Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთკორეელი მძევლების ბედი ავღანეთში


ცენტრალური ავღანეთის პროვინცია ღაზნიში თალიბებს 22 სამხრეთკორეელი მძევალი ჰყავთ დაკავებული. მათი ბედი დიდ შეშფოთებას იწვევს

- განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამტაცებლებმა ერთი სამხრეთკორეელი მოკლეს: სხვათა შორის მღვდელი, რომელიც სათავეში ედგა ავღანეთში ჰუმანიტარული მისიით ჩასული ქრისტიანების ჯგუფს.

სამხრეთ კორეის მთავრობამ მძევლის მოკვლას “მიუტევებელი სისასტიკე” უწოდა, იმავდროულად განმეორებით მოუწოდა თალიბანს, გაანთავისუფლოს 22 სამხრეთკორეელი მძევალი. ისინი - უმეტესწილად ქალები - ნებაყოფლობით ჩავიდნენ ავღანეთში ეკლესიის მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული მისიით, დახმარების ტვირთის, სამედიცინო აღჭურვილობის ჩასატანად და ერთი კვირის წინ ქაბული-ყანდაარის საავტომობილო გზაზე თალიბანს ჩაუვარდნენ ხელში.

სამხრეთკორეის საგარეო უწყების პრეს-მდივან ჩო ი იუნის განცხადებით: [ჩო ი იუნის ხმა] “მთავრობა გამტაცებელთა ჯგუფს ისევ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს მძევლად აყვანილი ადამიანები თავიანთი ოჯახების წევრებს. ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ შინ მათ მშვიდობიანად დასაბრუნებლად”.

ამ მიზნის მისაღწევად, სამხრეთ კორეისა და ავღანეთის პრეზიდენტები დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე. დღესვე, სამხრეთმა კორეამ მაღალი რანგის წარმომადგენელი - უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მდივანი ბაეკ იონ-ჩუნი - ავღანეთში გააგზავნა თალიბებთან მძევლებზე მოლაპარაკებში მონაწილეობის მისაღებად. როგორც იუწყებიან, ბაეკ იონ-ჩუნმა ავღანეთში გამგზავრებამდე მიუსამძიმრა თალიბების მძევლობაში მოკლული მოქალაქის ოჯახს - 42 წლის ბაე იუნ კიუს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავალი ჭრილობა ჰქონდა.

მოლაპარაკება თალიბანთან მძევლების 19 ივლისს აყვანის შემდეგ მალევე დაიწყო. საინფორმაციო სააგენტოები როგორც იუწყებიან, გამტაცებლები ითხოვენ მძევლების გაცვლას თალიბ პატიმრებზე, თუმცა, ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ გამტაცებლების მოთხოვნები არათანამიმდევროული, წინაღამდეგობრივია.

[ზია ვალის ხმა] “თალიბები ერთმანეთში არ არიან შეთანხმებული. ზოგი ამბობს, რომ თანამებრძოლების გამოხსნა სურს, სხვებს ფული უნდათ”, უთხრა ჩვენს რადიოს ღაზნის პროვინციის გუბერნატორის თანაშემწე ზია ვალიმ.

თალიბების ნაწილი ავღანეთიდან სამხრეთკორეელების გასვლასაც მოითხოვს. თუმცა, ამ საკითხზე სეულს ადრევე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება: მიმდინარე წლის ბოლომდე ავღანეთს დატოვებს სამხრეთკორეელების მთელი, 200-კაციანი კონტინგენტი, რომელსაც ინჟინრები და მედიკოსები შეადგენენ.

22 მძევლის საკითხი, რასაკვირველია, გაცილებით უფრო ადრე უნდა მოგვარდეს.
XS
SM
MD
LG