Accessibility links

logo-print

ზემო აფხაზეთის დაბომბვის გამოძიება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი დაძაბულობის მიზეზი ხდება


რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარის დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ 2007 წლის 11 მარტს კოდორის ხეობის დაბომბვა

ხელს აძლევდა ოფიციალურ თბილისს და რომ თბილისი კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დაძაბვას ცდილობს. რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, გაეროს დასკვნის თანახმად, შეუძლებელი იყო კოდორის ინციდენტში საფრენი აპარატების მონაწილეობა, გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნაში კი წერია, რომ მთელი დაბომბვის მანძილზე კოდორის ხეობაში ერთი ან რამდენიმე ვერტმფრენი იმყოფებოდა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო 17 ივლისს გამოქვეყნებულ ოფიციალურ კომენტარში გაეროს დასკვნის საფუძველზე ამტკიცებს, რომ 2007 წლის 11 მარტის ღამით კოდორის ხეობის ზემო ნაწილში, რელიეფური და იმ დროს შექმნილი მეტეოროლოგიური პირობების გამო, შეუძლებელი იყო საარტილერიო, სარაკეტო ცეცხლის წარმოება და, იმავდროულად, საფრენი საშუალებების გამოყენება.

ფრაგმენტი გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიის მიერ მომზადებული დასკვნიდან:

”სპეციალისტები შეთანხმდნენ, რომ ჩხალთის ადმინისტრაციის შენობაზე ჭურვის მოხვედრის კუთხე ისეთია, რომ მისი გასროლა მიწიდან შეუძლებელი იყო. სამუშაო ვერსიად მიიღეს ვარიანტი, რომ სროლები შეიძლებოდა განხორციელებულიყო ვერტმფრენიდან ”მი-24 ვე” (Ми-24В). ხეობისა და მთებში გასასვლელების მიხედვით, არ გამოირიცხა, რომ ვერტმფრენი ან ვერტმფრენები კოდორის ხეობაში ჩრდილოეთიდან შემოფრენილიყო.”

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ კოდორის ხეობის ზემო ნაწილში შეუძლებელია აფხაზეთის, საქართველოს ან სამშვიდობო ძალების თავდასხმა განხორციელებულიყო.

თბილისში ოპოზიციური ძალების აზრით, მოსკოვი დანაშაულის სხვებისთვის გადაბრალებას იმის გამო ახერხებს, რომ საქართველოს არა აქვს გამართული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას, კომენტარი:

[მანანა ნაჭყებიას ხმა] ”ვერ ვადასტურებთ, რომ ეს იყო რუსეთის საფრენი აპარატი. ჩვენ რომ შეგვეძლოს ამის დადასტურება, მაშინ ამ განცხადების ტონი იქნებოდა ბევრად მწვავე და მოთხოვნებიც იქნებოდა ბევრად მწვავე. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვადასტურებთ, ვინ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე, ისევე როგორც ვერ ვადასტურებდით 10-5, 4 წლის წინ.”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას სხვაგვარად აფასებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”რუსეთს რა შეეძლო გაეცა პასუხად? მარტო ის, რომ ეს ეთქვა, რომ აწყობდა ქართველებს. ერთი რუსული ანდაზის არ იყოს, ყველა მსჯელობს თავისი გარყვნილობის ხარისხის მიხედვით. როგორც ჩანს, შეუძლიათ, რომ თავის ხალხს, თავის მოსახლეობას ჩაუტარონ გარკვეული დივერსიული თუ ტერორისტული აქტები იმისთვის, რომ მერე ეს რაღაცაში გამოიყენონ და ჰგონიათ, რომ ეს შეუძლია გააკეთოს საქართველომაც. ეს არის აბსურდი, რომელიც აშკარად არის ცდა იმისა, რომ სრულებით ცხადი სურათი როგორმე გადაფარონ ტყუილით.”(სტილი დაცულია)

რუსეთისგან განსხვავებით, აშშ მიესალმა კოდორის ხეობასთან დაკავშირებით გაეროს მისიის მიერ მომზადებულ მოხსენებას. ვგმობთ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმას. მოხსენება ცხადყოფს, რომ აუცილებელია კონკრეტული ზომების მიღება მომავალში მსგავსი თავდასხმების თავიდან ასაცილებლადო, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ოფიციალური თბილისი კი, გაეროს დასკვნის საფუძველზე, მოითხოვს გაიხსნას ზემო აფხაზეთში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიის მუდმივმოქმედი სადამკვირვებლო პუნქტი, რომელსაც ექნება სათანადო აღჭურვილობა 2007 წლის 11 მარტს მომხდარი ინციდენტის მსგავსი ფაქტების გამოსავლენად.
XS
SM
MD
LG