Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზარდები დუშეთიდან: გაიცანით და ისიამოვნეთ!


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული



ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი რეგიონებში რამდენიმე სკოლის უფროსკლასელებს ეწვია და მსურველებს შესთავაზა საკუთარი აზრი წერილობით გამოეთქვათ ორ სადისკუსიო ფრაზასთან დაკავშირებით. საქართველოს ერთ-ერთი რიგითი სკოლის - დუშეთის მეორე საჯარო სკოლის - მოსწავლეების ნაწერები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ სურვილი გამიჩნდა მათ შესახებ თქვენთვისაც მომეთხრო.

სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი, შედეგად, ღირებულებების ღერძის მოშლა და, შედეგად, მოზარდთა უკიდეგანო აგრესია, თითქოს, ერთი ჯაჭვის უცილობელი რგოლებია. როდესაც ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე საქართველოს ხუთ პროვინციულ სკოლას ეწვია, განსაკუთრებულ შედეგს არ ელოდა. თუმცა ხუთი სკოლიდან ორში - დუშეთის მეორე საჯარო სკოლასა და თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოს საჯარო სკოლაში - მან მეტად საინტერესო მოზარდები აღმოაჩინა. მათი ნაწერების წაკითხვის შემდეგ პირადად ჩემთვის ეჭვის ქვეშ დადგა სტერეოტიპი საქართველოში სასკოლო განათლების ტოტალურად დაბალი დონის შესახებ.

დღეს დუშელ მოსწავლეებზე გიამბობთ და გეტყვით, რომ მოზარდებისთვის არც სტუმრის ვიზიტის შესახებ იყო რამე ცნობილი, არც სადისკუსიო ფრაზების შესახებ და თხზულებები, რომელთა ფრაგმენტებსაც გაეცნობით, სპონტანურად შეიქმნა მერი მაღლაფერიძის თანდასწრებით. მოსწავლეებს შესთავაზეს საკუთარი აზრი გამოეთქვათ შემდეგ ფრაზებზე: “ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, მაშინაც კი, როცა ეს ჩემთვის საზიანოა” და “გოგონასა და ვაჟს შორის მეგობრობა შეუძლებელია”.

ორიოდე ციტატის გაცნობის შემდეგ მსმენელი თავად დარწმუნდება, რამდენად საინტერესოდ აზროვნებენ და რამდენად გამართულად წერენ საქართველოს ერთ-ერთი რიგითი - არათბილისური - სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები.

ნათია თანიაშვილი: “ჩემს ერთ კლასელს დაბადებიდან დიდი თავი აქვს. სხვა კლასელები, რომელთაც ნორმალური ზომის თავები აქვთ, მას სულ ამცირებდნენ. ეს ბავშვიც დაკომპლექსდა და ეგონა, რომ მართლა ძალიან დიდი თავი ჰქონდა. ამის გამო სკოლაში იშვიათად დადიოდა და თუ მოვიდოდა, სხვა ბავშვებთან კონფლიქტს ერიდებოდა, რადგან სულ ელოდებოდა, რომ თავის ზომას შეახსენებდნენ, რაც ძალიან სწყინდა. ჩემზე ეს მაშინაც კი მოქმედებდა, როცა პატარა ვიყავი და საკუთარი აზრის გამოხატვა არ შემეძლო. მაგრამ თანდათან თანაკლასელებთან არაერთი კონფლიქტი მომიხდა ამ ბავშვის გამო. არ მინდოდა, რომ ჩემს გვერდით ეცხოვრა ადამიანს და, განსაკუთრებით, ბავშვს, რომელსაც ეგონა, რომ სხვებზე რაიმეთი ნაკლები იყო”. დავით ხულუზაური: “ერთხელ დედაჩემს ტყუილად ვუთხარი, რომ მამაჩემი ავარიაში მოყვა. დედა ცუდად გახდა და მერე ავუხსენი, რომ მოვატყუე. ძალიან მცემა. მაშინ 12 წლის ვიყავი. ამის შემდეგ სიმართლესაც აღარ მიჯერებენ და ყველა ნათქვამს მიმოწმებენ. ახლა გამოვსწორდი, მატყუარა არ გეგონოთ. ისე, მაინც ნუ დამიჯერებთ, შეიძლება, ამ თემაშიც გატყუებდეთ”. თამუნა ზვიადაური: “სიმართლე ორგვარი არსებობს: როდესაც ის საზიანოა და როდესაც სასარგებლოა. ზოგჯერ არის მომენტი შენს ცხოვრებაში, როცა მიგაჩნია, რომ საჭიროა ტყუილი თქვა. მაშინ არ ფიქრობ, ეს ტყუილი ვისთვის საზიანო იქნება და ვისთვის სასარგებლო. ასეთ სიტუაციაში თითქმის ყველა ყოფილა და, მათ შორის, მეც. სიმართლე ზოგჯერ ძალიან მწარეა, მაგრამ ერთადრთი გზაა, რომ დაჩაგრული არ დარჩეს ის მხარე, რომელიც მართალია. საზოგადოებაში ბევრი კონფლიქტია და ამ კონფლიქტებს უმეტესობა, სამწუხაროდ, ტყუილით აგვარებს.” გიორგი მათიაშვილი: “მეგობრობა ორგვარი არსებობს: ნამდვილი და ყალბი. ყალბია მეგობრობა, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს იყენებს, თანაც, ისე აჩვენებს თავს, თითქოს მეგობარია. ასეთ შემთხვევაში მეგობრობა ხანმოკლეა და ზოგჯერ - საზიანოც. ნამდვილი მეგობრობა კი, პირველ რიგში, ისაა, როცა ადამიანი არ მიგაჩნია ნივთად, რომლითაც მხოლოდ საქმის მოგვარება შეიძლება.”

ეს ციტატები მხოლოდ ზედაპირულად ასახავს დუშეთის მეორე საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი მოსწავლეების სააზროვნო და წერით უნარებს, რომლებიც, ნაწერების სრულად გაცნობის შემთხვევაში, გულგრილს არავის დატოვებს. ჩვენთვის უცნობია, ვინ არის ამ მოზარდების ქართულის მასწავლებელი, თორემ სიამოვნებით მივუთითებდით მასზე ადამიანებს, რომლებიც ბოლოხანს, არცთუ იშვიათად, თანამედროვე გმირებს ეძებენ.









XS
SM
MD
LG