Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის პრესის ყურადღების ცენტრში პრეზიდენტ პუტინის მიერ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის დროებით გამოსვლის გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, ეუთოს სტამბულის სამიტზე, ამ ხელშეკრულების ხელმოწერის გარდა, რუსეთმა ვალდებულება იკისრა თავისი სამხედრო ბაზები გამოეყვანა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებიდან. ნიშნავს თუ არა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმებიდან გამოსვლა იმას, რომ რუსეთი სტამბულის სხვა შეთანხმებებზეც იტყვის უარს? - ეს თემა ერთ-ერთი ცენტრალურია რუსი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მიერ გამოთქმულ ვერსიებში.


დღევანდელი გაზეთი ”ვედომოსტი” აქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომლის ვლადიმირ ევსეევის სტატიას, სათაურით ”სტამბულის კვანძი”. ავტორის განცხადებით, ნატოს წევრი სახელმწიფოები სტამბულში ხელმოწერის შეთანხმებას საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ბაზების გაყვანის ვალდებულების შესახებ თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევენ. მაგალითად, მიაჩნიათ, რომ ამ ორი ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთმა თავისი სამშვიდობო ნაწილებიც უნდა გაიყვანოს, მშვიდობისმყოფელების მანდატის მიუხედავად: ”აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მხარდაჭერით, ვაშინგტონი ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს რუსეთის გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, კერძოდ, საქართველოსა და მოლდოვაზე. არადა, თავის დროზე, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების მიღებისას, მაშინდელი საბჭოთა კავშირი ცალმხრივ დათმობებზე წავიდა, რადგან სურდა, ევროპაში უსაფრთხოების ახალი სისტემა შექმნილიყო. პარტნიორებმა კი ეს სათავისოდ გამოიყენეს და ახლა საკუთარი გავლენის გავრცელებაზე ზრუნავენ, იქნება ეს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება თუ რაკეტსაწინააღმდეგო ახალი სისტემის შექმნა ევროპაში.”
მოლდოვასა და საქართველოს, უფრო ზუსტად კი, მოლდოვური და ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების პრობლემას რამდენიმე პუბლიკაცია მიეძღვნა ბოლო დღეებში. ამის მიზეზად რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს გენადი ონიშჩენკოსა და რუსეთის ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელობას შორის მომხდარი სკანდალი იქცა. 17 ივლისის ”გაზეტას” ცნობით, ონიშჩენკომ ანტიმონოპოლიური სამსახურის ქიმიური მრეწველობისა და აგროსამრეწველო კომპლექსის კონტროლის სამმართველოს უფროსს თეიმურაზ ხარიტონაშვილს ქართული ღვინის ლობირებაში დასდო ბრალი. როგორც ”გაზეტა” წერს, კონფლიქტის მიზეზი გახდა სანიტარული ექიმის განკარგულებით დახურული ე.წ. დამოუკიდებელი ლაბორატორიები, რომლებმაც 2006 წელს ქართულ და მოლდოვურ ღვინოებში პესტიციტები ვერ აღმოაჩინეს. დღეს ქართული და მოლდოვური ღვინო რუსეთის ბაზარზე კი ბრუნდება, მაგრამ დამოუკიდებელ ლაბორატორიებს მუშაობის უფლება კვლავ არა აქვთ. თუმცა, ანტიმონოპოლიური სამსახურის გადაწყვეტილებით, ლაბორატორიების ნაწილი აკრედიტაციაში გატარდა და მუშაობის უფლებაც აღუდგათ. ონიშჩენკოს პროტესტიც ამან გამოიწვია. რაც შეეხება თეიმურაზ ხარიტონაშვილს, როგორც მან განუცხადა ”გაზეტას”, ის გენადი ონიშჩენკოზე უფრო მაღალი წარმოდგენის იყო.
XS
SM
MD
LG