Accessibility links

logo-print

არის თუ არა ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა აფხაზეთში რუსეთის პროექტის შემადგენელი ნაწილი


აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბზე



განხორციელებულ რიგით მეოთხე თავდასხმასთან დაკავშირებით განსხვავებული ვერსიები ვრცელდება. რუსეთის მედია მათგან ყველაზე სარწმუნოდ მიიჩნევს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერს ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებები ებრძვიან, ძალები, რომლებისთვისაც მიუღებელია ორგანიზებულ დანაშაულთან აფხაზეთის ტერიტორიაზე დაწყებული ბრძოლა. ამ ვერსიაზე საუბრობენ საქართველოშიც, თუმცა ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები იხრებიან აზრისკენ, რომ ანქვაბი ყველაზე მეტად მიუღებელი გამოკვეთილად პრორუსული ძალებისთვისაა და, შესაძლოა, მასზე თვადასხმა რუსეთის სპეცსამსახურების მიერაც ყოფილიყო ორგანიზებული. თავად 9 ივლისს გადარჩენილი დე ფაქტო პრემიერი ხელს საქართველოსკენ იშვერს... საკითხავია, არის თუ არა ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა აფხაზეთში რუსეთის პროექტის შემადგენელი ნაწილი.

რუსეთის პროექტი აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რაულ ხაჯიმბას გაპრეზიდენტებას ითვალისწინებდა. მოხდა ისე, რომ აფხაზური საზოგადოება ამ პროექტის წინააღმდეგ წავიდა. დე ფაქტო პრეზიდენტად ბაღაფშის არჩევით მან აფხაზეთის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. იმის თაობაზე, თუ რა მოხდა შემდეგ, საქართველოში განსხვავებული აზრები გამოითქმის. როგორც ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ ახლახან რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ”სამწუხაროდ, ბაღაფში რუსული პროექტის შემადგენელ ნაწილად იქცა.” პაატა ზაქარეიშვილი (ექსპერტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში) ასე არ ფიქრობს - ბაღაფშს უფრო ზომიერ აფხაზ პოლიტიკოსად მიიჩნევს და ამბობს, რომ ის იძულებულია მფარველები რუსეთში ეძებოს, სინამდვილეში კი არც პრორუსულ პოლიტიკას ატარებს და არც ანტირუსულს. ექსპერტის აზრით, სამ ვარიანტს შორის - კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარება რუსეთთან, საქართველოს იურისდიქციის აღიარება და დღევანდელი სტატუს-კვოს რამენაირად შენარჩუნება, გავლენიანი აფხაზები არჩევანს უკანასკნელზე აკეთებენ და ამ არჩევანით მომავალს ანდობენ დღესდღეობით არარეალურზე ოცნების ხორცშესხმას. აფხაზეთში დღესაც დაპირისპირებაა ორ დაჯგუფებას შორის. ერთისთვის დამოუკიდებლობა არარეალურია და ხსნა რუსეთშია, მეორე კი აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრეა - არა მარტო საქართველოსგან, რუსეთისგანაც. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ამ, მეორე, პოზიციაზე მდგომია ანქვაბი, ყველაზე გავლენიანი ფიგურა აფხაზეთში, დე ფაქტო პრეზიდენტზე სერიოზული გავლენის მქონე ფიგურა. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ანქვაბის მოშორება იმ ძალის დაგეგმილია, რომელიც მომავალი არჩევნებით ანქვაბის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის წინააღმდეგია:


[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”ანქვაბმა შექმნა ბაღაფში, ბაღაფში მის გარეშე ვერ გახდებოდა პრეზიდენტი. არძინბა ებრძოდა ანქვაბს და არა ბაღაფშს, ბარიერები სწორედ ანქვაბს შეუქმნა, რათა ვერ გამხდარიყო დე ფაქტო პრეზიდენტი. ანქვაბმა მაინც დაამარცხა არძინბა, ოღონდ ბაღაფშის ხელით. ბაღაფში ანქვაბის გარეშე არაფერი არ არის. ”

დე ფაქტო პრემიერზე მორიგი თავდასხმის გამო დე ფაქტო პრეზიდენტმა მოსკოვში ვიზიტი შეწყვიტა და 10 ივლისისთვის უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

ალექსანდრე ანქვაბმა კი სააგენტო ”მედიანიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში შეკითხვას : ” რას იტყვით ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც თქვენი მოშორება რაულ ხაჯიმბას სურდა? ” უპასუხა, ასეთი ინფორმაციის უკან საქართველოს სპეცსამსახური დგას და ეს თავდასხმაც საქართველოს ხელისუფლების მოწყობილია, მსგავს პროვოკაციებში დახელოვნებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსიო. პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ანქვაბი გულწრფელი არ არის - რეალური ვერსია აქვს, მაგრამ მომენტით სარგებლობს და ტაქტიკურ სვლას აკეთებსო. ზაქარეიშვილისგან განსხვავებით, შოთა მალაშხია ( პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე) შორს არის აზრისგან, რომ ანქვაბზე თავდასხმის მიზეზი 2 განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციას შორის ჭიდილია. ის ამბობს, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ყველაფერს რუსეთი აკონტროლებს, გადაწყვეტილებებს იქ მხოლოდ რუსეთის კარნახით ღებულობენ, ერთმანეთს კი გავლენისა და ფულისთვის ებრძვიანო:

[შოთა მალაშხიას ხმა] ” შიგნით პიროვნული შეუთავსებლობაა, გამომდინარე ფულისგან, გავლენის სფეროებისთვის ბრძოლისგან და ამის გამო ხდება, რაც ხდება..” (სტილი დაცულია)

მართლაც ვინ და რისთვის დაგეგმა აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბის მოშორება, ამაზე მხოლოდ ვერსიებით შეიძლება ლაპარაკი. აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერზე წინა თავდასხმები გაუხსნელი დარჩა, ისევე როგორც 7 წლის წინ სოხუმის ცენტრში
ასევე გავლენიანი ფიგურის, ზურაბ აჩბას, მკვლელობა. ანქვაბის არ იყოს, არძინბასთან დაპირისპირების გამო ისიც ომის შემდგომ რუსეთში ცხოვრობდა და აფხაზეთში 1998 წელს დაბრუნდა. ამბობენ, რომ მან გადაუხვია სეპარატისტულ იდეებს და დასაშვებად მიაჩნდა საქართველოს მხარესთან კომპრომისები. ასეა თუ ისე, ერთ-ერთ თავის ბოლო ინტერვიუში ზურაბ აჩბა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში რუსეთის მედიატორობის წინააღმდეგ გამოდიოდა. პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ მასაც და ანქვაბსაც პროაფხაზური იდეის მოწინააღმდეგე ძალამ ესროლა.






XS
SM
MD
LG