Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ სპეციალური დადგენილება მიიღო


საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით სპეციალური დადგენილება მიიღო


და საბანკო სექტორისა და ქვეყნის მაკროეკონომიკის მარეგულირებელ ერთ-ერთ მთავარ ორგანოს რამდენიმე რეკომენდაციაც შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ ორიოდე თვის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენებას, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც კი, ბევრი კრიტიკა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ პარლამენტის დადგენილება ძალზე მკაცრი იქნებოდა, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა. როგორ შეაფასა პარლამენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობა და რა რეკომენდაციები გასცა?

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვას ბევრი კამათი და დისკუსია არ მოჰყოლია:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”ფრაქციების სახელით გამოხვალთ?
არა? ვსიო, თქვენც კარგად, ჩვენც კარგად.”(სტილი დაცულია)

არადა, ორიოდე თვის წინ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენებისა და ბანკის საცავებიდან მიმოქცევიდან ამოღებული კუპიურების დაკარგვის გამო ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე, ვერავინ იფიქრებდა, რომ პარლამენტი დადგენილებას ასეთი ფორმით მიიღებდა. პარლამენტართა მაშინდელ განცხადებებს შეგახსენებთ. ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე:

[დავით გამყრელიძის ხმა] „შიდა სახელისუფლო ბრძოლებია. ასეთი რამ ყველა ქვეყანას და,მათ შორის, საქართველოსაც ახასიათებს. ვნახოთ, ბოლოს ვინ გაიმარჯვებს, ვისი დაჯგუფება, ვისი კლანი. ეროვნული ბანკის ჩაგდება ყველა კლანს ძალიან უნდა.“

უმრავლესობის წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო პაპავა:

[ლადო პაპავას ხმა] „2002 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოსთხოვო პასუხი ბატონ რომანს, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდა 2005 წელს, ცოტა უხერხულია.“

მიუხედავად ასეთი ვარაუდებისა, 11 ივლისს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. დადგენილება საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გააცნო:

[ირაკლი კოვზანაძის ხმა] ”საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიში მიღებული იქნას ცნობად, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააძლიეროს მუშაობა ინფლაციური პროცესების პროგნოზირებისა და მათი დროული პრევენციის მიზნით. ამასთან, ეროვნული ბანკის საბჭომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ უარყოფით სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე, რაც შეიძლება ლარის გაცვლითი კურსის შემდგომ მკვეთრ გამყარებას მოჰყვეს.”

დადგენილებაში ასეთი სულ 6 პუნქტია და მათ არა აქვთ დირექტივის ხასიათი, რადგან საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა, ხოლო კონსტიტუციის 96-ე მუხლისა და ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუკი დაუშვა სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომა, რითაც არსებითი ზარალი მიაყენა ეროვნულ ბანკს, ანდა ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან თუ სასამართლომ ის ქმედობაუუნაროდ ცნო. შესაბამისად, გადამწყვეტი სიტყვა არა პარლამენტს, არამედ საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG