Accessibility links

logo-print

მოახდენს თუ არა მთიანი ყარაბახის საპრეზიდენტო არჩევნები გავლენას სამშვიდობო პროცესზე


თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბახის მოსახლეობა 19 ივლისს საარჩევნო უბნებს მიაშურებს და ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

მოსალოდნელია, რომ მოქმედი პრეზიდენტის არკადი ღუკასიანის ადგილი სეპარატისტული რეგიონის ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ბაკო საჰაკიანმა დაიკავოს. აზერბაიჯანი არჩევნებს მთიან ყარაბახში არალეგიტიმურს უწოდებს და, შესაბამისად, არ ელოდება, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევა რაიმე ზეგავლენას მოახდენს “გაყინული კონფლიქტის” სამშვიდობო მოწესრიგების პროცესზე.

19 ივლისისთვის დაგეგმილ არჩევნებს მთიან ყარაბახში სომხეთის პარლამენტის დელეგაცია დააკვირდება. აზერბაიჯანი კი გმობს არჩევნებს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, როგორც არალეგალურსა და არალეგიტიმურს, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზარ იბრაჰიმმა:

[ხაზარ იბრაჰიმის ხმა] “აზერბაიჯანის პოზიცია მტკიცეა და უცვლელი. ეს, ეგრეთ წოდებული, არჩევნები არალეგალურია და უკანონო. იმავდროულად, ნებისმიერი არჩევნები სამომავლოდ ლეგალური მხოლოდ მაშინ იქნება, თუკი ის აზერბაიჯანის კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების თანახმად და აზერბაიჯანული მოსახლეობის მონაწილეობით ჩატარდება.”

უპირატესად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბახი აზერბაიჯანის საზღვრებში მდებარეობს. ამ რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1988 წლიდან საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, რაც 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. მას შემდეგ კონფლიქტი გაყინულ მდგომარეობაშია და მთიანი ყარაბახი არ უცვნია არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის, არც ეუთოს. ამ ორგანიზაციის კონფლიქტების პრევენციის ცენტრის კავკასიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ჰარი კამარაინენის თქმით,არჩევნები მთიან ყარაბახში აზერბაიჯანის გაღიზიანებას იწვევს:

[ჰარი კამარაინენის ხმა] ”აზერბაიჯანის მხარისათვის გამაღიზიანებელ ფაქტორს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ტარდება არჩევნები, რომლის ორგანიზატორიც ყარაბახის მთავრობაა.”

ერევანში გამომავალი ყოველდღიურ გაზეთ “არავოთის” მთავარი რედაქტორი, პოლიტიკური მიმომხილველი არამ აბრაჰამიანი მიიჩნევს, რომ არჩევნები მთიან ყარაბახში არაფერს შეცვლის სტატუსის თაობაზე მოლაპარაკების პროცესში, თუმცა არჩევნების ჩატარებას გამართლებულად მიიჩნევს:

[არამ აბრაჰამიანის ხმა] “მთიან ყარაბახში რაღაც ხელისუფლება მაინც უნდა არსებობდეს. ხელისუფლება კი ან არჩეული უნდა იყოს, ან დაინიშნოს, ან, როგორც ფეოდალიზმის დროს იყო, მემკვიდრეობით უნდა გადაეცეს. მაშასადამე, ეს ხელისუფლება ირჩევა. ეს უკეთესია, ვიდრე არ იყოს არანაირი ხელისუფლება მთიან ყარაბახში. აი, რომ არ ტარდებოდეს არჩევნები და იქ რომ იყოს ანარქია, ეს იქნებოდა ცუდი. ასე კი არც უარესი იქნება და არც უკეთესი.”

მიუხედავად იმისა, რომ მთიანი ყარაბახის პრეზიდენტობის ამბიცია ხუთ კანდიდატს აქვს, მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ რეალური პრეტენდენტი ამ პოსტზე ბაკო საჰაკიანია. თვითაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ყოფილ უფროსს მხარს, რესპუბლიკის მმართველი პარტიის გარდა, ორი გავლენიანი ოპოზიციური ჯგუფიც უჭერს. და რაც მთავარია, ბაკო საჰაკიანს, რომელსაც საბჭოთა სუკ-ში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, მხარდაჭერა აქვს სომხეთისა და რუსეთის ხელისუფლების მხრიდანაც. განვლილი 8 თვის განმავლობაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში, სადაც გამარჯვება ასევე სეპარატისტული ელიტებისა და მათი მოსკოველი პატრონების ფავორიტებს დარჩათ. ასე რომ, რაიმე სიურპრიზი არც მთიანი ყარაბახის პრეზიდენტის არჩევნებზეა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG