Accessibility links

logo-print

როგორ აფასებენ თბილისში ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმას?


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი უკვე მეოთხეჯერ გადაურჩა აფხაზეთის ტერიტორიაზე მის წინააღმდეგ დაგეგმილ და განხორციელებულ თავდასხმას.

მეოთხე შემთხვევა მოხდა 9 ივლისს დილით გუდაუთაში, როცა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გუდაუთიდან სოხუმისკენ მიემართებოდა. მის ავტომანქანას ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. ვრცელდება ცნობები, თითქოს თავდამსხმელები რუსეთის სანომრე ნიშნის ავტომანქანით მოძრაობდნენ. ალექსანდრე ანქვაბი საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებით გადაიყვანეს. როგორ აფასებენ თბილისში მორიგ თავდასხმას აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრზე?

”საქართველოს სერიოზული მოწინააღმდეგე, კაცი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აფხაზურ წინააღმდეგობაში, მაგრამ რომელიც აფხაზ სეპარატისტთა შორის გამორჩეულად ჰუმანური იყო ქართველი ტყვეებისა და აფხაზეთში დარჩენილი ქართული მოსახლეობის მიმართ”- ასე ახასიათებს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა. ალექსანდრე ანქვაბზე მორიგ თავდასხმას ისიც, ისევე როგორც სხვა ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები, აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას უკავშირებს - ფიქრობს, რომ გამოკვეთილად აფხაზური იდეის მომხრე ანქვაბი აფხაზეთში მიუღებელია იმ პრორუსული ძალებისთვის, რომლებმაც უკვე აფხაზეთის მთელი პოლიტიკური სპექტრი მოიცვეს:

[გოგა ხაინდრავას ხმა] ”პრაქტიკულად აფხაზეთში არ არსებობს პროაფხაზური ძალა.ყველა ძალა არის რუსეთის პროექტების განმახორციელებელი.ერთადერთი, ვინც აფხაზური იდეის ერთგული რჩება, არის ალექსანდრე ანქვაბი. ”

”თავის დროზე აფხაზური იდეის მხარდამჭერად მიიჩნეოდა ბაღაფშიც, მისი არჩევით აფხაზები რუსეთის წინააღმდეგ წავიდნენ. სამწუხაროდ, ბაღაფშიც რუსეთის პროექტის ნაწილი გახდა ”, - დასძენს ნათქვამს საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.

ბაღაფში დე ფაქტო პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას მოსკოვიდან გამოეხმაურა. მოსკოვში მას მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა აფხაზეთის ჰუმანიტარული დახმარების ახალი გეგმა გააცნო. მოსკოვშია სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერიც. მოსკოვსა და სოხუმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ლუჟკოვს და ბაღაფშს სოჭში 2014 წლისთვის დაგეგმილი ოლიმპიადაც უკარნახებს. მაგრამ დავუბრუნდეთ გუდაუთაში მომხდარ თავდასხმას, რიგით მეოთხე თავდასხმას ალექსანდრე ანქვაბზე. ”გარკვეული ძალები აფხაზეთში უპირისპირდებიან რეფორმებს. როგორც ჩანს, მათ ხელს უშლის პრეზიდენტის გუნდი და ამ გუნდის ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. ისინი ვითარების დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს და, აცნობიერებენ თუ ვერა ამას, ჩვენი ოპონენტების პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ, ქვეყნისა, რომელთანაც აფხაზეთი საომარ მდგომარეობაში იმყოფება.. ” - აი, ასეთი განცხადებით გამოეხმაურა სერგეი ბაღაფში ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმას. გამოხმაურება საქართველოშიც იყო.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მომხდართან დაკავშირებით შემდეგი კომენტარით შემოიფარგლა:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ეს არ არის ჩვენი გასარჩევი, რატომ მოხდა და რა მოხდა. ის უკანონობა, რაც არის კონფლიქტის ზონაში, უნდა შეჩერდეს, უნდა შეწყდეს და ამისთვის ჩვენ ვთავაზობთ აფხაზებს ყველაზე მომგებიან სცენარს. ”

აფხაზეთში საქართველოს მიერ შეთავაზებულ სცენარზე დაფიქრებას არ ჩქარობენ.

დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა პრემიერზე თავდასხმას უწოდა თავდასხმა აფხაზეთის ახალგაზრდა რესპუბლიკაზე. დაწესდა ჯილდო 500 000 რუბლი ინფორმაციისთვის, რომელიც სამართალდამცველებს დანაშაულის გახსნაში დაეხმარება. აფხაზეთში თავის დროზე მონდომებით შეუდგნენ ანქვაბზე წინა თავდასხმების გამოძიებასაც. ბოლოს წინა თავდასხმა 2007 წლის ივნისში განხორციელდა, პირველად კი დე ფაქტო პრემიერის პოსტზე აფხაზეთში ანქვაბს 2005 წლის პირველ მარტს ესროლეს. ამ პირველ ფაქტთან დაკავშირებით ანქვაბმა მინიშნება არძინბას კლანზე გააკეთა, ძალაზე, რომელსაც აფხაზეთიდან ფერადი ლითონები გაჰქონდა... ბოლო თავდასხმას ტურისტულ ბიზნესს უკავშირებს აფხაზეთის დევნილი მთავრობის მეთაური მალხაზ აქიშბაია. მისი ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბს ტურიზმის სფეროში გავლენისთვის ბრძოლაში ესროლეს.
XS
SM
MD
LG