Accessibility links

logo-print

”ნარინჯის ველი” – 70


ნიკოლოზ შენგელაიას ”ნარინჯის ველი”,

რომლის გადაღებიდან 70 წელი გავიდა, ქართული კინოს საგანძურში არავის შეუტანია. უფრო პირიქით, როცა ”ელისოს” ავტორის შემოქმედებაზე საუბრობენ, ნიკოლოზ შენგელაიას თაყვანისმცემლები ცდილობენ საერთოდ არ ახსენონ ”ნარინჯის ველი” - სურათი საკოლმეურნეო მშენებლობაზე, 1937 წლის საბჭოთა კულტურისთვის ტიპიური გმირებით - სანიმუშო კომკავშირლებით, აგიტატორებითა და კლასობრივი მტრით, რომელიც ცდილობს ჩაშალოს საკოლმეურნეო მშენებლობა... მიუხედავად ამისა, ”ნარინჯის ველი”, რომლისთვისაც ნიკოლოზ შენგელაია და მთავარი როლის შემსრულებელი ნატო ვაჩნაძე სტალინური პრემიებით დაჯილდოვდნენ, მეოცე საუკუნის ქართული კულტურის ნაწილია...

20-იანი წლების მიწურულს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირში, ფაქტობრივად, აიკრძალა ნიკოლოზ შენგელაიას ”ელისო”, როგორც ”ანტირუსული ფილმი”, ნიკოლოზ შენგელაის რაღაცით უნდა დაემტკიცებინა, რომ იგი არ არის საბჭოთა ხელისუფლების მტერი. ამისათვის რეჟისორმა კარგი მასალა გამონახა - ბაქოს 26 კომისრის აჯანყება. ფორმალიზმთან ბრძოლა ქვეყანაში ჯერ დაწყებული არ იყო, რაც ნიკოლოზ შენგელაიას საშუალებას აძლევდა გაეგრძელებინა ექსპერიმენტები, რომელიც ”ელისოში” დაიწყო - გაეფართოებინა კინომონტაჟის შესაძლებლობები. მაგრამ ბედმა ისევ უმტყუნა. როგორც ნიკოლოზ შენგელაიას ვაჟი, ელდარ შენგელაია, ამბობს, 30-იანი წლების ახალმა მითმა სრულიად განდევნა ისტორიული სიმართლე, რომელსაც ნიკოლოზ შენგელაია ”26 კომისარში” ეყრდნობოდა:

[ელდარ შენგელაიას ხმა] ”მამამ გააკეთა ”26 კომისარი”, ისტორიულად ყველაფერი სწორი იყო... მაგრამ სტალინი არ იყო იქა...მერე დაიწერა ბერიას წიგნი, რომელშიც თითქოს სტალინი იყო სულისჩამდგმელი ამ ყველაფრისა, ამიტომ ” 26 კომისარი” აკრძალეს.”

ფილმმა ”ელისოს” ბედი გაიზიარა. ”26 კომისარი” ეკრანებზე გამოვიდა, მაგრამ ძალიან მცირე ტირაჟით. გარდა ამისა, ქვეყანაში უკვე დაიწყო ფორმალიზმთან ბრძოლა, რაც სრულიად საკმარისი გახდა შენგელაიას ფილმის თაროზე შემოსადებად.

უცნაურია, მაგრამ ასეთივე საშიშროება დაემუქრა ”ნარინჯის ველს” - ერთ-ერთ ყველაზე კონიუნქტურულ ქართულ ფილმს, გადაღებულს 1937 წელს, ლეო ქიაჩელის სცენარის მიხედვით:

[ელდარ შენგელაიას ხმა] ”ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა მიხეილ გელოვანი... და რადგან გელოვანი აქამდე სტალინის როლს თამაშობდა, ”ნარინჯის ველში” კი უარყოფითს, არც ამ ფილმის ჩვენება შეიძლებოდა.”

მიხეილ გელოვანი, რომელსაც საბჭოთა კავშირში ლამის სტალინის ორეულად აღიქვამდნენ, კლასობრივი მტრის როლში!.. ამისათვის ნიკოლოზ შენგელაია შეიძლებოდა დაეხვრიტათ კიდეც. თუმცა რეჟისორმა მაშინვე გაიმართლა თავი - ამ როლზე გელოვანი სტუდიის სამხატვრო საბჭომ დაამტკიცაო... დამნაშავეს ვერ მიაგნეს. მით უმეტეს, რომ ”ნარინჯის ველი” ძალიანაც ხელს აძლევდა ხელისუფლებას. მოსკოვისა და ლენინგრადის სტუდიებისგან განსხვავებით, საქართველოში ხომ ”ხალხის მტრებზე” გამოცხადებული ომის პერიოდში არაფერი გაკეთებულა ამ თემაზე. ელდარ შენგელაია აღიარებს, რომ ყოველთვის აინტერესებდა, როგორ შეეძლო ”ელისოს” ავტორს ათი წლის შემდეგ ”ნარინჯის ველის” გადაღება... რა მოხდა მასში, რა მოხდა მთლიანად საბჭოთა კულტურაში...

[ელდარ შენგელაიას ხმა] ”ამ თემით დავინტერესდი ახალგაზრდობაში და წავიკითხე მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული ლიტერატურა; ის მწერლები, რომლებიც იწყებდნენ 20-იან წლებში ან ცოტა ადრე - ევროპული ლიტერატურის მსგავსს ქმნიდნენ საქართველოში...დავინახე, როგორ იცვლება ეს ყველაფერი და როგორ დამორჩილდა ლიტერატურა იდეოლოგიას. ეს პროცესი მთელმა ხელოვნებამ გაიარა და, მათ შორის, კინომაც.”

”ნარინჯის ველი” სავსეა იმ კლიშეებით, რომელსაც ”დიდი წმენდის” დაწყების წინ დაჟინებით ამკვვიდრებდნენ სტალინის იდეოლოგები. ეს იყო ფილმი, რომელსაც უნდა გაემართლებინა სტალინური რეპრესიები, უნდა წარმოედგინა ქვეყანა, რომელიც აღმშენებლობის გზაზეა, მაგრამ, ამავე დროს, კლასობრივი მტრის მავნებლობა ემუქრება. ხალხს უნდა დაეჯერებინა ეს... შესაძლებელია, ამიტომაც შეირჩა სურათში საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი: ნატო ვაჩნაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, აკაკი ხორავა, უშანგი ჩხეიძე, მიხეილ გელოვანი... გადაიღეს ყველა, ვინც ქართული კულტურის სახეს ქმნიდა....რამაც, ერთი მხრივ, გაამართლა: ”ნარინჯის ველის” ამბავი უმრავლესობამ სრულიად სერიოზულად აღიქვა...მეორე მხრივ, სურათი აშკარად სჯობდა იმ ”აგიტფილმებს”, რომელსაც ამ დროს მოსკოვსა და ლენინგრადში იღებდნენ.

[ელდარ შენგელაიას ხმა] ”მამას ამ ბოლო სურათში საკმაოდ დამახასიათებელი ხალხური ელემენტი შეაქვს, რომელიც მაინც აკავშირებს ხალხურ ხელოვნებასთან, ქართულ ხელოვნებასთან და სულთან... გარდა ამისა, აქ არის გარკვეული ეპიზოდები, რომელიც ეშმაკურადაა გაკეთებელი - მაგალითად, მკვლელობა და მერე მკვლელის ტირილი. ეს ცრემლების ღვრა კუბოსთან მკვლელებისა ჩვენ ხომ რაღაცას გვაგონებს?”

”ნარინჯის ველმა” გადაარჩინა ყოფილი ფუტურისტი ნიკოლოზ შენგელაია - გადაარჩინა 37 წლის რეპრესიებს. სტალინურმა პრემიამ რეჟისორს კინოში მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცა. შენგელაიამ დაიწყო კიდეც ახალი სურათის, ”სამშობლოს”, გადაღება, მაგრამ ახლობლები, მეგობრები ამჩნევდნენ, რომ მას თავად გაუქრა გადაღების ენთუზიაზმი. საერთოდ, ძალიან შეცვლილი იყო:

[ელდარ შენგელაიას ხმა] ”როცა ამ თაობას აუგად იხსენიებენ ხოლმე, მე მწყინს, რადგან ისინი არანორმალურ სიტუაციაში იმყოფებოდნენ, მათ გარშემო სიცოცხლისა და სიკვდილის თამაში მიმდინარეობდა. მამაჩემი ბოლო პერიოდში ძალიან ნერვიულობდა, ძალიან ჰარმონიადაკარგული ადამიანი იყო - ეტყობოდა, რომ არ აკეთებდა იმას, რაც მასში იყო - აცნობიერებდა ამას.”

ელდარ შენგელაია გვთხოვს, ”ნარინჯის ველი”, რომელიც არაერთხელ გამხდარა კინოს ისტორიკოსთა ქილიკის საგანი, რომელსაც დღესაც უჩვენებენ ხოლმე ქართული ტელეარხები (თუნდაც იმიტომ, რომ ამდენ დიდ მსახიობს ერთად იშვიათად თუ ვნახავთ ქართულ ფილმში), რომლისაც რცხვენოდა თავად ავტორს - განვიხილოთ ისტორიის კონტექსტში... როგორც 1937 წლის თავისებური დოკუმენტი, როგორც შედეგი ზეწოლისა, რომელსაც ამ ეპოქის ხელოვანი განიცდიდა.. ”ეს არ იყო მხატვრის არჩევანი, როგორც, მაგალითად, 60-იან, 70-იან წლებში, - აღნიშნავს ელდარ შენგელაია, - როცა პროპაგანდისტული ფილმის გადაღება ხელოვანისთვის ”კარგი ცხოვრების” გარანტია ხდებოდა... ეს იყო ბრძანება, რომელსაც თუ არ დაემორჩილებოდი, სიცოცხლესთან მოგიხდებოდა დამშვიდობება.”

[ელდარ შენგელაიას ხმა] ”გალაქტიონ ტაბიძე მამაჩემისთვის უცნობი კაცი იყო. ისინი არ მეგობრობდნენ. გალაქტიონს აქვს ჩანაწერი, ნიკოლოზ შენგელაია შემოვიდა ჩვენს სამყაროშიო (ილია ჭავჭავაძის მუზეუმს იხსენებს), ნადირობიდან მოვიდაო და ჩვენს მოწყენილ სამყაროში სიხალისე შემოიტანაო... მერე კი წერს, გარეგნულად კი იყო ხალისიანიო, მაგრამ მის თვალებში დიდი სევდა დავინახეო. ეს არის გასაღები მამაჩემის ცხოვრებისა. მიზეზი იმისა, თუ რატომ გაუსკდა გული.”
XS
SM
MD
LG