Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დროებით წყვეტს შეიარაღების შემცირების ევროპულ შეთანხმებას


რუსეთმა შაბათს ევროპას უსიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმებიდან დროებით გამოდის. კრემლის ინფორმაციით, ამგვარ გადაწყვეტილებას მხოლოდ გამაფრთხილებელი ხასიათის აქვს და მოსკოვი არ აპირებს დიალოგის სრულ გაწყვეტას დასავლეთთან. თუმცა მოსკოვის ეს ნაბიჯი ევროპაში უკვე შეაფასეს როგორც უკუსვლა “ცივი ომის” ეპოქისკენ.

კრემლის განცხადებით, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (ეჩშძ) შეთანხმებიდან გამოსვლა რუსეთს ევროპაში შექმნილმა ახალმა რეალობამ და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებმა უკარნახა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი კისლიაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამგვარი ნაბიჯი უკავშირდება ნატოს ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოებას, რაც, მისი თქმით, ალიანსის მხრიდან ზემოხსენებული ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს:

[სერგეი კისლიაკის ხმა] “ეს შეთანხმება, მისი დღევანდელი სახით, უნუგეშოდ მოძველდა. 1990 წელს ხელმოწერილი, იგი არეგულირებს ურთიერთობას ნატოსა და ვარშავის სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებს შორის. დღეს აღარც საბჭოთა კავშირი არსებობს და აღარც ვარშავის ხელშეკრულება, ნატო კი აგრძელებს გაფართოებას და სცდება შეთანხმებით განსაზღვრულ საზღვრებს, თუმცა ნატოს ზოგიერთი ახალი წევრი ქვეყანა შეთანხმებით განსაზღვრულ შეზღუდვებში არ მოხვდა. ამგვარად, გადაწყვეტილება ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების შეჩერების თაობაზე გამოწვეულია გარემოებებით, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას ეხება. “

აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ დატოვებდა შეთანხმებას, თუკი ნატოს წევრები – ლატვია, ლიტვა და ესტონეთი- არ მოახდენდნენ დოკუმენტის იმ ადაპტირებული ვერსიის რატიფიცირებას, რომელიც ეუთოს 1999 წლის სამიტზე სტამბულში იქნა ხელმოწერილი. შეთანხმების თანახმად, რუსეთს თავის სამხრეთ ფლანგებზე უნდა შეემცირებინა მძიმე საბრძოლო ტექნიკა და ავიაცია, დაეშვა საერთაშორისო ინსპექტორები სამხედრო ნაწილებში და ასევე უნდა დაეხურა სამხედრო ბაზები საქართველოსა და მოლდოვაში. რუსეთი არ ასრულებს პირობას და, საქართველოსგან განსხვავებით, არ გაჰყავს მე-14 არმია დნესტრისპირეთიდან. ხოლო მას შემდეგ, რაც შაბათს კრემლმა ცალმხრივად შეაჩერა შეთანხმების მოქმედება, გაჩნდა საშიშროება, რომ რუსეთი გადახედავს ევროპული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან ყველა სხვა შეზღუდვას, განაცხადა რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში რუსმა სამხედრო ექსპერტმა პავლე ფელგენჰაუერმა:

[პაველ ფელგენჰაუერის ხმა] “რუსეთს სურს ადაპტირებული შეთანხმების რატიფიცირება და ამით უნდა მთლიანად დააღწიოს თავი საფლანგო შეზღუდვებს, რაც თავდაპირველ შეთანხმებაში იყო. მაგრამ ეს ისევ და ისევ საჯილდაო ქვაა, განსაკუთრებით, თურქეთსა და ნორვეგიასთან. “

თუმცა რუსი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ გოლცი ვარაუდობს, რომ კრემლი ამ “არამეგობრული ნაბიჯზე” შორს არ წავა:

[ალექსანდრ გოლცის ხმა] “მე არა მგონია, რომ ჩვენი მხრიდან ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეთანხმების შეჩერებას მოჰყვეს კონკრეტული ზომები - ვთქვათ, ჩვენი შეიარაღებული დაჯგუფება გაძლიერდეს კალინინგრადის ოლქში ან დაირღვეს საფლანგო შეზღუდვები ქვეყნის სამხრეთში. ალბათ, ყველაფერი იმით დასრულდება, რომ ხელშეკრულების სხვა მონაწილეებს უარს ეტყვიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ინსპექტირებაზე.“


რუსეთის მტკიცებით, შეთანხმების შეჩერება კრიზისიდან გამოსვლის სურვილით ნაკარნახევი დროებითი ზომაა და არა “კარის გამოჯახუნება”. რუსეთი განსაკუთრებით გააღიზიანა ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებამ, განალაგოს ანტისარაკეტო სისტემა და რადარები პოლონეთსა და ჩეხეთში. ამას დაემთხვა უთანხმოება დასავლეთსა და რუსეთს შორის კოსოვოს სტატუსის თაობაზე. პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რუსეთი მხოლოდ 150 დღით გამოდის შეთანხმებიდან. თუმცა კრემლის გადაწყვეტილებამ დასავლეთი საკმაოდ შეაშფოთა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ შეთანხმებიდან გამოსვლა უკან გადადგმული ნაბიჯია, რამაც, შესაძლოა, “ძალიან უარყოფითი განვითარება” პოვოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG