Accessibility links

logo-print

სკოლის დირექტორების არჩევნები - სამართლიანობა ღირსების გარეშე


ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველი არჩევნები, რომელმაც მთელი საქართველო ააფორიაქა, გასული კვირის ბოლოს, 7 ივლისს, ჩატარდა.

საქართველოს საჯარო სკოლებმა დირექტორების არჩევა ცადეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შედეგით კმაყოფილია, რადგან ამ უწყების მაღალი თანამდებობის პირები ფიქრობენ, რომ ჩვენს საერთო სამშობლოში სამართლიანობის დამკვიდრებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. მინდა მათი ღვაწლის შესახებ გესაუბროთ.

იმ ადამიანებმა, რომლებმაც საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორობის უფლება მოიპოვეს, ტანჯვის გრძელი გზა განვლეს. ეს გზა დაიწყო წერითი გამოცდით, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა. ყველაფერი, რასაც ამ გამოცდაზე კანდიდატებს უმოწმებდნენ, სკოლის დირექტორისთვის ნამდვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს: კანონმდებლობა, სააზროვნო უნარები, სპეციფიკური სიტუაციების ანალიზი, თანამედროვე სკოლის ხედვა. დირექტორობის მსურველი ბევრი კანდიდატი მარათონს პირველივე დღეს ჩამოსცილდა, რადგან სკოლის ლიდერობისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. იმ ადამიანებმა, რომლებიც საუკეთესო ოც პროცენტში მოხვდნენ, მოიპოვეს უფლება, მათთვის სასურველი სკოლა თავადვე შეერჩიათ; დანარჩენებმა კი, ვინც გარკვეული ბარიერი გადალახა, მიიღო უფლება, რომელიმე სკოლისთვის ეხელმძღვანელა. ოღონდ მანამდე კანდიდატებმა გამოცდის მეორე ტური გასაუბრების სახით გაიარეს და ბევრი - მათ შორის, ზოგი ოცპროცენტიანი - სწორედ ამ გასაუბრებაზე ჩაიჭრა. რთული, ორეტაპიანი გამოცდის შემდეგ მოწონებული კანდიდატები სანუკვარ ზღურბლს მიუახლოვნენ. ოღონდ მათ უმრავლესობას, კერძოდ, ოცი პროცენტის მიღმა დარჩენილებს, კიდევ ერთი განსაცდელი ელოდათ: ლოტოტრონი. კანდიდატების ნაწილი “ბორტს მიღმა” სწორედ ლოტოტრონის მეშვეობით აღმოჩნდა - მათ არ მოეწონათ სკოლა, რომელიც მანქანამ შეახვედრა. მაგრამ მანქანის ყბაში ჩავარდნილებს და გადარჩენილებსაც სულ მთავარი დაბრკოლება ჯერ კიდევ გადასალახი ჰქონდათ - არჩევნები. ბევრი კანდიდატი უსამსახუროდ სწორედ არჩევნების დღეს დარჩა, რადგან იგი - ამდენ ბრძოლაში გამოვლილი და გამარჯვებული - უბრალოდ, არ აირჩიეს. ზოგი იმიტომ, რომ ქალი იყო და მამაკაცის პირისპირ აღმოჩნდა; ზოგის სკოლა ოპტიმიზაციაში მოაყოლეს; უმრავლესობა კი ყოფილმა დირექტორმა თავის ერთგულ სამეურვეო საბჭოს დააწუნებინა.

შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროფესიული დამკვიდრებისთვის მუდმივი ბრძოლაა საჭირო და ამიტომ დირექტორთა არჩევნების დრამატიზება სწორი საქციელი არ არის. ამ აზრთან დათანხმება ადვილი იქნებოდა, რომ არა სახელმწიფოს მხრიდან სკოლის დირექტორების მიმართ დაშვებული ერთი არსებითი შეცდომა.

საზოგადოება ხედავს, რომ საქართველოში სკოლები შავ დღეშია; რომ შვილის სკოლაში გაშვება “დიდი შარი და ხათაბალაა”; რომ სასწავლო პროცესი უხარისხოა; რომ სკოლებს, დირექტორების ნაცვლად, ”მაყურებლები” - ესე იგი, საეჭვო ავტორიტეტის მქონე უფროსკლასელები - მართავენ; და რომ სკოლაში, მის გადასარჩენად, ახალი ღირებულებების მატარებელი ლიდერები უნდა მივიდნენ. აი, ეს მიზანი ამართლებდა გამოცდების სირთულეს და კრიტერიუმების სიმკაცრეს. ეს იყო მიზანი, რომლის განხორციელება სრულიად ახალ პერსპექტივას შეუქმნიდა ჩვენს ქვეყანას. ის ადამიანები, რომლებიც უმკაცრეს შერჩევას გაივლიდნენ, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფოს ფუძემდებლები უნდა გამხდარიყვნენ, სახელმწიფოსი, სადაც წარმატება, ბოლოს და ბოლოს, საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებს დაუკავშირდებოდა.

არჩეული თუ არარჩეული კანდიდატები, ალბათ, არ უარყოფენ, რომ გზა სკოლის დირექტორობისკენ აღმავალი კი არა, დაღმავალი იყო. ყოველი მომდევნო საფეხური სულ უფრო მეტად ამძიმებდა და თელავდა ადამიანის ღირსებას. ამ დამოკიდებულების მთავარი ხატი ლოტოტრონია. ლოტოტრონის პრინციპი მეტყველებს იმაზე, თუ რა სურს სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის გამტარებელ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მანქანაში შეიძლება ჩაყარო და აურ-დაურიო ყველაფერი, სკოლის დირექტორების ბედის გარდა. ახალი დირექტორები ის ადამიანები უნდა იყვნენ, რომლებსაც სახელმწიფო სათითაოდ უდიდეს პატივს მიაგებს, რადგან აცნობიერებს მათ ფუნქციას, აფასებს მათ პიროვნულ და პროფესიულ ღირსებას. ლოტოტრონით არჩეული დირექტორი კი ის ადამიანია, რომელიც სახელმწიფოს სკოლის მნედ სჭირდება და არა სკოლის ლიდერად. სამართლიანობა, რომელიც ღირსების ხარჯზე ხორციელდება, მეტად საშიშია, განსაკუთრებით, სკოლაში. ლოტოტრონი არ არის შეცდომა - ეს არის სახელმწიფოს მიერ საკუთარი მომავლის ხედვა, რომელიც გაცილებით შემაძრწუნებელია, ვიდრე, თუნდაც, სანდრო გირგვლიანის სიკვდილი.
XS
SM
MD
LG