Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ყალიბდება საქართველოსა და ბულგარეთს შორის


საქართველოში ორდღიანი ვიზიტი ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ივაილო კალფინმა მცხეთის ღირშესანიშნაობებისა და ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერებით დაიწყო.

ვიზიტის მეორე დღეს კი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ქართველ კოლეგასთან ერთად საქართველო-ბულგარეთის ბიზნესფორუმი გახსნა. ივაილო კალფინის განცხადებით, ბულგარეთი დაინტერესებულია საქართველოს ტურისტული ბიზნესით და ეკონომიკის სხვა სფეროებით.

თბილისში ბულგარეთის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ივაილო კალფინის ვიზიტი საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 15 წლის თავს დაემთხვა. ამ ხნის მანძილზე ორ ქვეყანას შორის ნორმალური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ბულგარეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებასა და ევროკავშირთან ინტეგრაციას. ორი ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს ბისეკის ფარგლებში და ბულგარეთი, ისევე როგორც საქართველო, ამ პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილს გამოთქვამს:

[ივაილო კალფინის ხმა] “ევროპის კავშირმა შეიმუშავა სტრატეგია “შავი ზღვის სინერგია “ - ეს იყო ევროკომისიის კომუნიკე. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ის უკვე დაამტკიცეს, უკვე გვაქვს სამოქმედო ჩარჩო, უკვე გვაქვს დაფინანსება, გვაქვს ძალიან კარგი იდეები და უნდა დავიწყოთ მუშაობა კონკრეტულ პროექტებზე სხვადასხვა სფეროში, რათა შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა ვაქციოთ ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. შევთანხმდით, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ ჩვენმა პოლიტიკურმა წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ. ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და ჩამოაყალიბებენ კონკრეტული პროექტებისა და ნაბიჯების სიას. ეს ძალიან გააფართოებს ურთიერთობას არა მარტო ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირსა და კავკასიის, აგრეთვე ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. და ჩვენს ორ ქვეყანას შეუძლია წამყვანი როლის შესრულება შავი ზღვის რეგიონში ამ თანამშრომლობის ჩარჩოებში.”

განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ივაილო კალფინმა და აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების პროცესში დაუშვებელია კოსოვოს მოდელის გამოყენება.

საქართველოს მიმართ ბულგარეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმაც და იმ შეთანხმებებზე ისაუბრა, რომელთაც ბულგარეთის დელეგაციის თბილისში ვიზიტისას მიაღწიეს:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ბულგარეთის მოქალაქეები იმგზავრებენ საქართველოში ვიზების გარეშე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას ბულგარეთის მხიდან. ჩვენ შორის არსებულ ხელშეკრულებაში მალე შევიტანთ ცვლილებას, რომლითაც გაადვილდება მიმოსვლა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ბულგარეთში და ასევე შევთანხმდით, რომ ტურისტებისთვის იქნება მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები.”

ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ივაილო კალფინმა კი ხაზი გაუსვა ტვირთბრუნვის გაუმჯობესების მიზნით ორმხრივი დაბეგვრის თავიდან აცილებაზე შეთანხმების აუცილებლობას. მან სურვილი გამოთქვა აგრეთვე თანამშრომლობა გაღრმავდეს ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში. ლაპარაკია საქართველოსა და ბულგარეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებაზე. ამ პროექტის განხორციელებას, სავარაუდოდ, 2 წელი დასჭირდება. საქართველოს ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ ამით ევროკავშირში შავი ზღვის კარიბჭე გაიხსნება:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ვინაიდან დღეს საზღვარი ევროკავშირსა და საქართველოს შორის გადის შავ ზღვაზე და ბულგარეთი არის ამ შემთხვევაში კარიბჭე ევროკავშირის მხრიდან შავ ზღვაზე და საქართველოც ამავე სანაპიროზე იმავე კარიბჭეს წარმოადგენს, ჩვენს ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.” (სტილი დაცულია)

ამჟამად კი ბულგარეთ-საქართველოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა მზარდი დინამიკით ხასიათდება. 2007 წლის პირველ კვარტალში საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის ბულგარეთი მეშვიდე ადგილზეა. სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის დაახლოებით 85 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 23 მილიონი დოლარი ექსპორტზე, 62 მილიონი კი იმპორტზე მოდის.
XS
SM
MD
LG