Accessibility links

logo-print

სარკოზის განცხადებები და გადაწყვეტილებები ევროპული პოლიტიკის ცენტრში


საფრანგეთში მალე ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ:

14 ივლისი, ბასტილიის აღების დღე, რომლითაც 1789 წელს საფრანგეთის რევოლუცია დაიწყო, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ეროვნული დღესასწაულია მთელს მსოფლიოში. მაგრამ ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი არ დაიცავს ერთ-ერთ ტრადიციას, რომელიც 14 ივლისის აღნიშვნას უკავშირდება.

საფრანგეთში დამკვიდრებული ტრადიციით, ბასტილიის დღე ასობით პატიმრის შეწყალების დღეც არის. არა მარტო სიმბოლური დატვირთვის გამო - ცნობილია, რომ ბასტილიის ციხის სახელიც კი საუკუნეების მანძილზე შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას - არამედ პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე. საფრანგეთის გადავსებულ ციხეებში ადგილი ჭირს.

შარშან პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა 3500-მდე პატიმარი შეიწყალა. წელს კი ნიკოლა სარკოზის, რომელიც ორი თვეც არ არის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობს, ციხეებიდან 3000 კაცის გაშვების თხოვნით მიმართეს. როგორც ირკვევა, ამაოდ.

სარკოზიმ საფრანგეთის პრესას აუწყა, რომ უარს ამბობს მასობრივ შეწყალებაზე. ამ ზომით ახალი პრეზიდენტისთვის მიუღებელია ციხეების მართვაზე ზრუნვა. მეორე მხრივ, მისთვის მისაღებია ინდივიდუალური დამსახურებების გათვალისწინება - როგორც მაგალითში, რომელიც თვით სარკოზიმ მოიშველია: “წარმოიდგინეთ, კაცი მდინარე სენაში გადახტეს და სამი ბავშვი სიკვდილს გადაარჩინოს, მერე აღმოჩნდეს, რომ ის ბოროტმოქმედებისთვის გასამართლებულია. ასეთ შემთხვევაში შეიძლება პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე ლაპარაკიო”, განმარტა სარკოზიმ ჟურნალ “დუ დიმანშთან” ინტერვიუში.

ძნელი სათქმელია, რამდენ თავგანწირულ ჰუმანისტს მიაკვლევენ ფრანგ მსჯავრდებულებს შორის - სავარაუდოდ, გაცილებით ნაკლებს, ვიდრე შარშან შეწყალებული 3500 კაცი იყო. ყოველ შემთხვევაში, ციხეების ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ სარკოზის განცხადება პროტესტს გამოიწვევს პატიმრებში, რომელთაც ბასტილიის დღის მოახლოებასთან დაკავშირებით ციხიდან გასვლის იმედი ჰქონდათ.

ამ დღეებში ნიკოლა სარკოზის პოზიციამ საერთაშორისო სარბიელზეც გამოიწვია უარყოფითი რეაქცია - საქმე უკვე არა ბასტილიის დღეს, არამედ ევროკავშირის საფინანსო პოლიტიკას ეხება.

ნიკოლა სარკოზი ორშაბათს დაესწრო ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრას ბრიუსელში და მათ განუმარტა, რომ საფრანგეთი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრას 2010 წლისთვის - ანუ იმ დროისთვის, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებთან სულ სამი თვის წინ გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს.

სარკოზის თქმით, პარიზი ვერ იძლევა გარანტიას, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 2012 წლამდე აღმოიფხვრება. [გროსის ხმა] “მაგრამ სარკოზი შეკრებილებს დაეთანხმა, რომ პარიზი მაინც უნდა შეეცადოს მიზნის 2010 წლისთვის მიღწევას. მან უბრალოდ თქვა - “ძალიან ვწუხვარ, თუ არ გამოგვივიდა, ძალიან მკაცრად ნუ განმსჯითო”. ასეა თუ ისე, ეს საკითხი ორ წელიწადზე უფრო ადრე ვერ გაირკვევა. ევროკავშირის სტაბილურობის პაქტის სხვა წევრები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ იმით, რომ ამ ეტაპზე კონფრონტაციას გადაურჩნენ”.

ეკონომიკის ექსპერტის, ევროპის პოლიტიკის კვლევის ბრიუსელში განთავსებული ცენტრის დირექტორ დანიელ გროსის ეს შეფასება - ბრიუსელში შეკრებილები ძალიან კმაყოფილი დარჩნენო - მიუთითებს, რომ მოხერხდა, განმუხტულიყო დაძაბულობა, რომელიც თავდაპირველად მოჰყვა სარკოზის განცხადებას ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრის დაყოვნებაზე. ზოგი სახელმწიფო, მათ შორის გერმანია კრიტიკას გამოთქვამდა. მისი შეფასებით, ევროკავშირის დამაჯერებლობას ბზარი უჩნდება, როცა აპრილში მიღწეულ შეთანხმებაზე ივნისში უკვე უარს ამბობენო.

დანიელ გროსის განმარტებით, ბრიუსელში შეკრებილებს მხარი არ დაუჭერიათ საფრანგეთის პოზიციისთვის, მაგრამ მათ ყური დაუგდეს სარკოზის და, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი რამ არ მოეწონათ, ამ ეტაპზე არ მიიჩნიეს საჭიროდ ხანგრძლივ დისკუსიაში ჩაბმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა ბრიუსელში იმსჯელეს, არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ხელმძღვანელის ვინაობაა. ამ უწყების დირექტორის პოსტს, რომელიც ტრადიციისამებრ ევროპელს უკავია, ოქტომბერში გამოეთხოვება ესპანელი როდრიგო რატო. ახალი კანდიდატურა საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ წამოაყენა - საფრანგეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი დომინიკ სტროს-კანი, რასაც ისევდაისევ კრიტიკა მოჰყვა.

[გროსის ხმა] “მას უდავოდ საუცხოო კვალიფიკაცია აქვს, ეს ეჭვს არ იწვევს. სადავო პირადად სტროს-კანი კი არ არის, არამედ ის, თუ როგორ წამოაყენეს მისი კანდიდატურა. როგორ? საფრანგეთის პრეზიდენტმა უბრალოდ განაცხადა, რომ ეგულება კანდიდატი, რომელიც, მისი აზრით, კარგია ამ პოსტისთვის. წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელს ასე არ უნდა ირჩევდნენ. არადა ეს, სამწუხაროდ, ჩვეულებრივ ამბად იქცა. საუკეთესო გზა იქნებოდა ღია კონკურენცია. ჩვეულებრივ როგორც ხდება ხოლმე, სამწუხაროდ, არც ისე კარგი გზაა”. ამ კრიტიკულ შეფასებას გამოთქვამს ევროპის პოლიტიკის კვლევათა ცენტრის დირექტორი დანიელ გროსი, რომელსაც, სხვათა შორის, თავადაც მოუწია საერთაშორისო სავალუტო ფონდში მუშაობა.

ასეა თუ ისე, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები ბრიუსელში შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ ფრანგ კანდიდატს სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე.

მოკლედ, ამ თვეში ევროკავშირის პოლიტიკაზე საუბრისას, საფრანგეთის თემას გვერდს ვერავინ აუვლის. კულმინაცია კი 14 ივლისს არის მოსალოდნელი, როცა პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ნებით კიდევ ერთი ტრადიცია დაირღვევა: ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში, ისტორიაში პირველად, მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ჯარისკაცები. ეს, სარკოზის რწმენით, მშვენიერი სიმბოლო იქნება ევროპისთვის, რომლისადმი ერთგულებაც სარკოზიმ პრეზიდენტად არჩევის დღესვე, 2007 წლის 6 მაისს გამოთქვა: [სარკოზის ხმა] “მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომლებთანაც ჩვენი ბედი მჭიდროდ არის დაკავშირებული - ვუთხრა მათ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ევროპელი ვარ, რომ ღრმად მწამს ევროპა და რომ დღეს საფრანგეთი ევროპაში დაბრუნდა”.
XS
SM
MD
LG