Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ბერეზოვსკი მის მოკვლის მიზნით მომზადებული შეთქმულების შესახებ


ბრიტანეთის პოლიციამ გუშინ განაცხადა, რომ დაკავებულია მამაკაცი, ეჭვმიტანილი ბორის ბერეზოვსკის მკვლელობის მზადებაში.

როგორც ცნობილია, ბორის ბერეზოვსკი - რუსი მილიარდერი და პრეზიდენტ ვლადმირ პუტინის მკაცრი კრიტიკოსი - რამდენიმე წელია, ბრიტანეთში ცხოვრობს, იქ პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული.

ბერეზოვსკიმ გუშინვე, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრიტანეთის პოლიციამ ის ჯერ კიდევ ივნისში გააფრთხილა მისი მოკვლის მიზნით შეთქმულების შესახებ და ბრიტანეთიდან რამდენიმე ხნით გამგზავრებაც კი ურჩია. ბერეზოვსკი მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა ლონდონში, რაც ერთი კვირის თავზე პოლიციისგანვე შეიტყო ეჭვმიტანილის დაკავების ამბავი. ყოველივე ეს ბერეზოვსკიმ ლონდონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, გუშინვე ჩვენს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კი უფრო დაწვრილებით ისაუბრა მისი მოკვლის მცდელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

ბერეზოვსკიმ, ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის კორესპონდენტ მიხაილ სოკოლოვთან სატელეფონო ინტერვიუში დაადასტურა, რომ მართლაც გაემგზავრა ინგლისიდან, რათა მკვლელს დამალვოდა. ჩვენი კოლეგის შეკითხვას, გაეცნო თუ არა გაზეთების “სანის” და “ტაიმსის” სტატიებს, რომლებშიც ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი ლონდონის პარკ-ლეინის უბანში, სასტუმრო ჰილტონში იყო გაჩერებული, ბორის ბერეზოვსკიმ ასე უპასუხა: [ბერეზოვსკის ხმა] “წავიკითხე ეს სტატიები და სულ არ მიკვირს, რომ ჰილტონში იყო გაჩერებული, ეს სასტუმრო ჩემს ოფისთან ახლოს არის, ფეხით სამ წუთში მიხვალ”.

ჩვენმა კორეპსონდენტმა ბერეზოვსკის ისიც ჰკითხა, რა არის ცნობილი ეჭვმიტანილის ვინაობაზე. [ბერეზოვსკის ხმა] “მე შემატყობინეს, რომ ვიცნობ ამ ადამიანს და ახლა არსებობს ინფორმაცია, რომელზეც კომენტარს ვერ გავაკეთებ”.

მაგრამ ბერეზოვსკიმ სხვა ინფორმაცია გაგვიზიარა:
[ბერეზოვსკის ხმა] “სამი თვის წინ მოსკოვიდან მეგობრებმა შემატყობინეს, რომ აქ, ლონდონში ჩემზე თავდასხმა მზადდება, რომ თავდასხმა სულ სხვანაირად იქნება ორგანიზებული, ვიდრე ლიტვინენკოს შემთხვევაში, რომ ჩამოვა მოსკოვიდან ადამიანი, რომელსაც მე ვიცნობ, რომელიც ითხოვს ჩემთან შეხვედრას და რომელიც მე ამ შეხვედრის დროს უბრალოდ მომკლავს, არ დაემალება პოლიციას და თავის მოქმედებას ახსნის იმით, რომ ჩემთან ბიზნესის გამო აქვს პრეტენცზიები”. ასეთ შემთხვევაში, განაგრძობს ბერეზოვსკი, მკვლელს სავარაუდოდ 20-მდე წლით პატიმრობას მიუსჯიან.

[ბერეზოვსკის ხმა] “ინგლისის კანონებით, სანიმუშო ყოფა-ქცევის შემთხვევაში, ციხიდან 10 წელიწადში გამოგიშვებენ. მას ფულს გადაუხდიან, ფულს გადაუხდიან მის ოჯახს, მოკლედ მთლიანად იქნება უზრუნველყოფილი. სასჯელს მოიხდის არა მოსკოვის ციხე “მოტროსსკაია ტიშინაში”, არამედ აქ, ინგლისის ციხეში - გარანტირებული აქვს, რომ არც აწამებენ, არც მოკლავენ, კარგად აჭმევენ - ტელევიზორს უყურებს, სპორტით იქნება დაკავებული, ისწავლის. კაცმა რომ თქვას, ცოტა ხნის წინ განვითარებულმა მოვლენებმა მთლიანად დაადასტურა ის, რაც მანამდე ვიცოდი და რის შესახებაც ინფორმაცია მივაწოდე სკოტლენდ იარდს”, - უთხრა ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის კორეპსონდენტს ბორის ბერეზოვსკიმ.

მან ბოლოხანს წამოაყენა ინიციატივა, მესამე ქვეყანაში წარდგნენ სასამართლოს წინაშე ანდრეი ლუგოვოი და თვით ბერეზოვსი. შეგახსენებთ, რომ ლუგოვოი ეჭვმიტანილია გასულ წელს ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლაში. ბრიტნეთი რუსეთისაგან ლუგოვოის ექსტრადიციას მოითხოვს მის გასასამართლებლად. რუსეთი უარზეა და თავის მხრივ მოითხოვს ბერეზოვსკის ექსტრადიციას, მას თაღლითობაში და ფინანსურ მაქინაციებში სდებს ბრალს. ბრიტანეთი კი უარს ამბობს ბერეზოვსკის ექსტრადიციაზე.

ბერეზოვსკის განმარტებით, მას არასდროს უთქვამს, რომ მისი და ლუგოვოის სასამართლო პროცესი ნეიტრალურ ტერიტორიაზე შედგეს. [ბერეზოვსკის ხმა]
"სიტყვა 'ნეიტრალური' არასოდეს მიხმარია. მე ვხმარობდი სიტყვებს 'სხვა ქვეყნები', სადაც მოქმედებს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, არაკორუმპირებული სასამართლო სისტემა. ასეთი ქვეყანა ბევრია. ეს არის, ვთქვათ, დანია, ნორვეგია, გერმანია... შეიძლება ევროპის კიდევ, სულ ცოტა, ხუთი-ექვსი ქვეყნის დასახელება. ეს ინიციატივა ერთადერთი მიზნით გამოვთქვი: კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ პირადად პუტინმა გასცა საშა ლიტვინენკოს მოკვლის ბრძანება და ამიტომ მინდა, ყველას დავანახო, რომ ლუგოვოის არავითარ შემთხვევაში არ მისცემენ რუსეთიდან გასვლის უფლებას."
XS
SM
MD
LG