Accessibility links

logo-print

“დიპლომატიური ომი” რუსეთსა და ბრიტანეთს შორის


რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა ბოლოხანს ისე დაიძაბა, რომ რუსეთის გაზეთებში “დიპლომატიურ ომზე” ალაპარაკდნენ.

ეს მწვავე შეფასება გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა განაცხადა, რომ 4 რუსი დიპლომატის გაძევებას აპირებს, რადგან რუსეთმა უარი თქვა ბრიტანეთისთვის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ექსტრადიციაზე.

რუსეთის ხელისუფლება “მეტად სერიოზული საპასუხო ნაბიჯებით” დაიმუქრა. სამშაბათს საღამოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკომ გააკეთა განცხადება ამ საკითხზე:

[გრუშკოს ხმა] “ჩვენი რეაქცია მიზანმიმართული და ადეკვატური იქნება. ბრიტანეთის ხელისუფლება სულ მალე მიიღებს ოფიციალურ ინფორმაციას ამის შესახებ. მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ გავითვალისწინებთ რიგითი მოქალაქეების, ტურისტების, კულტურული და სამეცნიერო გაცვლითი პროგრამების მონაწილეების, საქმიანი წრეების ინტერესებს. არ გვინდა, რომ ისინი დაზარალდნენ ლონდონის პოლიტიკურ ქმედებათა შედეგად”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ამ განცხადებაში არ უთქვამს, რა რეაქცია იგულისხმება, კონკრეტულად რა საპასუხო ზომას მიმართავს რუსეთი. მაგრამ ბევრის ვარაუდით, რუსეთი თავის მხრივ გააძევებს ბრიტანელ დიპლომატებს.

დაპირისპირებამ ორშაბათს იფეთქა, როცა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ რუსი დიპლომატების გაძევებას აპირებს რუსეთის პოზიციის გამო ანდრეი ლუგოვოის საკითხში. ლუგოვოის, კაგებეს ყოფილ აგენტს, ბრიტანელმა პროკურორებმა წაუყენეს ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის ბრალდება.

მსმენელს ალბათ ახსოვს, ლიტვინენკო - ასევე უშიშროების სამსახურის ყოფილი მუშაკი - გასული წლის ნოემბერში ლონდონში მოწამლეს რადიაქტიურ ნივთიერება პოლონიუმ 210-ით. ბრიტანეთი ამ მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ანუ ლუგოვოის ექსტრადიციას მოითხოვს, მაგრამ უშედეგოდ: მოსკოვმა გასულ კვირაში ოფიციალური უარი თქვა ექსტრადიციაზე. მიზეზი? რუსეთის კონსტიტუცია კრძალავს რუსი მოქალაქეების უცხოეთში გასამართლებას.

ლონდონი მაინც უკმაყოფილოა. როგორც ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დევიდ მილიბენდმა ორშაბათს განაცხადა: [მილიბენდის ხმა] “ამ საკითხის მნიშვნელობის გამო და იმის გამო, რომ რუსეთი უარს ამბობს თანამშრომლობაზე ამ საკითხის მოსაგვარებლად, საჭიროა სათანადო საპასუხო ზომების მიღება. ჩვენი მიზანი ნათელია: ჯერ ერთი, იურიდიული პროცესის გაგრძელება, მეორე - რუსეთის მთავრობისთვის თანამშრომლობაზე უარის თქმის შედეგების ჩვენება, და მესამე - იმ მნიშვნელობის ხაზგასმა, რომელსაც ვანიჭებთ ბრიტანეთის მოქალაქეებისა და სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვას”.

მილიბენდის ამ განცხადებას და ცნობას ბრიტანეთიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გეგმაზე, რუსეთის მეტად მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. თავად განსაჯეთ - საგარეო უწყების პრეს-მდივანმა მიხაილ კამინინმა ლონდონის პოზიციას “ამორალურიც” კი უწოდა.

[კამინინის ხმა] “ლონდონის პოზიცია ამორალურია. ამას გარდა, ლონდონში კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ბრიტანეთის ხელისუფალთა მიერ ჩაფიქრებული პროვოკაციული ქმედებები არ დარჩება უპასუხოდ და მათ არ შეიძლება, არ მოჰყვეს მეტად სერიოზული შედეგები რუსეთ-ბრიტანეთის ურთიერთობებისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირდაპირ უთხრა თავის ბრიტანელ კოლეგას რამდენიმე საათის წინ გამართულ სატელეფონო საუბარში”.

კამინინმა დასძინა, რომ ბრიტანეთი ლიტვინენკოს საქმის პოლიტიზებას ახდენს, მაშინ როცა, თავის მხრივ, უარს ამბობს რუსეთისთვის რამდენიმე ძებნილის, მათ შორის ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის და ჩეჩენ სეპარატისტ ახმედ ზაკაევის ექსტრადიციაზე. ამ კონტესქსტში საგულისხმოა სამთავრობო გაზეთ “როსიისკაია გაზეტას” პუბლიკაცია - მასში მოყვანილია ექსტრადიციის თხოვნის 21 შემთხვევა, რომლებითაც რუსეთმა ბრიტანეთს მიმართა და ყველა შემთხვევაში უარი მიიღო.

მაგრამ ლიტვინენკოს მკვლელობას - შესაბამისად, ამ მკვლელობაში ბრალდებული ლუგოვოის საკითხს - ბრიტანეთი მაინც გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ შემთხვევაში, ირწმუნება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრალდება ცალსახა სამხილებს ეფუძნება. [მილიბენდის ხმა] “ლონდონის პოლიციამ მნიშვნელოვანი სამხილები შეაგროვა ანდრეი ლუგოვოის წინააღმდეგ. შემიძლია დავადასტურო შემდეგი: ბრალდების მიხედვით, ლონდონში 2006 წლის ნოემბერში მოხდა მძიმე დანაშაული, როცა ანდრეი ლუგოვოიმ მოწამლა ალექსანდრ ლიტვინენკო მისთვის რადიაქტიურ ნივთიერება პოლონიუმ 210-ის მომაკვდინებელი დოზის მიწოდებით”.

ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ექსტრადიციაზე მოსკოვის უარისა, ლონდოში არ გამორიცხავენ, რომ მაინც შეძლებენ ლუგოვოის გასამართლებას - თუ ის აღმოჩნდა რომელიმე მესამე ქვეყანაში, რომელსაც ბრიტანეთთან ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულება აქვს ხელმოწერილი.
XS
SM
MD
LG