Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოსთვის “ჯერ ნათელი არ არის” რუსეთის პოზიცია ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების მიმართ


რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აპირებს, შეწყვიტოს მონაწილეობა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებაში.

საქმე ეხება ევროპის კონტინენტზე სტაბილურობის დაცვის მიზნით გაფორმებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას, რის გამოც რუსეთის განცხადებამ, ბუნებრივია, საყოველთაო ყურადღება გამოიწვია. ამასობაში, ამ საკითხზე ნატომ გააკეთა ოფიციალური განცხადება.

რუსეთის პოზიცია “ნათელი ჯერ არ არის” - ასე შეიძლება შეჯამდეს ნატოს პრეს-მდივნის მიერ ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოთქმული შეფასება.

[აპატურაის ხმა] “რუსეთის პოზიცია ჩემთვის ბოლომდე ნათელი არ არის - არც ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეწყვეტის მხრივ და არც იმ მხრივ, თუ რა იქნება მისი შემდგომი ნაბიჯი. ზუსტად ამაზე სურთ ალიანსის წევრებს, უფრო დაწვრილებით ესაუბრონ რუსეთის ფედერაციას, რათა გაარკვიონ, ზუსტად რა იგულისხმება”.

ნატოს პრეს-მდივან ჯეიმს აპატურაის პრეს-კონფერენციას კიდევ დავუბრუნდებით. ახლა ხელშეკრულების შესახებ, რომელში მონაწილეობაც რუსეთს აღარ სურს და რომლის მზადებაც, თავის დროზე, 10-წლიან მოლაპარაკებებად დაუჯდათ ნატოსა და ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოებს. ამ 10-წლიანი მოლაპარაკებების შედეგი იყო ევროპაში ჩვეულებრივი (ანუ არა-ატომური) შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა და 1992 წელს მისი ძალაში შესვლა.

ხელშეკრულება ფარავს ტერიტორიას ატლანტის ოკეანიდან ურალამდე და ითვალისწინებს ლიმიტს ამ ტერიტორიაზე კონვენციური მძიმე შეიარაღების - ტანკების, არტილერიის, სამხედრო თვითმფრინავების - განთავსებაზე; ითვალისწინებს ასევე მხარეების მიერ ერთმანეთის შემოწმებას.

სოციალისტური ბლოკის დაშლის შემდეგ ხელშეკრულების ახალი ვერსია მომზადდა და გაფორმდა. 1999 წელს სტამბულში ხელმოწერილი ხელშეკრულება ასახავს ახალ, პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ გეოგრაფიას, განსაზღვრავს შეიარაღების ლიმიტს, თითოეულმა სახელმწიფომ რომ უნდა გაითვალისწინოს. ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 30-მა სახელმწიფომ, თუმცა მისი რატიფიცირება სულ ოთხმა განახორციელა: უკრაინამ, ბელორუსიამ, ყაზახეთმა და რუსეთმა. ნატოს წევრები რატიფიცირებამდე მოითხოვენ, რომ ჯერ რუსეთმა შეასრულოს სტამბოლში ნაკისრი ვალდებულება, რაც საქართველოდან და მოლდავეთიდან სამხედრო ბაზების გატანას ითვალისწინებს.

ამ ვითარების გამო რუსეთს არაერთხელ გამოუთქვამს კრიტიკა - ნატოს წევრებისთვის არაერთხელ მოუთხოვია სტამბოლის ხელშეკრულების რატიფიცირება. უშედეგოდ. ამ საკითხის გარდა მოსკოვის უკმაყოფილებას იწვევს, როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების გეგმა ცენტრალურ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების შესახებ.

და აი, 14 ივლისს რუსეთმა განაცხადა, რომ ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებაში მონაწილეობას შეწყვეტს, როგორც კი გავა ასეთი შემთხვევისთვის გათვალისწინებული 150-დღიანი პერიოდი.

ნატოს დასკვნა, რომელზეც ბრიუსელში პრეს-მდივანმა ისაუბრა ასეთია: რუსეთმა მხოლოდ შეაჩერა მონაწილეობა ხელშეკრულებაში, ნატო მიზანშეწონილად მიიჩნევს საგანგებო კონფერენციის გამართვას, ხელშეკრულების განახლებაზე მოსალაპარაკებლად.

თუმცა, თუ რუს გენერალ ევგენი ბუჟინსკის განცხადებით ვიმსჯელებთ - ბუჟინსკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი რანგის წარმომადგენელია - მოსკოვი ახალი ხელშეკრულების შემუშავებას მიიჩნევს საჭიროდ [ბუჟინსკის ხმა].

გენერალ ბუჟინსკის ეს განცხადება, ნატოს პრეს-მდივნის შეფასებით, “კონსტრუქციული ვერ იყო”. ზოგადად კი ჯეიმს აპატურაი საჭიროდ არ მიიჩნევს რუსეთის ბოლო ნაბიჯების “ზედმეტ დრამატიზებას”:
[აპატურაის ხმა] “ვფიქრობ, საკითხი უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომელშიც ნატო, ნატოს ქვეყნები და რუსეთი მტრები არ არიან. ჩვენ არ მოველით, და რუსებს ეს გარკვევით აქვთ ნათქვამი, რომ არ აპირებენ ჯარების მასშტაბურ გადაადგილებას ამ, მათი თქმით, მონაწილეობის შეჩერების პერიოდში“.

იქვე ნატოს პრეს-მდივანმა დაადასტურა ალიანსის პოზიცია, რომ ევროპაში ჩვეულებრივი შეიერაღებული ძალების შესახებ სტამბოლში გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირებამდე და ძალაში შესვლამდე, რუსეთმა სამხედრო ბაზები უნდა გაიტანოს საქართველოდან და მოლდავეთიდან.

[აპატურაის ხმა] “საჭიროა ორი ნაბიჯის გადადგმა. ერთია უკვე დაწყებული პროცესის ბოლომდე მიყვანა - ეს არის რუსეთის ჯარსიკაცებისა და შეიარაღების გასვლა საქართველოდან. ამის გაკეთება, როგორც ექსპერტებმა მითხრეს, სულ რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი. და არის უფრო რთული ამოცანა: რუსეთის ჯარების გაყვანა მოლდავეთიდან. მოლდავეთის მთავრობას სურს, რომ ისინი გავიდნენ - ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია მასპინძელი ქვეყნის მოთხოვნის მხარდაჭერა. სახელმწიფოები თანახმა უნდა იყვნენ მათს ტერიტორიაზე უცხო ჯარების ყოფნაზე”.

როგორც კი რუსეთი ამ ორ საკითხს მოაგვარებს, დასძინა პრეს-კონფერენციაზე ალიანსის პრეს-მდივანმა, ნატოს წევრი სახელმწიფოები მაშინვე განახორციელებენ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებას.
XS
SM
MD
LG