Accessibility links

logo-print

ირანში პროფკავშირის ლიდერი გაუჩინარდა


10 ივლისს თეირანში პროფკავშირის ლიდერი გაიტაცეს - მანსურ ოსანლუ, რომელიც ორი წელია სათავეში უდგას

თეირანის ავტობუსის კომპანიაში დასაქმებულთა პროფკავშირულ ორგანიზაციას.

გატაცების სცენას თვითმხილვეველები ასე აღწერენ: ოსანლუ ავტობუსიდან ჩაიყვანეს უცნობმა პირებმა, მგზავრებს დაუღრიალეს, საქმეში არ ჩარეულიყვნენ და ოსანლუ ავტომანქანაში ჩასვეს. მისთვის არც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დაუკლიათ. ამ სცენის შემდეგ მანსურ ოსანლუს კვალი დაიკარგა.

49 წლის ირანელი აქტივისტი პროფკავშირში შესრულებული როლის გამო აქამდეც არაერთხელ დაუკავებით, მაგრამ ამჯერად ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ მანსურ ოსანლუ დაპატიმრებული არ არის. ამდენად, ოსანლუს ახლობლები მას ჯერჯერობით ამაოდ ეძებენ.

აი, რა უთხრა ჩვენი რადიოს ირანულ სამსახურს ოსანლუს პროფკავშირის დირექტორის მოადგილე ებრაჰიმ მადადიმ: [ოსანლუს ხმა] “ძებნა რომ გავაგრძელეთ, მე, ოსანლუს ცოლი და ძმა პოლიციის განყოფილებაში მივედით, იქიდან საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიციას და მოალემის ქუჩაზე მდებარე რევოლუციურ სასამართლოს მივაშურეთ. სამწუხაროდ, ახალი ვერაფერი შევიტყვეთ”.

ჩვენი რადიოს ირანულმა სამსახურმა შეიტყო ასევე, რომ ირანის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მას არ გაუცია ოსანლუს დაპატიმრების ორდერი, მისი გაუჩინარების საქმე კი სისხლის სამართლის სასამართლოს გადაეცა.

თუმცა, ამ განცხადებისა ბევრს არ სჯერა. ტრანსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ 11 ივლისს გამოშვებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ გავითვალისწინებთ, აქამდე როგორ ეპყრობოდნენ პროფკავშირის ლიდერს - რომ ის ბოლო ორი წლის მანძილზე რამდენჯერმე შეიპყრეს, გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს - არის ობიექტური საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მის შეპყრობაში ახლაც ირანის მთავრობის რომელიმე უწყების ხელი ურევია.

ოსანლუს გაუჩინარების გამო შეშფოთება გამოთქვა და მისი განათავისუფლება მოითხოვა რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამაც, მათ შორის ავტორიტეტიანმა “ამნესტი ინტერნეიშენალმა”. ოსანლუს განთავისუფლების მოთხოვნით გამოდიან ირანელი უფლებადამცველები და ინტელექტუალები.

ირანელ უფლებადამცველ აბდოლფატაჰ სოლტანის შეფასებით, ოსანლუს წინააღმდეგ მიღებული ზომები ცხადჰყოფს ირანის მმართველი რეჟიმის მზარდ ზეწოლას ოპონენტებზე. [სოლტანის ხმა] “შიშის ატმოსფეროს დამკვიდრებით ხელისუფლებას სურს ხელი შეუშალოს ადამიანების გააქტიურებას და ჩააჩუმოს ყველა, ვინც უკმაყოფილოა ხელისუფლების საქმიანობით. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ იდეას ძალით ვერ მოსპობ. შეუძლებელია ყველას გაკონტროლება ძალის გამოყენებით”.

ბოლო თვეების მანძილზე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ათობით მუშისა და პროფკავშირელის წინააღმდეგ მიმართავდნენ ზომებს, ზოგი დააპატიმრეს კიდეც. ჩვენი რადიოს ირანული სამსახურის ინფორმაციით, 10 ივლისს დაიწყო 11 მუშის სასამართლო პროცესი - მათ ბრალდება წაუყენეს 1 მაისის საპროტესტო აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

დამსჯელი ზომა არ ასცდა არც საინფორმაციო საშუალებას, რომელმაც მუშების დემონსტრაციები გააშუქა: 11 ივლისს ირანის საინფორმაციო სააგენტო “ილნას” ვებსაიტი დაბლოკეს.

როგორც მანსურ ოსანლუს ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში აქვს ნათქვამი, ირანის ხელისუფლებმა უშიშროების პრობლემად აქციეს ის, რაც უბრალოდ პროფკავშირისა და მუშების მოთხოვნა იყო.
XS
SM
MD
LG