Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული ქრონიკა


ქართული მედიისა და ინტერნეტფორუმების

გამოხმაურებით თუ ვიმსჯელებთ, გასული დღეების ყველაზე პოპულარული კულტურული პროექტი იყო ”მის საქართველო 2007”-ის დასკვნითი შოუ, რომელიც ბათუმში, ყინულის მოედანზე, გაიმართა. რა თქმა უნდა, სილამაზის კონკურსის მაღალი რეიტინგი, პირველ რიგში, ზაფხულის სეზონმა განსაზღვრა - როცა სანახავი თითქმის არაფერია, რატომაც არ უნდა დატკბეს პუბლიკა ლამაზი გოგონებით. მით უმეტეს, როცა იცის - გამარჯვებულმა სილამაზის მსოფლიო კონკურსში საქართველო უნდა წარმოადგინოს. თანაც, წლევანდელ კონკურსს ხომ ინტრიგა ახლდა - ყველაზე ლამაზ ქართველ გოგონას არა აქვს ქართული გვარი. მართალია, 18 წლის ბათუმელი ნინო ლიკუჩოვა, ქართულად საუბრობს და, საერთოდ, მიაჩნია, რომ ქართველია - ასეთი გვარის მის საქართველო ზოგიერთმა ჟურნალისტმა მაინც, რბილად რომ ვთქვათ, ”ეგზოტიკურ მოვლენად” აღიქვა. ინტერნეტფორუმებზე კი იმის მტკიცებაც დაიწყეს, რომ სილამაზის კონკურსმა პოლიტიკური ელფერი მიიღო: საქართველომ კიდევ ერთხელ უთხრა მსოფლიო საზოგადოებას, რომ ეთნიკურად არაქართველები საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან.

”მის საქართველო 2007”-ის ასეთი ინტერპრეტაციის ფონზე აღარ დარჩა დრო და ადგილი თავად შოუს შესაფასებლად. სილამაზის კონკურსების მზარდ პოპულარობას არ გამოხმაურებიან არც ქალთა უფლებების დამცველები, რომელთა უმრავლესობა ამ ტიპის ღონისძიებებს საზოგადოებაში დამკვიდრებული სექსიზმით, ქალის მიმართ ”მომხმარებლური” დამოკიდებულებით ხსნის. თუმცა ყველა არა. სილამაზის კონკურსების მიმართ ნაკლებად რადიკალური აღმოჩნდა გენდერული ურთიერთობის სპეციალისტი, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი საქართველოში, ლელა ხომერიკი, რომელიც საგანგაშოს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ქართულმა მედიამ ლამის კვირის მთავარ მოვლენად წარმოადგინა ბათუმში გამართული კონკურსი ”მის საქართველო”:


[ლელა ხომერიკის ხმა] ”პატარა ქვეყანა ვართ და, ალბათ, ამიტომ სილამაზის კონკურსი ხდება ლამის ცენტრალური მოვლენა მედიაში... ზოგადად, ქართულ სილამაზის კონკურსს გამოარჩევს უხარისხობა და კუსტარულობა. თავისთავად სულ არა ვარ წინააღმდეგი სილამაზის კონკურსების და მიმაჩნია, რომ, პრინციპში, ეს ”საერთაშორისო სისულელის” ერთ-ერთი განშტოებაა”. არსებობის უფლება კი, ცხადია, აქვს. თუ გოგონას უნდა ასეთნაირად რეალიზდეს, ანდა ვიღაცას უნდა ამის ყურება, ხეირიანად გაკეთდეს მაინც. შეიძლება უფრო კარგად დაიდგას ეს შოუ - თუ ვაკეთებთ, გავაკეთოთ!” (სტილი დაცულია)

”საერთაშორისო სისულელეც” შეიძლება კარგად გაკეთდეს. თუმცა ქართული შოუ-ბიზნესისთვის ათვლის წერტილი, როგორც ჩანს, არა იმდენად მსოფლიო გამოცდილება, რამდენადაც რუსული შოუ-ბიზნესის მიერ დამკვიდრებული მოდაა. მაგალითად, რუსეთში დღეს არნახულად პოპულარული გახდა ყინულზე გამართული სანახაობები. ჰოდა, წელს ქართველებმაც მიბაძეს რუს კოლეგებს. მით უმეტეს, რომ ამის საშუალება არსებობს - ბათუმში ყინულის დარბაზი გაიხსნა... ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რუსეთში 15-20 წლის გოგონების აბსოლუტური უმრავლესობა მოდელების ბიზნესში წარმატებაზე ოცნებობს. საქართველოში მსგავსი გამოკვლევა არ ჩატარებულა. თუმცა არ არის გამორიცხული, დაახლოებით ასეთივე შედეგი მივიღოთ.

[ლელა ხომერიკის ხმა] ”გოგონებს პოპულარობა უნდათ - თავიანთი ცხოვრებისეული პროექტის ერთ-ერთ ნაწილად განიხილავენ ამას... შეიძლება არა მარტო პროფესიული გეგმები უკავშირდებოდეს ამას, არამედ დაქორწინება, ”სასურველ სარძლოდ” გახდომა. დედებსაც იგივე - შვილის სამომავლო პერსპექტივები.”(სტილი დაცულია)

ლელა ხომერიკს ვეკითხებით, იქნებ სილამაზის კონკურსების პოპულარობას სხვა, ასე ვთქვათ, ”მერკანტილური მოსაზრებები” განსაზღვრავს. იქნებ გოგონები არა მხოლოდ შოუ-ბიზნესის სამყაროში დამკვიდრებაზე, არამედ თუნდაც ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობენ... იციან რა , რომ ამომრჩეველი, როცა საქმე ქალს ეხება, თავის რჩეულს ძალიან ხშირად სწორედ გარეგნობის მიხედვით აფასებს:

[ლელა ხომერიკის ხმა] ”ალბათ, ”სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალებს” უფრო მეტად სთავაზობენ სამსახურს და ძალიან ხშირად განცხადებებშიცაა ეს აღნიშნული, თუმცა კანონმდებლობით ეს აკრძალულია. განსაკუთრებულ უპირატესობას, არა მგონია, ანიჭებდეს. მაგრამ რაღაც ტიპის უპირატესობას, ალბათ, იძლევა, რაკი ადამიანებს აქვთ სურვილი ამაში მონაწილეობა მიიღონ.”(სტილი დაცულია)

ბათუმში გამართული გალა-კონცერტის შემდეგ (”მის საქართველო 2007” ტელევიზიითაც გადაიცა) საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩაში, ოფისებში, მოსახლეობა რჩეულებზე საუბრობს. ლელა ხომერიკის თქმით, ამ შემთხვევაში გემოვნებაზე, მართლაც, შეიძლება კამათი. ”კამათი” კი, რაზეც არ უნდა საუბრობდნენ ადამიანები, თავისთავად ყოველთვის მისასალმებელია:

[ლელა ხომერიკის ხმა] ”ხშირად საზოგადოებაში კამათის საგანი ხდება, რომელი გოგონა ჯობდა და ამ შემთხვევაში გემოვნებაზე მართლა არ დავობენ. უბრალოდ, მე გული მეთანაღრება, რომ სილამაზის კონკურსები აღრმავებს ამ სტერეოტიპს - ქალის აღქმას მხოლოდ მისი გარეგნული პარამეტრებით, როგორც მოხმარებისა და ტკბობის ობიექტი. თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ”მისტერიც” ტარდება, ე.ი. ბალანსი დაცულია და რადგან ტარდება, სჭირდებათ, ეტყობა, ადამიანებს ასეთი რამ... იყოს, რა!”(სტილი დაცულია)

ბალანსი დაცულია - პოდიუმზე ახლა ქართველი მამაკაცებიც გამოდიან. მართალია, ჟურნალისტები, როგორც წესი, მათ ეკითხებიან, რამდენად ორგანულია ეს ”ქართული მენტალიტეტისთვის”... ფაქტია, რომ საზოგადოებას ნაკლებად აქვს აგრესია ასეთი შოუს მიმართ. არსებითად, არც ”მის ბიკინის” მსგავსი კონკურსები ”ეწერება” ქართულ ტრადიციებში. მაგრამ ასეთი კონკურსები უპრობლემოდ იმართება. ამაში კი ქალთა უფლებების დამცველი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის პედაგოგი ლელა ხომერიკი პროგრესულ ტენდენციებსაც ხედავს:

[ლელა ხომერიკის ხმა] ”მე ტრაგიკულად არ ვუყურებ ამ პრობლემას. ერთი მხრივ, შესაძლებელია, სტერეოტიპს ამყარებდეს, მეორე მხრივ, იგივე ეს სტერეოტიპი ქალის დამკვიდრების იარაღიც ხდება - იგივე პროფესიულ კარიერაში, იგივე ეკონომიკური დამოუკიდებლობის მისაღწევად, ამიტომ ცალსახად ვერ ვიტყვით... სწორედ სამოდელო ბიზნესი... ეს ერთადერთი სფეროა, სადაც ქალებს მეტი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.”(სტილი დაცულია)

ქალთა უფლებების დამცველებს არ მოეთხოვებათ თანამედროვე ქართული კულტურის ხარისხზე მსჯელობა. კულტურის დღევანდელი მდგომარეობა, პირველ რიგში, სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ... მაგრამ ეროვნული არტკრიტიკა კვლავაც უყურადღებოდ ტოვებს ყველაზე პოპულარულ კულტურულ პროექტებს. თუკი მასობრივი კულტურის მიმართ ქედმაღლობა ტენდენციად იქცევა, არ არის გამორიცხული გემოვნებაზე კამათი მხოლოდ და მხოლოდ ”სილამაზის კონკურსებთან” დაკავშირებით გაიმართოს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG