Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამშვიდობო ძალებს აკრიტიკებს


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიური სამშვიდობო ძალები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში 1994 წლიდან იმყოფებიან.

მართალია, ამ ხნის განმავლობაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ განახლებულა, მაგრამ, ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში ლოკალური შეტაკებების შედეგად კვლავ იღუპებიან ადამიანები, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები ლამის ყოველდღიურად ირღვევა. არადა, დოკუმენტის თანახმად, რომლის საფუძველზეც 13 წლის წინ ქართველებსა და აფხაზებს შორის რუსი სამხედროები ჩადგნენ, კოლექტიური სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია როგორც ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის წარმოებაზე, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და კანონიერი დაბრუნების ხელშემწყობი პირობების შექმნაზე, თუმცა, როგორც კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულიგანცხადებიდან ირკვევა, კოლექტიური სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობა, ხშირ შემთხვევაში, მათთვის გაწერილი მანდატის ფარგლებში არ მოქმედებს.

„ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე კოლექტიური სამშვიდობო ძალების სამხრეთ ზონის № 310 სათვალთვალო საგუშაგოს წარმომადგენლებმა საგუშაგოს გამშვები შლაგბაუმი აღმოსავლეთის მიმართულებით რამდენიმე ათეული მეტრით თვითნებურად გადასწიეს.“ - ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, რომლის შეფასებით, აღნიშნულმა ქმედებამ დაარღვია 1994 წელს მიღებული ძალთა დაცილების შესახებ მოსკოვის სქემის პრინციპები, რის გამოც სოფელ ხურჩის 20-მდე ოჯახი დე ფაქტო შეიარაღებული ფორმირებების პირისპირ დარჩა. აფხაზეთის წარმომადგენლობის გალის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თორნიკე კილანავას ასეთი რამ არ უკვირს. იგი ამბობს, რომ გახშირდა შემთხვევები, როცა კოლექტიური სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობა არ მოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში:

[თორნიკე კილანავას ხმა] „ ეს არის ერთი - ჭითა წყართან პოსტის არაკანონიერი გადმოწევა და მეორე - მოსახლეობის უსაფუძვლო გაჩერება საბუთების შემოწმების მიზნით. გარდა ამისა, სამშვიდობო ძალებმა შემოიღეს გადაადგილების სქემები, რომელთა მიხედვითაც მოსახლეობას მხოლოდ ცენტრალური ხიდით შეეძლოს მოძრაობა და არა იმ ფონებით, რომლებიც მათთვის იყო მოსახერხებელი.“(სტილი დაცულია)

თორნიკე კილანავას თქმით, სამშვიდობო ძალები პრობლემებს უქმნიან როგორც ადგილობრივ ადმინისტრაციას, ასევე მოსახლეობას, რასაც უსაფრთხოების ზონაში მცხოვრებთა გახშირებული საჩივრებიც ადასტურებს. გალის რაიონის მკვიდრის, ბესარიონ ტორჩინავას, თქმით, სეპარატისტებს ზურგს სწორედ რომ სამშვიდობო ძალები უმაგრებენ:

[ბესარიონ ტორჩინავას ხმა] „გამოდიან ენგურის ხიდთან და იტაცებენ ადამიანებს, ატერორებენ და ასე შემდეგ... სანამ რუსი სამხედროები იქნებიან, არაფერი ეშველება საქმეს. რუსების ზურგითა და იმედით მოქმედებენ სეპარატისტები.“

გალელთა ამ მოსაზრებას სავსებით იზიარებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე. შოთა მალაშხიას თქმით, სამშვიდო ძალებმა დიდი ხანია დაკარგეს პირვანდელი ფუნქცია:

[შოთა მალაშხიას ხმა] „რეალურად ისინი ასრულებენ სასაზღვრო ჯარის ფუნქციას, ანუ მოსახლეობას უშლიან გადაადგილებას, დაწესებული აქვთ გარკვეული გადასახადი ნატურის სახით - იქნება ეს თხილი თუ სხვა სახის პროდუქტი. მხარს უჭერენ კრიმინალურ ელემენტებს: რამდენიმე წლის წინ მოპარული მანქანები მათი მეშვეობით გადადიოდა ზუგდიდიდან აფხაზეთში. გარდა ამისა, უამრავი ფაქტია, რომ სწორედ მათ საგუშაგოებთან ხდება დაყაჩაღება და სხვა მსგავსი კრიმინალური ფაქტები.“(სტილი დაცულია)

შოთა მალაშხიას მტკიცებით, დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალები ასევე არ არიან ნეიტრალურები, რის გამოც, ადრე თუ გვიან, დღის წესრიგში მათი ჩანაცვლების საკითხი უნდა დადგეს:

[შოთა მალაშხიას ხმა] „რუსეთისა და ბელორუსიის გარდა, სხვა ნებისმიერი ქვეყნის ან შერეული ჯარი იყოს... თავისუფლად შეიძლება ევროკავშირის სწრაფი რეაგირების კორპუსის შემოყვანა ან გაეროს ეგიდით შემოვიდეს ეს ჯარი. ან, რაზეც ხშირად არის ლაპარაკი და გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ მიიღო გაერომ, რომ ამ სამშვიდობო ძალებს დაემატოს საერთაშორისო პოლიციური სტრუქტურა. პოლიციური სტრუქტურა ამჟამადაც არსებობს გაეროს კონტინგენტში, მაგრამ ეს არის სამი თუ ხუთი კაცის შემადგენლობით.“(სტილი დაცულია)

თუმცა დავუბრუნდეთ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებას. უწყება, რომელსაც მერაბ ანთაძე ხელმძღვანელობს, კოლექტიურ სამშვიდობო ძალებს მოუწოდებს მხოლოდ მათთვის გაწერილი მანდატის ფარგლებში იმოქმედონ და თავი შეიკავონ შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების მიღებისაგან.


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG