Accessibility links

მოსკოვის სტრატეგია “კოსოვოს თამაშის” მიღმა


დასავლეთი კიდევ ერთხელ შეეცადა

კოსოვოს ოლქის სტატუსის თაობაზე კომპრომისი მოეძებნა და მოსკოვმა კიდევ ერთხელ უარყო ის. ორშაბათს კოსოვოს შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომელიც გაეროს საგანგებო წარგზავნილმა მარტი აჰტისაარიმ წარადგინა და რომელიც ევროკავშირის მეთვალყურეობის ქვეშ სერბიის ამ ოლქის დამოუკიდებლობას გულისხმობს, კიდევ ერთხელ არ მიიღო მოსკოვმა და ეს მოსალოდნელიც იყო. მინდა გაგაცნოთ რადიო ”თავისუფლების” ანალიტიკოსის ვიქტორ იასმანის მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა დგას კრემლის ამ სტრატეგიის მიღმა. გუშინდელ განხილვასთან დაკავშირებით გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა პროექტი ასე დაახასიათა:

(ჩურკინის ხმა)
“რეზოლუციის პროექტის თითქმის მთელი ტექსტი, განსაკუთრებით კი მისი დამატება, მართლაც, კოსოვოს დამოუკიდებლობის იდეეებით არის გამსჭვალული. ეს იგივე აჰტისაარის გეგმაა, მაგრამ შენიღბული.”

ბოლო ვერსია, რომელშიც რუსეთის მოთხოვნები იყო გათვალისწინებული, ოთხ თვემდე ზრდის ვადას, რომელშიც სერბებსა და კოსოვოელებს შეუძლიათ მოილაპარაკონ, განმარტავს ვიქტორ იასმანი. წინადადება, მისივე თქმით, გაეროში ფრანგმა და ბრიტანელმა დელეგატებმა შეიტანეს. ამ, მესამე, პროექტში არის ასევე პირობა, რომლის თანახმადაც ორმა მხარემ შეთანხმებას თუ ვერ მიაღწია, აჰტისაარის გეგმა ავტომატურად არ ამოქმედდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 12 ივლისს ჟურნალისტებს მიმართა და თქვა, რომ ბოლო დოკუმენტი მხოლოდ ოდნავ განსხვავდება წინასაგან:
(ლავროვის ხმა)
“რეზოლუციის ჩახლართული დიპლომატიური ენის მიღმა, პროექტის მიხედვით შეიძლება დაასკვნათ, რომ 120 დღის გასვლის შემდეგ, თუ მხარეები არ ან ვერ შეთანხმდებიან, აჰტისაარის გეგმა ძალაში შევა. როგორც იცით, ჩვენ მივემხრობით რეზოლუციის ისეთ პროექტს, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის, პრიშტიანასა და ბელგრადისთვის. ჯერჯერობით ასეთ თანხმობას ვერ ვხედავთ.”

ლავროვმა ცხადად თქვა, რომ რუსეთის მხრიდან მცირე არეა კომპრომისისთვის, თუკი სერბია არ დათანხმდება კოსოვოს დამოუკიდებლობას, რასაც ექსპერტთა უმეტესობა არარეალისტურად მიიჩნევს. ბელგრადის პრემიერ-მინისტრმა ვოისლავ კოშტუნიცამ სწრაფი რეაგირება მოახდინა რეზოლუციის პროექტის მიმართ, მოსკოვში კი სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კაზაჩოვმა განაცხადა, კოსოვოში ვითარება არ საჭიროებს დაუყოვნებლივ შეცვლასო. ხოლო ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბარში ისიც თქვა, კოსოვოს დამოუკიდებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება არ არის დღის წესრიგშიო. ამ განცხადებამ ფინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის აჰტისაარისა და ლავროვის ახალ პოლემიკას დაუდო სათავე.

ფინელმა დიპლომატმა ჰელსინკიში განაცხადა, რუსეთის სახელს საზღვარგარეთ კომპრომისის მისაღწევად მუშაობაზე უარის თქმა კვლავ ავნებსო. მისივე აზრით, რუსეთის საერთაშორისო პოზიცია, გაძლიერების ნაცვლად, შესუსტდება. ლავროვი არ ეთანხმება აჰტისაარის და ამბობს, ასეთ განცხადებას შეიძლება სხვა ქვეყნის საერთაშორისო სტატუსი შეესუსტებინა, ოღონდ არა რუსეთისაო.

(ლავროვის ხმა)
“თუკი რომელიმე მხარე არ იღებს ამ წინადადებას, უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკება და ამ მოლაპარაკებას ხელი უნდა შეუწყოს მიუმხრობელმა საერთაშორისო შუამავალმა.”

რუსეთის ეს ურყევი პოზიცია, ვეტო დაადოს კოსოვოს ოლქის შესახებ მისთვის მიუღებელ რეზოლუციას, ექსპერტების განსჯის საგანია. ვიქტორ იასმანი განგვიმარტავს:

(იასმანის ხმა)

მართალია, ექსპერტების უმეტესობა ფიქრობს, რომ რუსეთის ვეტოთი მუქარა ბლეფი არ არის, მათი შეფასებები მაინც განსხვავებულია, ამბობს ჩვენი რადიოს ანალიტიკოსი. ერთნი თვლიან, რომ რუსეთი ამით ესწრაფვის თავიდან აიცილოს სეპარატიზმისკენ სვლა საკუთარ ფედერაციაში და დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა. სხვების აზრით, მოსკოვი კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხის იმ მეზობლების წინააღმდეგ გამოყენებას აპირებს, რომლებსაც გეზი დასავლეთისკენ აქვთ აღებული. მათ რიგშია საქართველო. რუსეთის პრეზიდენტს ნათქვამი აქვს, კოსოვო საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისთვის პრეცედენტი იქნებაო.
ვიქტორ იასმანი ამბობს, რომ, სინამდვილეში, კრემლს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის საკითხი ახლა არ აფრთხობს. თუკი, განაგრძობს მსჯელობას იასმანი, კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, რუსეთს მოუწევს პირობის შესრულება და, მაგალითად, აფხაზი და სამხრეთელი ოსი სეპარატისტების დამოუკიდებლობის აღიარება.

(იასმანის ხმა)

მაგრამ ის იძულებული იქნება გარკვეული პოზიცია იქონიოს მთიანი ყარაბახის საკითხშიც და ან ერთ მხარეს აწყენინოს, ან მეორეს - ან ბაქოს, ან ერევანს. ამიტომ გასაგებია, რომ რუსეთი ცდილობს ეს პოლიტიკურ თავსატეხი აირიდოს და უფრო სტატუს-კვოს შენარჩუნებისთვის იზრუნოს, ვიდრე თვითგამორკვევის პრინციპს დაუჭიროს მხარი.
კოსოვოს საკითხში მოსკოვის სიმტკიცის სხვა მიზეზიც ეგულება ვიქტორ იასმანს. მას მიაჩნია, რომ რუსეთი ახლა საქმის გამოსწორებას ცდილობს იმ წარსული გაკვეთილის გათვალისწინებით, როცა ბალკანეთში, 1990-იან წლებში, სისუსტე გამოიჩინა: ჯერ იყო და, რუსეთის პრეზიდენტი ნატოსთან თანამშრომლობდა, როცა ალიანსი იუგოსლავიის საკითხის მოგვარებას ცდილობდა, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი ჩერნომირდინი იუგოსლავიის ლიდერ მილოშევიჩთან ჩავიდა საშუამდგომლოდ, რასაც მაინცდამაინც დიდი წარმატება არ მოჰყოლია. ამაზე ლაპარაკობდა პუტინის ადმინისტრაციის პოლიტიკური მრჩეველი სერგეი კარაგანოვი, როცა ამბობდა, ახლა მოსკოვში ბევრს სურს, რომ ამერიკელმა და ევროპელმა კოლეგებმა კოსოვოს სრული ფასი გადაიხადონ, თუმცა ამას საჯაროდ არ აღიარებენო. ვიქტორ იასმანი ამჩნევს კოსოვოს საკითხში დასავლეთის პოზიციის სუსტ წერტილს: თუკი გაერომ არ აღიარა ამ ოლქის დამოუკიდებლობა, ყოველგვარი ცალმხრივი გამოცხადება სუვერენიტეტისა უკანონო იქნება, მას არც ევროპის კავშირის ყველა წევრი მიემხრობა და იქ განხეთქილებაა მოსალოდნელი. რუსეთმა, დაასკვნის რადიო ”თავისუფლების” ანალიტიკოსი, თავისი სტრატეგია გათვლაზე დააფუძნა. იასმანის აზრით, ამ სტრატეგიის გაშიფვრის კარგ შესაძლებლობას იძლევა კრემლის მიმართ ლოიალური ტელეწამყვანის, “ენტევეს” ანალიტიკოსის ალექსეი პუშკოვის კომენტარი. პუშკოვს მიაჩნია, რომ რუსეთი არ უნდა დაეხმაროს აშშ-ს და ევროკავშირს თავი დააღწიონ კოსოვოს ირგვლივ შექმნილ რთულ ვითარებას. თუკი მოსკოვი მაგრად დადგება, პუშკოვის აზრით, დამტკიცდება, რომ მისი გავლენა გაიზარდა, თუ უკან დაიხევს, კვლავ გამოჩნდება სისუსტე. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემქმნელ ლიდერთა განცხადებების მოკლე ანალიზიც ცხადყოფს, რომ კრემლი, თავისი ამბიციებიდან და სახელმწიფო ინეტერესებიდან გამომდინარე, არ არის დაინტერესებული მალე მოგვარდეს კოსოვოს პრობლემა, დაასკვნის ჩვენი რადიოს ანალიტიკოსი ვიქტორ იასმანი.
XS
SM
MD
LG