Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 705-ე გამოშვება



ბიძინა რამიშვილი:

ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს შევეხებით ემზარ კვიციანის ამბოხების თემას, რომლიდანაც ერთი წელი გავიდა; შემოგთავაზებთ ორ მუსიკალურ სიუჟეტს: ერთი ეხება სტაჟიან მუსიკოსს - ბუბა კიკაბიძეს, მეორე კი ახალგაზრდა პიანისტს, გუგა ჩხიკვაძეს.

პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


ერთი წელი ემზარ კვიციანის ამბოხების შემდეგ

ბიძინა რამიშვილი:
ჩვეულებრივ, ზაფხული პოლიტიკური თვალსაზრისით მკვდარ სეზონად ითვლება, ოღონდ, საქართველოში ყოველთვის ასე არ არის. საპარლამენტო არდადეგების დაწყების მიუხედავად, პოლიტიკური პარტიების ლიდერები დასასვენებლად წასვლას ჯერ არ გეგმავენ. გამორიცხული არ არის, პოლიტიკურ ცხოვრებაში კვლავ ბევრი საინტერესო მოვლენა მოხდეს ისევე, როგორც ამ ერთი წლის წინ. თემას თამარ ჩიქოვანი განაგრძობს.


თამარ ჩიქოვანი:
21 ივლისს ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობა დაითხოვა. მაშინ მთავრობის შემადგენლობაში მასშტაბური ცვლილებები არ გატარებულა: მხოლოდ ორმა მინისტრმა - კონფლიქტების მოგვარების სფეროში სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა - დატოვა მთავრობის კაბინეტი. ორ დღეში კი, 23 ივლისს, კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. სხვადასხვა ულტიმატუმს შორის, ის მთავრობის შემადგენლობიდან კონკრეტული მინისტრების გათავისუფლებას მოითხოვდა:

[ ემზარ კვიციანის ხმა] ”არ გამოვრიცხავ - თუ ხვალ, ორშაბათს, ისევ დანიშნა ეს ორი მინისტრი პარლამენტმა - გამოვა ხალხი პარლამენტის გაშვების მოთხოვნით და არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. სად გამოვა და, თბილისში. აქ, კოდორში, ხომ არ ჩამოვა?”(სტილი დაცულია)

ის ორი მინისტრი, ვისი დამტკიცების შემთხვევაშიც ემზარ კვიციანი ხალხის ქუჩაში გამოსვლის პროგნოზს აკეთებდა, ირაკლი ოქრუაშვილი და ვანო მერაბიშვილი გახლდნენ. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, რომელთა შორის არსებულ დაპირისპირებაზე იმ პერიოდში არაერთხელ თქმულა, ამჯერად, კოდორის ამბოხის ჩახშობისას, ერთად და ოპერატიულად მოქმედებდნენ. გემახსოვრებათ, მაშინ ამბოხებულების წინააღმდეგ დაწყებულ სპეცოპერაციას ერთი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე ემსხვერპლა. კოდორის ხეობის მოსახლეობიდან დიდძალი იარაღი ამოიღეს. დააკავეს ნორა კვიციანი - ამბოხებული ემზარ კვიციანის და, რომელიც მოგვიანებით გასამართლდა კიდეც. ემზარ კვიციანზე გენერალურმა პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა:

[ პროკურატურის წარმომადგენლის ხმა] ”დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ემზარ კვიციანის მიმართ. მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი უკანონო შეიარაღებული რაზმის შექმნასა და მის ხელმძღვანელობაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და ტარებაში. უახლოეს მომავალში მას წარედგინება ბრალი სახელმწიფოს ღალატში, რაც გამოიხატება ამბოხებასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უკვე გაცემულია ბრძანება ემზარ კვიციანის მიმართ, აღმკვეთი ღონისძიების სახით, დაპატიმრების შეფარდების თაობაზე და გამოცხადებულია მასზე ძებნა. ვიცი, ბრალეულობაც გამოიკვეთება, ყველა იქნება მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში შესაბამისი მუხლებით.”

ამ ერთი წლის წინანდელ განცხადებებს თუ გავიხსენებთ, მაშინ ხელისუფლების უმაღლესი დონის წარმომადგენელთა ლექსიკაში ფიგურირებდა სიტყვა ”ქვეყნის ღალატი” - თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ქვეყნის მოღალატეთა ვინაობაც დაასახელა:

[ ირაკლი უქრუაშვილის ხმა] ”როდესაც გამყრელიძე და ნათელაშვილი მოუწოდებენ ჯარს იარაღის დაყრისკენ, ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი.”

დავით გამყრელიძისა და შალვა ნათელაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, ირაკლი ბათიაშვილისგან განსხვავებით, რომელიც ამბოხის დღეებში რამდენჯერმე ტელეფონით ესაუბრა ემზარ კვიციანს. 2006 წლის 29 ივლისს ირაკლი ბათიაშვილი ემზარ კვიციანისთვის ინტელექტუალური დახმარების გაწევის ბრალდებით დააკავეს. საქართველოს პროკურატურის განმარტებით, ირაკლი ბათიაშვილი არწმუნებდა კვიციანს, რომ ის უზრუნველყოფდა ამბოხებულებისთვის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. ამ ბრალდებას არც ამ ერთი წლის წინ და არც ახლა არ ეთანხმება რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, იურისტი დავით უსუფაშვილი:

[ დავით უსუფაშვილის ხმა] ” ირაკლი ბათიაშვილს შეიძლება რაღაც შეეშალა პოლიტიკურად. შესაძლოა, მისი რეაქცია ამ მოვლენაზე, ჩვენი აზრით, ყოფილიყო უკეთესი, მაგრამ არამც და არამც მას არ ჩაუდენია არავითარი დანაშაული. მაგრამ ბათიაშვილის დასჯა ხელისუფლებას სჭირდებოდა იმ მიზნით, რა მიზნითაც დღეს ძალიან ბევრი ადამიანია ციხეში - სადემონსტრაციოდ, საილუსტრაციოდ, სხვების შესაშინებლად, სხვებისთვის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ამას გავაკეთებთ და სხვები ჭკუით იყავით.”(სტილი დაცულია)

დავით უსუფაშვილის ამ მოსაზრების საპირისპიროდ, იმ ადამიანებს, ვინც ირაკლი ბათიაშვილს იცნობს, საკუთარი აზრის გამოხატვის არ შეშინებიათ. დაიწერა არაერთი ერთობლივი წერილი, მიმართვა, დღემდე გროვდება ხელმოწერები მისი გათავისუფლების მოთხოვნით. ეს ადამიანები, მათ შორის, მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი, დარწმუნებულია, რომ ირაკლი ბათიაშვილი მოღალატე არ შეიძლება იყოს:

[ ოთარ მეღვინეთუხუცესის ხმა] ”ეს ხომ გამოგონილია, მისი მოღალატეობა, - კაცის, რომელიც თავგადადებულია, თავის ერზე ფიქრობს, იბრძვის. ყველა მისი ნაბიჯი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უკეთესობისთვის არის განკუთვნილი.”(სტილი დაცულია)

ირაკლი ბათიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი გაასაჩივრეს - სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმე 1 ოქტომბრამდე უნდა განიხილოს. რაც შეეხება ამ ერთი წლის წინანდელი ისტორიის ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირს - მოუხელთებელ ჯოდ ქცეული ემზარ კვიციანის ასავალ-დასავალი არავინ იცის.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლება, თბილისი.



რატომ უყვართ ბუბა...

ბიძინა რამიშვილი:
19 ივლისს ვახტანგ კიკაბიძის დაბადების დღე იყო. სიუბილეო კონცერტი, ან საგანგებო ღონისძიებები არ გამართულა. 70 წლისა, ბუბა მომავალ წელს ხდება. მაინც მთელი საქართველო ულოცავდა დაბადების დღეს. და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ საქართველო... საინფორმაციო სააგენტოში ,,ახალი ამბები საქართველო”, ამ მოვლენის აღსანიშნავად თბილისსა და მოსკოვს შორის ტელეხიდი გაიმართა. იყო მილოცვა, ღია და გულიანი საუბარი ხელოვნებაზე, სიყვარულზე და მარადიულ ფასეულობებზე. ბუბას შესახებ და - ბუბას გამო.
მარინა ვაშაყმაძეს მოუსმინეთ...

იხ. აუდიოფაილი

ინტერვიუ პიანისტ გუგა ჩხიკვაძესთან

ბიძინა რამიშვილი:
ამ დღეებში პრაღაში საფორტეპიანო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს - პრაღის საფორტეპიანო მასტერკლასები. მის ფარგლებში იმართება კონცერტები, გაკვეთილები, ბუნებრივია მასტერკლასებიც - რაც გულისხმობს საჯარო გაკვეთილის ჩატარებას, რომელზე დასწრებაც - მრავალ სტუდენტსა და რიგით მსმენელსაც შეუძლია. პრაღის ამ ფესტივალში წელს ახალგაზრდა ქართველი პიანისტიც მონაწილეობს - გუგა ჩხიკვაძე. ის დატვირთული პროგრამის მიუხედავად დაგვთანხმდა მეათე სტუდიაში სტუმრობაზე და მარიამ ჭიაურელს მისცა ინტერვიუ. პირველი შეკითხვა იმას ეხებოდა, თუ რა მუსიკალური გზა განვლო შეერთებულ შტატებში, სადაც უკვე რამდენიმე წელია სწავლობს.

იხ. აუდიოვერსია.


მოსკოვში სახელგანთქმულ კატების თეატრს უბინაოდ დარჩენა ემუქრება

ბიძინა რამიშვილი:
მოსკოვში სახელგანტქმული და ბევრისთვის საყვარელი კატების თეატრი, რომელსაც საქართველოშიც კარგად იცნობენ, შეიძლება დაიხუროს. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამგვარი შიშისთვის ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი საფუველი ეძლევა თეატრის ხელმძღვანელს იური კუკლაჩოვს. მას ემუქრებიან და სხვადასხვა ხერხით აიძულებენ დატოვოს შენობა, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზეპრესტიჟულ უბანში – კუტუზოვის პროსპექტზე მდებარეობს. უბანი უმდიდრეს ბიზნესმენებს იზიდავს და ისინი იქ კატაების მხიარული ატრაქციონის ადგილს უკვე ვეღარ ხედავენ. კატების თეატრზე უფრო ვრცლად ლელა კუნჭულია ისაუბრებს.

[ ხმა]

ლელა კუნჭულია:
იური კუკლაჩოვი და მისი კატები მოსკოველებს უკვე 20 წელია ართობენ. მოხერხებული, ჭკვიანი და მხიარული კატების ნახვა თანაბრად მოსწონთ ბავშვებსაც და მშობლებსაც. კუკლაჩოვის მსახიობი კატები, რომლებიც ყველა ფორმისა და ზომის არიან, მაყურებლის წინაშე მართლაც საოცარ ილეთებს აკეთებენ: ტრიალებენ ჰაერში, ხტიან, დახოხავენ და, ხშირად, შეიძლება ითქვას, ხუმრობენ კიდეც. ამ საოცარ სანახაობას დახურვის საფრთხე ემუქრება. თეატრის ხელმძღვანელი, იური კუკლაჩოვი რამდენიმე თვეა გრძნობს, რომ ვიღაც მეტად გავლენიანს მისი შენობის ხელში ჩაგდება სურს. ჯერ იყო და, ქალაქის პოლიციის ეკონომიკურ დანაშაულებათა სამმართველოს წარმომადგენლები ესტუმრნენ, სრულიად უმიზეზოდ და მოულოდნელად. დიდხანს ეძებეს დარღვევები საბურალტრო წიგნში და, როგორც თეატრის წარმომადგენელი ირინა ვალიჩკოვა ამბობს, დაუპატიჟებელმა სტუმრებმა ვერ მიაგნეს იმას, რასაც ეძებდნენ:

[ირინა ვალიჩკოვას ხმა] "რადგანაც დაღრვევები ვერ აღმოაჩინეს, ვერაფერი ვერაფერი ვეღარ მოიმოქმედეს... რისი ან ვისი მითითების საფუძველზე მოვიდნენ ისინი ჩვენთან ეს კვლავაც გაურგებრად რჩება."

თავად კუკლაჩოვი ამგვარი შეტევების უკან უძრავი ქონების სააგენტოებს ხედავს. რადგანაც მის თეატრს ძალიან ბევრისთვის სასურველი შენობა აქვს დაკავებული – ასევე ბევრისთვის სასურველ უბანში. კატების თეატრის შენობა ზალიან ახლოს მდებარეობს ახალ დასახლებასთან "მასკვა სითისთან", რომელიც უმდიდრეს უბნად ითვლება და რომელშიც რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული. მშენებლობის ბუმმა მოსკოვში პიკს მიაღწია. არაერთი ძველი საწარმო, მაგალითად – შოკოლადის ფაბრიკა "წითელი ოქტომბერი", იძულებით გაასახლეს ამ უბნიდან, რათა ადგილი ფეშენებელური ბინებისთვის და ოფისებისთვის დაეთმო.

საბუღალტრო წიგნების შემოწმების გარდა, კუკლაჩოვის თეატრს სხვა სახის თავდასხმების მოგერიებაც უწევს. მაგალითად, მას უჩავიან მეზობელი შენობების მცხოვრებლები, რომ მათ თეატრიდან გამოსული ცუდი სუნი აწუხებთ. იური კუკლაჩოვი ამბობს, რომ კატებს უკვე წლების მანძილზე ავარჯიშებს და მსგავსი ბრალდებები ჯერ არასოდეს მოუსმენია:

[კუკლაჩოვის ხმა "იცით, ვირაცამ მეტად მოხერხებულად დაგეგმა და ხელმძღვანელობდა კიდეც ამ პროცესს... საქმე ია არის, რომ ადრე, ბანკების თანამშრომლები და მაღაზიების მფლობელები დაჟინებით მთავაზობდნენ დიდ ფულს, რომ ეს შენობა მიმეყიდა. მეუბნებოდნენ – იური, ახალ შენობას აქვე აგიშენებთო... მაგრამ მერე, როცა კატების თეატრი სახელმწიფო თეატრად იქცა და, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მფარველეობის ქვეშ შევიდა, მათ გზები გაიკვლიეს წვრილ ჩინოვნიკებთან, რომლებმაც ატეხეს კიდეც ეს დავიდარაბა..."

[ხმა]

თეატრში მისულ ადამიანებს იმის წარმოდგენაც არ სურთ, რომ კუკლაჩოვი და მისი კატები შეიძლება უბინაოდ დარჩნენ. ოლგა კატების თეატრის ხშირი სტუმარია. იმ დღეს ის კატების შოუს თავის 4 წლის ქალიშვილთან, კატიასთან ერთად ესწრებოდა:

[ ოლგას ხმა] "ეს კანონზომიერებაა, რომ ასეთ დაწესებულებებს, როგორიც კატების თეატრია, ან ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებებს ქალაქის ცენტრიდან პერიფერიებისკენ აძევებენ... ალბათ ეს ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკაა, მოსკოვის ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია... რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი... ბავშვები ჩვენი მომავალია და ჩვენ მათზე უნდა ვიფიქროთ..."

[ კატების ხმა]

კუკლაჩოვის თეატრი ერთგვარ საოჯახო შემოქმედებად იქცა. მეუღლე და ქალიშვილი დიზაინერის ფუქნქციებს ასრულებენ; ვაჟიშვილი დიმიტრი კი, მამის გზას დაადგა და ჯამბაზობა არჩია. დახატული წითელი ტუჩებით და მიმაგრებული უზარმაზარი ცხვირით მან უკვე დაიწყო მაყურებლის გართობა. კატები მასაც ემორჩილებიან და დიმიტრი შოუს უკვე დამოუკიდებლადაც უძღვება. მას შემდეგ რაც პრობლემების შესახებ შეიტყვეს, იური კუკლაჩოვს მეგობრები მთელი მსოფლიოდან ურეკევენ:

[კუკლაჩოვის ხმა] "ისინი მირეკავენ კანადიდან, ამერიკიდან და მეუბნებიან: იურა, რას აკეთებ? მიატოვე ყველაფერი და ჩამოდი, ჩვენთან იცხოვრეო... შენ გამდიდრდები და კაპიკების შემყურე აღარ იქნებიო... მაგრამ მე მათ ვპასუხობ: მეგობრებო, მე არ შემიძლია ცხოვრება რუსეთის გარეშე! როცა მე რუსეთს ვტოვენ, ჩემი გული კვდება..."

თავდასხმების მოგერიება კუკლაჩოვმა ამ ეტაპზე შეძლო... იმასაც ამბობენ, რომ მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი კატების თეატრის დიდი მოტრფიალეაო... თუმცა კუკლაჩოვს ეს ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს. ის ფიქრობს, რომ შეტევების ტალღა დროებით მიწყნარდა და რომ ერთ საშინელ დღეს ისევ მივლენ მასთან ჩინოვნიკები და ისე მივლენ, რომ მისი კატების ქუჩაში გამოყრას შეძლებენ.


ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და ბიძინა რამიშვილმა. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემაც, რომელსაც ბიძინა რამიშვილი უძღვებოდა. ხმის რეჟისორები გახლდნენ: პრაღაში - იან კაიზერი, თბილისში - ლევან გვარამაძე.

მომავალ შეხვედრამდე რადიო თავისუფლების ეთერში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG