Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელი პრესა ცდილობს ახსნა მოუძებნოს ბოლოდროინდელ საკადრო ცვლილებებს ხელისუფლებაში.

”რეზონანსი” ორ პუბლიკაციას აქვეყნებს, რომელთაგან ერთი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ცვლილებას, მეორე კი თავდაცვის მინისტრის მოადგილის გადადგომას შეეხება. მერაბ ანთაძის დავით ბაქრაძით ჩანაცვლების მიზეზების ძიებაში კორესპონდენტი არაერთ რესპონდენტს დაეკითხა. მათგან ერთ-ერთი ანთაძის წინამორბედი გოგა ხაინდრავაც გახლავთ, რომელიც ანთაძის გადადგომას ”ადვილად გასაგებად” თვლის:”მინისტრის თანამდებობა გულისხმობს თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობებს. ეს კი მერაბ ანთაძეს არ ჰქონდა. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, მე ცხინვალში ასჯერ ვიყავი, ის კი - ორჯერ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იგი იზღუდებოდა. მას არ უნდოდა კონფლიქტების მოგვარება? უნდოდა, მაგრამ რატომღაც არ გამოსდიოდა. აქ რაღაცა სხვა ამბავი უნდა იყოს”, - ამბობს გოგა ხაინდრავა, რომლის კომენტარსაც ”რეზონანსი” აქვეყნებს. რაც შეეხება ალექსანდრე სუხიტაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას, გაზეთი წერს: ”როგორც ცნობილია, სუხიტაშვილის სახელი კონტრაბანდის მფარველობასთან იყო ასოცირებული. თავად სუხიტაშვილი კონტრაბანდასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, სწორედ ამ მოტივით იქნა პრეზიდენტის მიერ გათავისუფლებული შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია სუხიტაშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა ის ციხეს ოქრუაშვილის წყალობით გადაურჩა”, - წერს ”რეზონანსი” და თანამდებობების დატოვებას გენერალური შტაბის უფროს ზაზა გოგავასა და მინისტრის მოადგილე ლევან ნიკოლეიშვილსაც უწინასწარმეტყველებს.

”ახალი თაობის” მიმომხილველი წერს: ”რას ველოდოთ ბაქრაძისგან? ბაქრაძისგან არაფერს, რადგან, მას მონაწილეობა აქვს მიღებული სანაკოევის ადმინისტრაციის შექმნაში და, შესაბამისად, თავად არის მოტივირებული იკონტაქტოს არა კოკოითთან, არამედ ქურთაში მჯდომ და ოციოდე ოსის მხარდაჭერით გაძლიერებულ ფიგურასთან, რომელსაც ცხინვალელი ოსების უდიდესი უმრავლესობა ერის მოღალატედ მიიჩნევს”, - წერს ”ახალი თაობა”, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილის გადადგომასაც ეხება: ”მინასავით გამჭვირვალე თავდაცვის სამინისტროში გუშინ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა, რომელმაც დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო უწყებიდან ირაკლი ოქრუაშვილის კადრებს ათავისუფლებენ”, - წერს ”ახალი თაობის” ავტორი და განაგრძობს: ”რას იზამს მომავალში სუხიტაშვილი, დრო გვიჩვენებს. როგორც ამბობენ, ოქრუაშვილი ბრუნდებაო და თუ დაბრუნდა, სუხიტაშვილსაც გამოუჩენს საქმეს.”

”ახალი 7 დღის” დღევანდელი ნომრის მთავარ თემებად კვლავაც გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიება და ირაკლი ბათიაშვილის საქმე რჩება. გაზეთში ქვეყნდება გურამ შარაძის შვილის, რუსუდან შარაძის, პუბლიკაცია, სათაურით ”მამაჩემის მკვლელობა ვიდეოთვალის წინ”. ავტორი ”ალდაგის” ოფისის კამერებით აღბეჭდილი კადრებითა და მოწმეთა ჩვენების საფუძველზე ცდილობს მკვლელობის სურათის შექმნას და დასძენს იმასაც, რომ კამერების ჩანაწერი საეჭვო მომენტებში წყდება. დასკვნით ნაწილში რუსუდან შარაძე წერს: ”ფაქტია, რომ საქმეშია ორი მკვლელი, თანამონაწილეებთან ერთად!”. ავტორი დასძენს, რომ გამომძიებლები მის ნებისმიერ რეპლიკას და ინფორმაციას ერთი და იმავე წინადადებით უპასუხებენ: ”მოიყვანეთ მოწმე”. ”მოწმე მათთან არ მივა”, - წერს შარაძე - ”მათ მე მითხრეს: იმ ქვეყანაში, სადაც გურამ შარაძეს ქუჩაში კლავენ, ჩვენ დაცვის რა გარანტიები გვაქვს?”. გურამ შარაძის შვილი მის მიერ პრესაში გამოქვეყნებული მოწმეთა ჩვენებების საქმეში გამოყენებას მოითხოვს გამოძიებისგან და არ გამორიცხავს, რომ მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადონ ნანახის შესახებ.
XS
SM
MD
LG