Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისსა და სოხუმში გაეროს გენერალური მდივნის შუალედური მოხსენების შეფასებას იძლევიან


ეკაწამალაშვილი, თბილისი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის შუალედურ საანგარიშო მოხსენებაში

გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, თბილისის გარდა, სოხუმშიც გამოეხმაურნენ. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის მოხსენებაში თითქმის უკლებლივ იქნა გათვალისწინებული ის საკითხები, რომლებიც აფხაზთა მხარემ ერთი თვის წინ ბონში, გაეროს მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე, წამოსწია. ”გენერალური მდივანი შენიშვნებს, ძირითადად, საქართველოს მხარეს აძლევს,”- აღნიშნა შამბამ 25 ივლისს ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში. მინდა უფრო დაწვრილებით გიამბოთ, თუ რას ფიქრობენ თბილისსა და სოხუმში ბან კი მუნის შუალედურ მოხსენებასა და მის მთავარ მოწოდებაზე, განაახლონ მხარეებმა დიალოგი.


მოხსენება, რომელსაც თბილისშიც და სოხუმშიც დიდი რეზონანსი მოჰყვა, შუალედურია... მას გაეროს უშიშროების საბჭოში კონსულტაციების რეჟიმში განიხილავენ... დოკუმენტს საბოლოო სახე მიეცემა შემდგომი მუშაობისას და ოქტომბერში აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ რეზოლუციას დაედება საფუძვლად. ზუსტად ვერ გეტყვით, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით რიგით მერამდენე რეზოლუციას მიიღებს გაეროს უშიშროების საბჭო ოქტომბერში - რეზოლუციების რაოდენობამ კარგა ხანია 3 ათეულს გადააჭარბა და, როგორც პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე ამბობს:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ”თუ არ ვცდები, ორმოცს უახლოვდება რაოდენობა. ყველა რეზოლუცია იყო ბუნდოვანი: რეზოლუცია ზოგან უფრო მეტად ერთი მხარის კრიტიკა იყო, ზოგან - მეორე მხარის, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს რეზოლუციები არ სრულდებოდა და, რაც მთავარია, გაეროს მონაწილეობა ვერ უზრუნველყოფდა და ვერც უზრუნველყოფს გარღვევას კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში..” (სტილი დაცულია)

საქართველოში ბევრი და, მათ შორის, არჩილ გეგეშიძეც ფიქრობს, რომ გაეროს არაეფექტიანობისა და მასზე რუსეთის გავლენის გამოხატულებაა გენერალური მდივნის ბოლო, შუალედური, მოხსენებაც. თუმცა თბილისში მაინც არ ესმით, რატომ დარჩნენ სოხუმში კმაყოფილნი ამ მოხსენებით და რატომ მიიჩნიეს, რომ მასში ძირითადი შენიშვნები და მოთხოვნები საქართველოს მხარისკენაა მიმართული და ნაკლებად აფხაზთა მხარის მიმართ.

[სერგეი შამბას ხმა] ” გადახედეთ გენერალური მდივნის მოხსენებას და მერე ვილაპარაკოთ. იქ აფხაზთა მხარის მიმართ პრეტენზიები არ არის და არც გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის მიმართ.”

ამბობს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. მართალია, ის მიესალმება გენერალური მდივნის მოთხოვნას, დაიშალოს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილი ახალგაზრდების პატრიოტული ბანაკი, ოფიციალური თბილისი ამ მოთხოვნის გათვალისწინებას არ აპირებს და თან შორს არის იმ აზრისგან, რომ ამან შეიძლება გააფუჭოს ურთიერთობა გენერალურ მდივანთან ან მეგობართა ჯგუფთან. ”გენერალური მდივანი გააგრძელებს მუშაობას საბოლოო დოკუმენტზე, ჩვენ კი მუშაობას განვაგრძობთ მეგობართა ჯგუფთან. შევეცდებით მეგობრებს ავუხსნათ ჩვენი პოზიცია და დავარწმუნოთ, რომ განმუხურის პატრიოტთა ბანაკი სულაც არ არის პრობლემა და მასზე პირველი რიგის აქცენტი არ უნდა გაკეთდეს დოკუმენტში, რომელიც დევნილთა ქონების გასხვისების, დევნილთა დაბრუნების და გალის რაიონში ადამიანის უფლებების მასშტაბური რღვევის პრობლემებს უნდა ეხებოდეს,”- თქვა რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ. გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებაში საქართველოს მიმართ გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით მან ნათქვამს დასძინა:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”უფრო მეტი მოთხოვნა და უმფრო მეტი კომპრომისი ყოველთვის წაეყენება სახელმწიფოს მხარეს. ამიტომ მე რომ ვიყო აფხაზი მეგობრების მხარეს, სულაც არ გამეხარდებოდა ის, რომ დოკუმენტში უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაკისრებულია საქართველოს მხარეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთი არ აღიქმება ისეთ სუბიექტად, რომელსაც შეიძლება დაეკისროს სახელმწიფო პასუხისმგებლობა.”(სტილი დაცულია)

თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკებების ჩაშლაზეც მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებენ.. სერგეი შამბა ჩივის, რომ საქართველო მოლაპარაკებათა მთელი ფორმატის და აქამდე დადებული შეთანხმებების გადახედვას ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკებათა პროცესის ჩიხში შესაყვანად, საერთაშორისო საზოგადოება კი შეცდომაში შეჰყავს, როცა ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებების განახლებას სოხუმი უშლის ხელს:

[სერგეი შამბას ხმა] ” მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე ბონში ითქვა, რომ საქართველოს უნდა მოეხდინა განმუხურის პატრიოტთა ბანაკის ლიკვიდაცია. რა მოხდა ამის შემდეგ? ითქვა, რომ კიდევ ააშენებენ ასეთ ბანაკს კოდორის ხეობაში.
23-ში, იმ დღეს, როცა გენერალური მდივნის მოხსენება გამოქვეყნდა, განმუხურში ბურჯანაძე ჩავიდა პატრიოტთა ბანაკის მოსანახულებლად. ეს არის ღია გამოწვევა მოლაპარაკებათა პროცესში ჩართული მხარეებისთვის.”

მოლაპარაკებათა პროცესის განახლებისთვის აფხაზთა მხარე ითხოვს ბევრს, მათ შორის, გალის რაიონიდან დავით სიგუას გატაცების საქმის გამოძიებას, კოდორის ხეობიდან აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის გაყვანას და, რაც მთავარია, ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. ”გამოძიება უნდა მოხდეს, მაგრამ არამარტო ერთი ადამიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. ბოლო თვეებში გალის რაიონში 30 ადამიანი გაუჩინარდა,” - ამბობს დავით ბაქრაძე და ნათქვამს დასძენს, რომ თუმცა აფხაზთა მხარე მიზეზს ეძებს მოლაპარაკებაზე უარის სათქმელად, მას მაინც იმედი აქვს, რომ ქართველები და აფხაზები შეძლებენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომას და საერთო ენის გამონახვას.. როგორ და როდის მოხდება ეს, ჯერ არავინ იცის. არც გაეროსგან ელის ვინმე პრობლემის მოწესრიგების პროცესის დაჩქარებას: გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებაში ხომ ყურადღება უფრო განმუხურის ახალგაზრდულ ბანაკზე გამახვილდა და არა გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
XS
SM
MD
LG