Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც გაინაწილეს მოსკოვმა და თათრეთმა უფლებამოსილებები?


რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა ხელშეკრულება, რომელიც ეხება უფლებამოსილების განაწილებას ცენტრალურ ხელისუფლებასა და თათრეთის რესპუბლიკას შორის.

საქმე ეხება პირველ ასეთ შეთანმხებას, რის შემდეგაც თათრეთის მაგალითს, შესაძლოა, რუსეთის სხვა რეგიონებმაც მიბაძონ.

ხელშეკრულება თათრეთის ხელმძღვანელობას მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს ეკონიმიკის, კულტურისა და გარემოს დაცვის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, ითვალისწინებს თათრეთის ნავთობსაბადოების ერთობლივ მართვას ფედერალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა მიერ.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატა, სახელმწიფო სათათბირო, ამ შეთანხმებას 4 ივლისს მიემხრო, ზედა პალატა, ფედერაციის საბჭო, 11 ივლისს. სწორედ 11 ივლისის სხდომაზე დასწრების შემდეგ თათრეთის პარლამენტის თავმჯდომარე ფარიტ მუხამეჩინი ტელეფონით ესაუბრა რადიო თავისუფლებას: [მუხამეჩინის ხმა] “ხელშეკრულების დამტკიცება ცხადჰყოფს, რომ რუსეთის კონსტიტუცია ბოლოსდაბოლოს ამოქმედდა. მასში ნათქვამია, რომ ფედერალურ ცენტრსა და რეგიონებს შორის ურთიერთობას არა მარტო კონსტიტუცია და კანონები არეგულირებს, არამედ საგანგებო ხელშეკრულებებიც. ასე რომ, ამიერიდან ეს მუხლი ამოქმედდა. ეს კი ნიშნავს, რომ უნდა მოველოდეთ ნამდვილი ფედერალიზმის დამკვიდრებას რუსეთში”.

ეს შეფასება თათრეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ჩვენი რადიოს თათარ-ბაშკირულ სამსახურთან სატელეფონო ინტერვიუში გამოთქვა. ექსპერტი ალექსანდრ კინიევი კი - ის საინფორმაციო პოლიტიკის განვითარების ფონდის რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელია - ყურადღებას ამახვილებს თათრეთის განსაკუთრებულ სტატუსზე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში: [კინიევის ხმა] “ცენტრალური ხელისუფლებისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ურთიერთობას თათრეთის ელიტასთან. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გაკეთდა სიმბოლური დათმობა, რომელიც აჩვენებს, რომ თათრეთს განსაკუთრებული მანდატი აქვს, რომ ის განსაკუთრებული რეგიონია და რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს თათრეთის ხელისუფლებასთან”.

თათრეთის განსაკუთრებულ სტატუსზე საუბრისას გასათვალისწინებელია, რომ თათრები რუსეთის მოსახლეობის თითქმის 4 პროცენტს შეადგენენ - ანუ, ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს თვით რუსების შემდეგ. ექსპერტ ალექსანდრ კინიევს მაინც ვერ წარმოუდგენია, რომ საქმე ისევ მივიდეს 90-იან წლებში შექმნილ ვითარებამდე, როცა რუსეთში რამდენიმე რეგიონი სარგებლობდა ფართო ავტონომიით.

[კინიევის ხმა] “ეს ხელშეკრულება ბევრი თვალსაზრისით არის სიმბოლური, რადგან რეგიონს რეალურად არ აძლევს ეკონომიკურ უფლებამოსილებებს. ანუ, ყველაფერი მასში მხოლოდ სიმბოლიკაა. დავუშვათ, შესაძლებელია პასპორტში გვერდის ჩამატება თათრულ ენაზე წარწერით და ა.შ. მაგრამ სერიოზული ბერკეტები რეგიონული ეკონომიკის დასაცავად, რაც ჩვენში ხდებოდა 90-იანი წლების დასაწყისში, (როცა ბევრი რეგიონი იყენებდა ხელშეკრულებებს რეგიონში გარედან ბიზნესის შეღწევის თავიდან ასაცილებლად) ამ ხელშეკრულებაში, რასაკვირველია, მსგავსიც კი არაფერია ჩადებული”.

90-იან წლებში, ალექსანდრ კინიევმა რომ ახსენა, პრეზიდენტი ბორის ელცინი იყო. ვლადიმირ პუტინმა კი ხელისუფლების სთავეში ჩადგომის შემდეგ მკაცრად შეზღუდა რეგიონების უფლებამოსილებები - რეგიონთა ლიდერებს აღარ ირჩევენ, მათ პრეზიდენტი წარადგენს. ასევე პუტინმა გააუქმა წინამორბედის მმართველობის წლებში გაფორმებული 40-ზე მეტი შეთანხმება, რეგიონების ავტონომიას რომ ეხებოდა, გაძლიერდა კრემლის კონტროლი რეგიონებზე. თათრეთი ამჟამად ერთადერთია რუსეთის პროვინციებიდან, ოფიციალურად რომ სარგებლობს სპეციალური სტატუსით.

თუმცა მას შესაძლოა სხვებმაც მიბაძონ - შესაძლო კანდიდატებად ჩეჩნეთს, ბაშკირეთსა და სახის რესპუბლიკას ასახელებს პოლიტოლოგი ევგენი ვოლკი, კვლევით ცენტრ “ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” მოსკოვის ოფისის დირექტორი.

[ვოლკის ხმა] “ვფიქრობ, ეს არის ძალიან ძლიერი და არაორაზროვანი სიგნალი ყველა ამ რესპუბლიკის ლიდერებისთვის, რადგან ისინი ყოველთვის თათრეთზე იღებდნენ ორიენტაციას. მათ ესმით, რომ კრემლთან ასეთი ხელშეკრულების დადებით თათრეთი ცნობს ახალ ვითარებას და სხვებსაც გარკვეულწილ ეპატიჟება, მიბაძონ მის მაგალითს. ამიტომ მგონია, რომ ძალიან მალე აუცილებლად იქნება ახალი ხელშეკრულებები მოსკოვსა და რესპუბლიკებს შორის”, - ოღონდ ახალი ხელშეკრულებები, დასძენს ევგენი ვოლკი, კრემლისთვის სასურველი პირობებით.
XS
SM
MD
LG