Accessibility links

logo-print

ამოიწურა თუ არა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის განხილვის საკასაციო ვადა?


საქართველოს უზენაეს სასამართლოს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების საქმის განხილვის ექვსთვიანი ვადა 11 ივლისს ამოეწურა.

ამის შესახებ გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე აცხადებს. ვადების დარღვევას უარყოფს საქართველოს უზენაესი სასამართლო, რომლის განმარტების თანახმად, საკასაციო საჩივარი სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში 2007 წლის 30 იანვარს შევიდა. გაგაცნობთ მხარეთა პოზიციებს.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე განაჩენი ერთი წლის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ჩემიამ ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოაცხადა და მთავარ ბრალდებულს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი განყოფილების უფროს გია ალანიას, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენ სამ ბრალდებულს – ავთანდილ აფციაურს, ალექსანდრე ღაჭავას და მიხეილ ბიბილურიძეს - 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2006 წლის 11 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 28 წლის სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომელი დამნაშავედ ცნო. „სასამართლო გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ საქმეზე ნახევრად სიმართლე თქმულიყო და არ დამდგარიყო შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის თაკო სალაყაიას და ამავე სამინისტროს მაღალჩინოსნების ოლეგ მელნიკოვის, დათა ახალაიას, ვასილ სანოძისა და გურამ დონაძის პასუხისმგებლობის საკითხი, - განაცხადა მაშინ სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ, რომელსაც, თავის მხრივ, არც საკასაციო სასამართლოს ობიექტურობისა სჯერა, მაგრამ, სტრასბურგის ევროპის სასამართლოში სარჩელის წარსადგენად საჭირო ყველა პროცედურის დაცვის მიზნით, 2007 წლის 11 იანვარს, სანდრო გირგვლიანის დედასთან, ირინა ენუქიძესთან ერთად, საკასაციო საჩივარი უზენაესი სასამართლოს კანცელარიაში შეიტანა. ამ დღიდან ზუსტად 6 თვე გავიდა და, შესაბამისად, ვადის დარღვევის გამო, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში წარდგენილ სარჩელს, შალვა შავგულიძის განმარტებით, კანონდარღვევის კიდევ ერთი პუნქტი დაემატა:

[შალვა შავგულიძის ხმა]“ საკასაციო საჩივრის შეტანიდან 6 თვის ვადაში უკვე სასამართლო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, თითქოს უზენაესი სასამართლო უკეთებს ისეთ ინტერპრეტაციას ამ ნორმას, რომ საკასაციო პალატაში შესვლის დღიდან ითვლიან ვადას, რაც აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგოა, ასე კანონის წაკითხვა ყოვლად დაუშვებელია და თუ ეს ესე მოხდება, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, დავუმატებთ ამ პოზიციას ჩვენს საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.“(სტილი დაცულია)

საქართველოს უზენაესი სასამართლო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ვადების დარღვევის ფაქტს უარყოფს და განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში 2007 წლის იანვარში შევიდა და ვადაც, შესაბამისად, 30 ივლისს იწურება. მოდავე მხარეები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 551–ე მუხლის მეორე პუნქტს ეყრდნობიან და ამ მუხლს განსხვავებულად განმარტავენ. მთავარი კი მთელ ამ დავაში ისაა, რომ საკასაციო ინსტანციას საქმის განხილვის დაწყება– არდაწყების საკითხზე არაფერი უცნობებია კასატორისათვის. რა გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღოს საკასაციო ინსტანციამ მის მიერ ათვლილი საკასაციო ვადის ამოწურვის დროისთვის? ადვოკატი სამ შესაძლო ვარიანტზე მიუთითებს:

[შალვა შავგულიძის ხმა]“ ერთი, რომ მოხდეს განხილვა კასატორის მონაწილეობით,რაც უკვე არ მოხდა. მეორე ვარიანტი, მოხდეს საკასაციო საჩივრის განხილვა, მაგრამ მხარეთა მონაწილეობის გარეშე - თავად სასამართლომ შეაფასოს საკასაციო საჩივრები და, მესამე, საერთოდ არ მოხდეს განხილვა, ანუ საჩივარი არ იქნეს მიჩნეული დასაშვებად. მაგრამ ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაასაბუთონ, რა პარამეტრით არ იქნა მიჩნეული დასაშვებად.“

უზენაესი სასამართლოს სტატისტიკისა და ინფორმაციის განყოფილების მონაცემებით, 2007 წლის 5 თვეში განხილული საქმეების უმრავლესობაზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ქვემდგომი ინსტანციების განაჩენი უცვლელი დატოვა. უზენაეს სასამართლოს სასჯელის დამძიმების უფლება არა აქვს, საკასაციო ინსტანცია მსჯავრდებულთა მდგომარეობას ამსუბუქებს ან განაჩენს ძალაში ტოვებს, თუმცა აქვს უფლება საქმე ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დააბრუნოს. სწორედ ამას ითხოვს სანდრო გირგვლიანის ოჯახი:

[ირინა ენუქიძის ხმა]“ მე ბრძოლას არ ვწყვეტ, ვიმედოვნებ, რომ 2007 წელს ყველას დავსჯი.“

ირინა ენუქიძემ ეს 2006 წლის 27 იანვარს გვიან ღამით პოლიციის თანამშრომლების მიერ გატაცებული სანდრო გირგვლიანის მკვლელობის წლისთავზე განაცხადა. სანდრო გირგვლიანის დედა ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მცირედი გაუმჯობესების მიუხედავად, მაინც მძიმეა.
XS
SM
MD
LG