Accessibility links

ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას მოითხოვს


2008 წლის შემოდგომაზე საქართველოში პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები გაიმართება,

თუმცა ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში შეუძლებელი იქნება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მემორანდუმში, რომელსაც ხელს აწერენ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ახალი მემარჯვენეები“, „კონსერვატიული პარტია“, „ლეიბორისტები“ და ”რესპუბლიკელები“, გამოთქმულია იმედი, რომ ხელისუფლება გათავისუფლდება ვიწრო პარტიული ინტერესებისგან და შეცვლის როგორც საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესს, ასევე მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. რატომ მოითხოვს ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას და რის გაკეთებას აპირებს საპარლამენტო უმრავლესობა?

საქართველოში მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს, თუმცა, როგორც ცესკოს თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი განმარტავს, მანამდე საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალმა წევრებმა საკონკურსო კომისიისა და პრეზიდენტის მოწონება უნდა დაიმსახურონ:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] „იქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც ირჩევს გარკვეული რაოდენობის ადამიანებს, რომელთა სია გადაეცემა პრეზიდენტს და შემდეგ პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს თავმჯდომარის ერთ კანდიდატურას და კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ ადგილზე მინიმუმ ორ კანდიდატურას... ამის შემდეგ კანდიდატურების განხილვას იწყებს პარლამენტი, რომელიც ირჩევს კომისიის ექვს წევრსა და თავმჯდომარეს.“(სტილი დაცულია)

თავად გურამ ჩალაგაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 2006 წლის თებერვალში დაინიშნა, 2006 წლის 5 ოქტომბერს კი ადგილობრივი თვითმმრთველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც, პარტიული მუშაკების ნაცვლად, პროფესიონალმა მოხელეებმა ჩაატარეს. თუმცა იმის გამო, რომ პრეზიდენტი მმართველი პარტიის ლიდერია, ხოლო პარლამენტში ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ ფლობს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციები სწორედაც რომ მმართველი პარტიის აქტივისტებითაა დაკომპლექტებული. ოპოზიციური პარტიების მიერ შედგენილი მემორანდუმის ერთ-ერთი ავტორი დეპუტატი კახა კუკავა ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციები პარიტეტულ საწყისებზე უნდა შეიქმნას:

[კახა კუკავას ხმა] „პარიტეტულ ადმინისტრაციაში ვგულისხმობთ მინიმალურ მოთხოვნებს. კომისიის წევრთა ნახევარი დაინიშნება ხელისუფლების მიერ და გადაწყვეტილებას მიიღებს ისევ უმრავლესობა, მაგრამ რიგ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებზე საჭირო იქნება ხმათა ორი მესამედი და, შესაბამისად, ოპოზიციის თანხმობა, მაგალითად, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არჩევნების შედეგების დამტკიცება და კანდიდატების რეგისტრაცია...“

კახა კუკავას თქმით, პარიტეტის დასაცავად ცესკოს დღევანდელ შემადგენლობას უნდა დაემატოს შვიდი პარტიის მიერ დანიშნული თითო-თითო წევრი. გარდა ამისა, ოპოზიცია ასევე მოითხოვს ეგრეთ წოდებული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლას. რესპუბლიკური პარტიის წევრის ზურაბ მარაქველიძის თქმით, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს არა ერთი, არამედ იმდენი ხმა, რამდენი მანდატიცაა გასანაწილებელი:

[ზურაბ მარაქველიძის ხმა] „მაჟორიტარულ არჩევნებში მთავარი პრინციპი ის არის, რომ ამომრჩეველს აქვს არჩევანის უფლება. თუ ოლქში არის 5 მაჟორიტარული მანდატი, მაშინ ამომრჩეველს უნდა შეეძლოს ერთი ხმა მისცეს ერთ პარტიას, მეორე - მეორეს და ასე შემდეგ... მაგრამ მოქმედი კანონით ამომრჩევლის უფლება იზღუდება. ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ მოდელის არსებობა არის მცდებლობა იმისა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებამ წინასწარ გაინაღდოს ყველა - 50-ივე -მაჟორიტარის მანდატი.“

საბოლოო ჯამში, როგორც ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე განმარტავს, ოპოზიციას სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობად შემდეგი ცვლილებების გატარება ესახება:

[მამუკა კაციტაძის ხმა] „ორი ძირითადი საკითხი, რასაც ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, მდგომარეობს შემდგომში: პირველი- გადაიხედოს მაჟორიტარული სისტემა, ხოლო მეორე თემა ეს გახლავთ საარჩევნო ადმინისტრაციის, ანუ არჩევნების დროს მთავარი არბიტრის, საკითხი. კომისია უნდა დაკომპლექტდეს პარიტეტულ საწყისებზე კვალიფიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის. კვალიფიციურში იგულისხმება ის პარტიები, რომლებიც დაფინანსებას ბიუჯეტიდან იღებენ.“(სტილი დაცულია)

მამუკა კაციტაძისა და მემორანდუმის სხვა ავტორთა პასუხად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვერ ხედავენ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას. ლევან ბეჟაშვილი, რომელიც პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს, ამბობს:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „ახალი კონსულტაციების აუცილებლობა და წანამძღვრები ამ ეტაპზე არ ჩანს. თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია აყენებს ამ წინადადებას, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მსჯელობისა და კონსულტაციების საგნად უნდა იქცეს, თუმცა პოლიტიკური კულტურა მოითხოვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც უმრავლესობამ თავისი პოზიცია ჩამოაყალიბოს. ალბათ, ამ დღეებში უმრავლესობის ლიდერები შეიკრიბებიან და თავიანთ პოზიციას პირობებზე თუ ულტიმატუმებზე ჩამოაყალიბებენ.“(სტილი დაცულია)


XS
SM
MD
LG