Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების თემა კვლავ წამყვან ადგილს იჭერს რუსეთის პრესის ფურცლებზე.

დღევანდელი გაზეთი ”კომსომოლსკაია პრავდა” აქვეყნებს გერმანიის საგარეო პოლიტიკის საბჭოს რუსეთისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პროგრამების დირექტორის ალექსანდრ რარის სტატიას, სათაურით ”საქართველოსა და მოლდოვას ბედი კოსოვოში წყდება”. ავტორის აზრით, კოსოვოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები გავლენას მოახდენს პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარების პროცესზე.

” ახტისაარის გეგმა, იმის გამო, რომ რუსეთი წინააღმდეგია კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისა, მართალია, გადაიდო, მაგრამ არ ჩავარდნილა. დებატების გაეროს უშიშროების საბჭოდან ექსპერტთა სპეციალურ ჯგუფში გადატანა - ეს სერიოზული კომპრომისია, რადგან ახლა საქმეში პოლიტიკოსები კი არა, სპეციალისტები ჩაერთვნენ,” - წერს გერმანიის საგარეო პოლიტიკის საბჭოს რუსეთისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პროგრამების დირექტორი ალექსანდრ რარი დღეს გაზეთ ”კომსომოლსკაია პრავდაში ” გამოქვეყნებულ სტატიაში. მისი შენიშვნით, მოვლენები, შესაძლოა, არცთუ სასიამოვნო სცენარით განვითარდეს. მაგალითად, კოსოვოელ ალბანელთა ლიდერი აგიმ ჩეკუ აცხადებს, რომ პრიშტინა ნებისმიერ შემთხვევაში გამოაცხადებს სერბიისგან გამოყოფას 28 ნოემბერს, ალბანეთის დამოუკიდებლობის დღეს. კოსოვოელები მიანიშნებენ, რომ თუ საჭირო გახდა, ისინი კვლავ აიღებენ იარაღს ხელში. არავის აეჭვებს, რომ სერბებიც ასევე მოიქცევიან, რაც ნიშნავს, რომ სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებარება.
ალექსანდრ რარის აზრით, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება სხვა ქვეყნებში, სადაც მსგავსი პრობლემებია და, პირველ რიგში, ეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას ეხება: ”აფხაზების, სამხრეთ ოსებისა და დნესტრისპირელების სურვილი, გაიმეორონ კოსოვოელების მაგალითი - სამართლიანი იქნება. ბევრი რამ რუსეთზე იქნება დამოკიდებული. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე დასავლელ პოლიტოლოგებთან ვლადიმირ პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ კოსოვო დამოუკიდებლობას მიიღებს, მოსკოვი საფუძველშივე შეცვლის თავის პოლიტიკას პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეყოფა თუ არა რუსეთს მხნეობა და პოლიტიკური ნება, თვითაღიარებული რესპუბლიკების მხარეს აღმოჩნდეს? - ამ კითხვაზე პასუხი, როგორც ჩანს, ძალიან მალე გაირკვევა,” - წერს გერმანიის საგარეო პოლიტიკის საბჭოს რუსეთისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პროგრამების დირექტორი ალექსანდრ რარი სტატიაში, რომელსაც დღევანდელი გაზეთი ”კომსომოლსკაია პრავდა” აქვეყნებს.

დღევანდელი ”როსიისკაია გაზეტას” თხოვნით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ იაკოვენკომ შეაფასა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტი გაეროს დამკვირვებელთა საქართველოში მოღვაწეობის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის განცხადებით, მოხსენებაში აღნუსხულია ქართული მხარის მიერ მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების მრავალრიცხოვანი დარღვევა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ინციდენტს, რომლებმაც კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვა გამოიწვია - ეს არის განმუხურში ახალგაზრდული პატრიოტული ბანაკის შექმნა და კოდორის ხეობაში დაუდგენელი შეიარაღებული პერსონალის აღმოჩენა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოხსენება შეიცავს რეკომენდაციას საქართველოს მთვრობისადმი, ახალგაზრდული პატრიოტული ბანაკი უსაფრთხოების ზონიდან გადაიტანონ. რაც შეეხება კონფლიქტის ზონაში მყოფ რუსეთის სამშვიდობო ძალებს, ალექსანდრ იაკოვენკოს განცხადებით, მათ საქმიანობას მაღალი შეფასება მიეცა.
XS
SM
MD
LG