Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველი არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობის დაცვის წესების გამკაცრებას ითხოვს


სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა საკანონმდებლო წინადადება არასრულწლოვანთა დანაშაულის საქმეებზე

კონფიდენციალურობის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. კერძოდ, ომბუდსმენის ოფისში მიაჩნიათ, რომ მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს უნდა დაემატოს არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობის დაცვის წესები, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანისაგან აღებული ინტერვიუს გამოქვეყნება ან გავრცელება. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 5 ათასი, ხოლო იურიდიული პირი10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

სახალხო დამცველი არ მალავს, რომ შეშფოთებულია იმით, თუ როგორ აშუქებს ქართული მედია არასრულწლოვანების მიერ ჩადენილ დანაშაულს. სოზარ სუბარის თქმით, მედია არ ცდილობს არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობის დაცვას:

[სოზარ სუბარის ხმა] „გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანი გააუპატიურა სხვა არასრულწლოვანმა... ბიჭმა ბიჭი ბავშვთა სახლში... დაასახელეს ორივეს გვარი, სახელი, დაზარალებულისა, ეჭვმიტანილისაც... ექსპერტიზაზე გვინდოდა წაყვანა... ჩვენი თანამშრომელი ბექა მინდიაშვილი ახლდა... ჟურნალისტები კართან დაუხვდნენ. ბექამ კოსტიუმი გადააფარა სახეზე, მაგრამ ჟურნალისტები მაინც არ ეშვებოდნენ, კამერებს ქვევიდან ჩრიდნენ... რა არის ეს? ცხადია, ადამიანის უფლებებთან და ეთიკასთან ყოველივე ამას კავშირი არ აქვს.“(სტილი დაცულია)

არადა, სოზარ სუბარის თქმით, გაეროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ადმინისტრირების მინიმალური
სტანდარტული წესები, ე.წ. პეკინის წესები, მოითხოვს არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტი საჯაროობით ზიანის მიყენების შესაძლებლობა. არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობის დაცვის აუცილებლობაზე ლაპარაკობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეც. გიორგი ჩხეიძის თქმით, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაცია მკაცრად დადგენილი წესებით ვრცელდება:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „რა თქმა უნდა, არასრულწლოვანთა სასამართლო საქმეების დროს სრულიად შეუძლებელია ვინაობის იდენტიფიცირება მოახდინოთ. ამ კუთხით მეტისმეტად დიდ ყურადღებას იჩენენ დასავლეთში, იმიტომ რომ ერთია, რა დანაშაული მოხდა და მეორე და მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მეტი ზიანი არ მივაყენოთ.“(სტილი დაცულია)

გიორგი ჩხეიძის თქმით, პირველადი არა მედიის ან საზოგადოების, არამედ სწორედ რომ მოზარდის ინტერესებია, თუმცა, ამის მიუხედავად, კომერციული მედია-საშუალებები, როგორც წესი, ასახელებენ როგორც დაზარალებული, ასევე დანაშაულში ბრალდებული მოზარდების გვარ-სახელებს, რითაც, როგორც ფსიქოლოგი ნინო მახაშვილი ამბობს, გამოუსწორებელი ზიანი ადგება ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკას:

[ნინო მახაშვილის ხმა] „მოზარდი, როგორც სარკე, ისე ირეკლავს დამოკიდებულებას - დაწყებული მშობლიდან, დამთავრებული მედიაში გაშუქებული მისი პორტრეტით. თუ ჩათვლი, რომ საშინელი ხარ, აგრესიული, რომელიც ვერ აკონტროლებ თავს და დამნაშავე ხარ, მთელი ცხოვრება შეიძლება ასეთად დარჩე.“(სტილი დაცულია)

ნინო მახაშვილის თქმით, საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე, მედია- საშუალებები არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობის დაცვაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი. სხვათა შორის, ჟურნალისტთა პროფესიული სტანდარტი, რომელსაც საქართველოში მოქმედმა ოცდაორმა მედია-ორგანიზაციამ ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ მოაწერა ხელი, შეიცავს მუხლს, სადაც აღნიშნულია: „ინფორმაციამ არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ არ უნდა შეაფერხოს და გაართულოს მისი რეაბილიტაცია. ასეთ შემთხვევებში არ უნდა იყოს შესაძლებელი ვინაობის იდენტიფიცირება.“ თუმცა ირკვევა, რომ პროფესიული სტანდარტის ამ მოთხოვნებს, როგორც წესი, საქართველოში მოქმედი მედია-ორგანიზაციები არ ითვალისწინებენ. იშვიათი გამონაკლისი საზოგადოებრივი მაუწყებელია. ქეთევან მსხილაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, განმარტავს:

[ქეთევან მსხილაძის ხმა] „ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივ ინტერესს. საზოგადოებრივი ინტერესი არის ფაქტის ცოდნა, საზოგადოებრივი ინტერესია, რომ ყველა ადამიანი იყოს დაცული, განსაკუთრებით არასრულწლოვანი იყოს დაცული ზედმეტი ტრავმისაგან. ამიტომ ჩვენ ვფარავთ სახეს, არ ვამბობთ სახელს და ასე შემდეგ. მე მომხრე ვარ, რომ ამ აკრძალვამ მიიღოს კანონის ძალა.“(სტილი დაცულია)

ცხადია, აკრძალვამ რომ კანონის ძალა შეიძინოს, სახალხო დამცველის ინიციატივას მხარი პარლამენტმა უნდა დაუჭიროს. კანონპროექტის თანახმად კი, არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობის დაცვის წესების დარღვევისთვის დაწესდება საჯარიმო სანქციები.

[სოზარ სუბარის ხმა] „მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქვეყანაშია, თუმცა შეიძლება ვიფიქროთ გარკვეული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღებაზე.“

სოზარ სუბარის თქმით, ფიზიკური პირი 5 ათასი, ხოლო იურიდიული პირი10 ათასი ლარით დაჯარიმდება. დანაშაულის განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმის მოცულობა გაორმაგდება.
XS
SM
MD
LG