებს სხვა ასპექტების გამო. ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ამბებს რომ თავი დავანებოთ, ცოტა ფორმალური ფრაზა კი გამომდის, მაგრამ ეს პრობლემა სახსრების ხარჯვის პრიორიტეტების თვალსაზრისითაც მაწუხებს. ქუჩაში მათხოვარი და მაწანწალა ბავშვებისა თუ მოხუცების დანახვისას, შეგვიძლია თავი გავიმართლოთ, რომ ჯერ სათანადოდ მდიდარი ქვეყანა არა ვართ იმისათვის, რომ ამ პრობლემებს მოვუაროთ. სახელმწიფოს სოციალურ სფეროში აქამდეც არ ჰქონია და ჯერაც არა აქვს მაინცდამაინც მკაფიო პოლიტიკა. საზოგადოებაც ვერ, თუ არ პასუხობს ამ პრობლემას. რა იქნებოდა, იმდენად ფორმირებული საზოგადოება ვიყოთ, რომ შეგვეძლოს, მაგალითად, ასეთი აქციის მოწყობა: “ერთი დღე უსიგარეტოდ”. ჩემი ზედაპირულ-სამოყვარულო გამოთვლებით, საქართველოში მილიონი მწეველი მაინცაა, აქედან ზოგი ძვირ სიგარეტს ეწევა, ზოგიც – იაფს. სიმარტივისათვის შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველი მწეველი დღეში ლარს ხარჯავს. ყველაზე საინტერესო აქედან იწყება: მწეველნი სრულიად საქართველოსი ერთადერთ დღეს თუ არ მოწევენ, მაშინ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შესაძლებელი იქნებოდა, ერთ დღეში მილიონი ლარის შეგროვება. დიახაც! თანაც, ამაში საზოგადოების 67% მიიღებდა მონაწილეობას. ქველმოქმედება და საზოგადოებრივი საჭიროებებისათვის თანხის გაღება მხოლოდ მდიდრების საქმე არ არის, და ამ საქმეს ყველამ თავისი “კაპეიკი” უნდა შეაწიოს, როგორც აღნიშნავდა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, იმ დროს ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნინო ყიფიანი. სანამ, ჩავთლით, რომ პრობლემები მხოლოდ სახელმწიფომ ან მდიდარმა მეცენატებმა უნდა გადაჭრან, მაწანწალა ბავშვები კიდევ დიდხანს იქნებიან ქუჩაში წებოს შეყნოსვისა და პროსტიტუციის მსხვერპლი.
ისე, საზოგადოებრივი საქმეების ორგანიზების უნარი ჩვენს წინაპრებს უფრო ჰქონიათ. მაგალითად, მე-20 საუკუნის დასაწყისში ტფილისის ბავშვებზე ზრუნვის საზოგადოება, საწევროს სახით, თავისი 500 წევრიდან წელიწადში ჯამურად 1400 მანეთს კრებდა, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ საწევროებით ბავშვთა თავშესაფარში თორმეტამდე ობოლი ბავშვის შენახვა შეეძლო. დღეს საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მეეჭვება, რომელიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია 500-მდე ადამიანს კრებდეს. ნეტა ასეთი რაღაცების ცოდნა გამამახნევებელია დღევანდელი საზოგადოებისათვის და შეიძლება რამეში დაეხმაროს? ყოველ შემთხვევაში, ისტორია მარტო ხმლის ქნევა ხომ არ არის და მხოლოდ ბრძოლის ველზე მოჭრილი თავების რაოდენობას ხომ არ უნდა ვითვლიდეთ?!
ჩემი ფანტაზია ისევ სიგარეტის თემას უბრუნდება და უფრო შორს მიდის. ამჯერად, სიგარეტისათვის საქართველოს მოსახლეობის მიერ დახარჯული თანხის წლიური ჯამი გამომყავს. დაახლოებით 365 მილიონი ლარი. ჰმ, ზოგჯერ 366 მილიონიც კი! აი, ამდენს ხარჯავს სიგარეტისათვის ყოველ წელს ჩვენი ღარიბი ქვეყანა! ამის ნაცვლად, შესაძლებელია, ვიღაცას არ შიოდეს და არ სციოდეს, განათლების მიღების ან მკურნალობის შესაძლებლობა ჰქონდეს…
თუ სიგარეტის წინააღმდეგ გაილაშქრებ, ხშირად მოისმენ არგუმენტს: “რა ქნას, ისედაც ამდენი პრობლემა აქვს, გასართობ-სასიხარულო კი არაფერი, და საწყალმა სიგარეტიც აღარ მოწიოს?” დიახაც არ უნდა მოწიოს, აი, ასე!

6 ივლისი, პარასკევი
ხუთშაბათის გრძელი და პათეტიკური ჩანაწერის გადაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ დღეს, რაც უფრო მოკლედ ვიტყვი სათქმელს, მით უკეთესი.
ისედაც, დღიურის წერას მხოლოდ დილაობით ვახერხებ. მეხსიერება თუ არ მღალატობს, ძველად ხალხი დღიურს ძილის წინ წერდა. მე საღამოს აბსოლუტურად შეურაცხადი ვარ და, სანამ საწოლამდე მივაღწევ, უკვე მძინავს. ესე იგი, ეგ “საძაგლები” ძილის წინ რამდენიმე გვერდის ჩაწიკწიკებას თუ ახერხებდნენ, ან ჩვენზე ჯანმრთელები იყვნენ და მუდმივი დაღლილობის სინდრომი არ აწუხებდათ; ანდა არ შრომობდნენ; ანდა ვინც შრომობდა, იმას დღიურისათვის არ სცხელოდა; ან თუ სცხელოდა, წერა-კითხვა არ იცოდა. ამ სრულიად ამომწურავი მსჯელობის შედეგად ღრმად ფილოსოფიური დასკვნა გამომაქვს: “ვინც დღიურს წერს, ის არ შრომობს”. შესაძლოა, მეორე ვარიანტიც: “ვინც შრომობს, ის დღიურს არ წერს”.

7 ივლისი, შაბათი
ერთკვირიანი დღიურის წერას ისევ დღიურის ფორმაზე ფიქრით ვასრულებ. ძალიან ძნელია, “ძველქართულად” რომ ვთქვათ, zoom-ის სწორად დაჭერა. ძალიან ახლოს თუ მიხვედი, ძალიან მოსენტიმენტალურო გამოდის, თუ ძალიან შორს წახვედი, მაშინ – მიმდინარე მოვლენების ქრონიკა (რაც, წინა წლის წიგნად გამოცემულ დღიურებს რომ გადავხედე, ისედაც მიუყვება ყოველ გვერდს წვრილი შრიფტით). თავიდან პირდაპირი აღწერის მეთოდიც დავიწუნე და ამიტომ, სათანადო ადგილებზე არ აღვნიშნე ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბები: ის, რომ სამსახურში მთელი კვირა დაკავებული ვიყავი უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამების შემუშავებით ქალბატონ თამარ ცაგარელთან ერთად, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ცენტრის ხელმძღვანელია; ან ის, რომ ოთხშაბათს მყუდრო ნათესაური ვახშამი გვქონდა, რათა ცოტნე, სანამ ამერიკაში დაბრუნდებოდა, ყველას ენახა; ან ის, რომ ხუთშაბათს საღამოს ჩვენთან ჩაის სმა, სპონტანურად გადაიქცა ქუცნა ამირეჯიბის ახალი ფილმის “პოსტსაბჭოთა სინდრომის” პრეზენტაციად და არცთუ ისე ვიწრო პრეზენტაციად – 15 ადამიანი მაინც ვიყავით. ასევე არ ჩანან ჩემი საყვარელი ადამიანები, რადგან, რომ გაიგეს დღიურის ამბავი, თითქმის ყველამ გამაფრთხილა, არ მახსენო, არ მახსენოო. მხოლოდ დღეს დილას, საუზმეზე, თინანომ მითხრა მშვიდად, თუ გინდა მახსენეო. მაგრამ ამისათვის უკვე დრო აღარ არის.
ამბობენ, ცალკეული ადამიანის დღიური, ასე ვთქვათ, “ეპოქის მაჯისცემას” ასახავსო. ჩემმა დღიურმა, ვფიქრობ, თანამედროვე ადამიანის მუდმივ ცაიტნოტში ცხოვრების ამბავი აირეკლა ყველაზე მეტად.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG