Accessibility links

logo-print

ლიბიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, სიკვდილმისჯილთა გადარჩენის იმედი ჯერ კიდევ არსებობს


ლიბიის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სასიკვდილო განაჩენები ხუთი ბულგარელი მედდისა და პალესტინელი ექიმის საქმეში,

რომლებიც დამნაშავედ სცნეს შიდსის ვირუსით ასობით ლიბიელი ბავშვის განზრახ ინფიცირებაში. თავად ბრალდებულები საკუთარ დანაშაულს კატეგორიულად უარყოფენ, რის გამოც მათი საქმე დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს არა მარტო ლიბიასა და ბულგარეთში, არამედ მთელს მსოფლიოში.

ხუთ ბულგარელ მედდასა და პალესტინელ ექიმს სასამართლომ ჯერ კიდევ 2004 წელს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი შეძენილი იმუნოდეფიციტის ვირუსით 438 ბავშვის განზრახ ინფიცირებისთვის. დაპატიმრებით კი ბრალდებულები კიდევ უფრო ადრე, 1999 წელს დააპატიმრეს. ექვსივე სიკვდილმისჯილი გადაჭრით უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ აღიარების მოსაპოვებლად ისინი არაერთხელ აწამეს.

ჯანდაცვის უცხოელ ექსპერტთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ბავშვების ინფიცირების მიზეზად ბენღაზის საავადმყოფოში არსებული ცუდი სანიტარული პირობები იქცა.

მაგრამ ლიბიის უზენაესმა სასამართლომ დღეს ძალაში დატოვა, თავდაპირველი განაჩენი, რომელიც ექვსივე მედიკოსის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. არადა, ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ცნობები, თითქოს ბრალდებულებს განაჩენს შეუმსუბუქებდნენ და ნებას დართავდნენ, სასჯელი ბულგარეთში მოეხადათ. სხვათა შორის, ამ შემთხვევაში ამ უფლებით ისარგებლებდა პალესტინელი ექიმიც, რომელსაც სულ ახლახან ბულგარეთის მოქალაქეობა მიენიჭა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ჯერ საბოლოოდ არ გადაწურულა იმედი, რომ მხარეებს შორის გარიგება მოხდება და მედიკოსები სიკვდილს გადაურჩებიან.

[მომჩილ ინჯოვის ხმა] "როგორც კი გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ სასიკვდილო განაჩენები ძალაში დარჩა, ინფიცირებულ ბავშვთა ნათესავების გაერთიანებამ უარყო რაიმე გარიგების ფაქტი. ევროპის კომისიამაც გამოაცხადა, რომ გარიგებაზე არაფერი იცის. ოფიციალურად არავის არაფერი დაუდასტურებია, მაგრამ არაოფიციალურად კარგად არის ცნობილი, რომ საქმეში ფულია ჩარეული. ლიბიელები ფულს მოითხოვენ."

ეს ბულგარელი ჟურნალისტი მომჩილ ინჯოვია, რომელიც გულდასმით ადევნებდა თვალს სასამართლო პროცესის მსვლელობას. რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში იგი ამბობს, რომ ყოველი ინფიცირებული ბავშვისთვის ლიბიელები ათ მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვენ.

[მომჩილ ინჯოვის ხმა] "საინტერესოა, რომ ლიბიელები ყოველი ინფიცირებული ბავშვისთვის ათ მილიონ დოლარს ითხოვენ. ეს მოთხოვნა ძალაუნებურად გვახსენებს ლოკერბის საქმეს, როცა ლიბია დათანხმდა, კომპანსაციის სახით, 10 მილიონი დოლარი გადაეხადა 19 წლის წინანდელი თავდასხმის შედეგად დაღუპული ყოველი ადამიანისთვის."

შეგახსენებთ: 1987 წლის 21 დეკემბერს შოტლანდიის პატარა ქალაქ ლოკერბის თავზე აფეთქდა ავიაკომპანია "პან ამერიკანის" კუთვნილი თვითმფრინავი, რის შედეგადაც 270 ადამიანი დაიღუპა: თვითმფრინავში მყოფი 259-ვე პირი და ლოკერბის 11 მცხოვრები. აფეთქების მოწყობაში დამნაშავედ სცნეს ლიბიის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი აბდელ ბასეთ ალი მეგრაჰი, რომელიც 27-წლიან სასჯელს იხდის შოტლანდიის ერთ-ერთ ციხეში. ლიბიის ხელისუფლებამ აღიარა პასუხისმგებლობა იმ თავდასხმისთვის და დაღუპულთა ოჯახებს, კომპენსაციის სახით, ჯამში 2,7 მილიარდი დოლარი გადაუხადა.

ბულგარეთი - თუ ისევ მედდების საქმეს დავუბრუნდებით - კომპანსაციის გადახდაზე უარს აცხადებს. თუმცა, ამ ქვეყანაში, ევროპის კავშირის ეგიდით, შეიქმნა საგანგებო საქველმოქმედო ფონდი ინფიცირებული ბავშვებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად.

ბულგარელი ჟურნალისტი მომჩილ ინჯოვი ამბობს, რომ მედდების საქმეში საბოლოო სიტყვა ლიბიის სასამართლოს უზენაესმა საბჭომ უნდა თქვას.

[მომჩილ ინჯოვის ხმა] "სასიკვდილო განაჩენებს რომ ძალაში დატოვებდნენ, მოსალოდნელი იყო. ყველანი ველოდით, რომ სწორედ ასე მოხდებოდა. ახლა იმის იმედიღა გვრჩება, რომ შედგება საქმის განხილვა ლიბიის სასამართლოს უზენაეს საბჭოში, რომელიც - ყველა სხვა სამართლებრივი პროცედურის ამოწურვის შემდეგ - ერთადერთი ორგანოა, ვისაც სასიკვდილო განაჩენის გაუქმება შეუძლია."

დღეს, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა მედდებისა და ექიმებისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, ბულგარეთის პრეზიდენტმა გეორგი პარვანოვმა ლიბიის სასამართლოს უზენაეს საბჭოს მიმართა მოწოდებით, აღარ გააჭიანუროს საქმის განხილვა და განაჩენი შეურბილოს ბრალდებულებს.

დღესვე ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარის, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ჟოზე სოკრატეშმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყოველ ღონეს იხმარს პრობლემის მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG