Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზრდილი ქართული სამშვიდობო ბატალიონი ერაყში გაემგზავრა


20 ივლისს თბილისის ალექსეევკის სამხედრო აეროდრომიდან ერაყში გაემგზავრა 300 ქართველი სამხედრო მოსამსახურე.

ქვედანაყოფი სამშვიდობო მისიას ვასიტის პროვინციის ქალაქ ალ კუდში შეასრულებს. იმავე ქალაქში მათ შეუერთდება ის 850 ქართველი სამხედრო, რომლებიც უკვე იმყოფებიან ბაღდადსა და ბააყუბაში. მსოფლიოს ყველაზე “ცხელ წერტილში” გამგზავრებამდე ქართულ კონტინგენტს 4 კვირიან ინტენსიურ სწავლებას ამერიკელი ინსტრუქტორები უტარებდნენ. ქართველ სამხედროებს გამგზავრების წინ შევხვდი და ახლა მინდა გიამბოთ, როგორი განწყობა სუფევდა მათ რიგებში.

20 ივლისს თანამებრძოლებთან ერთად ერაყში სამშვიდობო მისიით გაემგზავრა მე-2 ქვეითი ბრიგადის კაპრალი მამუკა ბანძელაძე, რომელმაც ორი თვის წინ წარმატებით დაასრულა ქართულ-ამერიკული “სტაბილურობის შენარჩუნების” სამხედრო პროგრამა. კაპრალ მამუკა ბანძელაძის თქმით, მან და მისმა თანამერძოლებმა იცოდნენ, რომ პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ ერაყში მოუწევდათ 6 თვიანი მივლინება.

[მამუკა ბანძელაძის ხმა] ”შეეგუა ოჯახი. სხვა გზაც არ იყო და, რა ვიცი. და არაფერს არ ამბობენ ისეთს, რომ აი, საშიშროებას წარმოადგენს ან რაღაც. შეეგუა ოჯახი. იციან, რომ მივდივარ და დამილოცავენ გზას.”(სტილი დაცულია)

ერაყში გაემგზავრა სერჟანტი ემზარ დემეტრაძე, რომელმაც 2 თვის წინ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ პროგრამით გათვალისწინებულ ფიზიკურ დატვირთვას ამერიკელი და ქართველი სამხედროები ერთად იტანდნენ:

[ემზარ დემეტრაძის ხმა] ”ფიზიკური დატვირთვა ძალიან მძიმე იყო, კი. ამერიკელი ინსტრუქტორები ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ, როგორც ბრძოლის ველზე.”(სტილი დაცულია)

ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა მეთაური მაიორი ქრეგ ჯონსი, ორი თვის წინ ასე დაემშვიდობა თავის ყველაზე წარმატებულ ქართველ შეგირდებს, რომლებიც რამდენიმე დღეში კოალიციის რიგებში შეასრულებენ საბრძოლო ამოცანებს:

[ქრეგ ჯონსი] ”თქვენ ხართ საუკეთესო ჯარისკაცები თქვენს ასეულში და აუცილებლად უნდა მოხდეს ამის აღიარება. იმედია, თქვენ მოგეწონათ ის სწავლება, რაც ჩვენ ერთად გავიარეთ. ასე რომ, წარმატებას გისურვებთ ერაყში.”

ქართველ სამხედრო კონტინგენტს, რომლის რაოდენობა 20 ივლისიდან სამჯერ გაიზრდება, ერაყში, ვასიტის პროვინციაში, რთული ამოცანების შესრულება მოუწევს: ქართულმა ქვედანაყოფმა უნდა უხელმძღვანელოს სამშვიდობო ოპერაციას საკმაოდ დიდ ფართობზე. ქართველ სამხედროებს ასევე დაეკისრებათ პატრულირება ირან-ერაყის საზღვარზე, რათა აღიკვეთოს საზღვრის უკანონო დარღვევის ფაქტები. 2000 კაცამდე გაზრდილი სამხედრო ქვედანაყოფის მისია ერაყში, სავარაუდოდ, ერთ წელს გასტანს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG