Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


რატომ ასაიდუმლოებენ სამი მაღალჩინოსნის დაკავებას? კითხულობს გაზეთი „რეზონანსი“.

გაზეთის ინფორმაციით, პარასკევს, 20 ივლისს, 2004 წელს ტენდერის არასწორად ჩატარების ბრალდებით, დააკავეს სამი პირი, რომლებიც წლების განმავლობაში პერიოდულად მუშაობდნენ ენერგეტიკის სამინისტროში, ბოლოს კი ისინი საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მინისტრმა ნიკა გილაურმა დააბრუნა. გაზეთის მიერ გამოკითხული ექსპერტების შეფასებით, ამ პირების დაკავების და განსაკუთრებით დაკავების გასაიდუმლოების უკან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჩანაფიქრი უნდა იმალებოდეს. „ ენერგეტიკის სამინისტრო ისეთი სტრუქტურაა, რომ რიგითი ჩინოვნიკი, თუნდაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კორუფციაში ვერ გაერევა ისე, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობა საქმის კურსში არ იყოს. სხვათა შორის, ენერგეტიკის მინისტრთან დაკავშირებით ეს არ არის პირველი სკანდალი. ყველას კარგად გვახსოვს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელთან დაკავშირებული სკანდალი. ეს საკითხი რაღაცნაირად მიჩუმათდა. მაგრამ ცხადია, რომ თავის დროზე, როდესაც დასჭირდებათ, ამას ისე არ დატოვებენ,“– უთხრა ”რეზონანსს” ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა, რომლის შეფასებითაც, ენერგეტიკის სამინისტროს 20 ივლისს დაკავებულ თანამშრომლებთან დაკავშირებული მოვლენები პოლიტიკური შეფერილობისაა და ან გილაურის გადაყენებას უნდა მოველოდეთ, ან საგანგებოდ ჩაფიქრებულ დიდ შოუს.

„საქართველოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს,” –ასე ფიქრობს სომხეთის გლობალიზაციისა და რეგიონალური თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი სტეფან გრიგორიანი. სომხეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი საქართველოს ხელისუფლებაში ბევრ სასიკეთო ცვლილებას ხედავს და აღნიშნავს, რომ სომხეთს ჯერ კიდევ ბევრი სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს დონემდე მივიდეს. მის შეფასებებს გაზეთ ”24 საათის” ფურცლებზე გაეცნობით.

დღესვე გაზეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების ირგვლივ წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ შენიშნავს, რომ საქართველო ნამდვილად არ არის ის ქვეყანა, რომელიც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის შეფერხებას ამ ორგანიზაციის 149 წევრი ქვეყნის ნების საწინააღმდეგოდ მოახერხებს: „ რუსეთის პრეზიდენტი სანკტ–პეტერბურგში გამართულ ბიზნესფორუმზე ალტერნატიული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნის იდეითაც გამოვიდა. რაოდენ ბოდვითიც არ უნდა ჩანდეს ეს იდეა, მას აუცილებლად გამოუჩნდებიან მხარდამჭერები. გარდა ამისა, ამ დემარშით მსოფლიომ რუსეთისაგან მიიღო სიგნალი, რომ მისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, შესაძლოა, გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე თავად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისთვის რუსეთის წევრად მიღება და მასზე გავლენის მოპოვება.“

სალომე ზურაბიშვილს ჰგონია, რომ გაერო მას პრეზიდენტად გახდომაში მხარს დაუჭერს, შენიშნავს გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომლისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის კომენტარები გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის შუალედური მოხსენების მთავარი გზავნილების, მათ შორის, თბილისსა და სოხუმს შორის მოლაპარაკებების განახლების თაობაზე რეკომენდაციის შესახებ. „ შეიძლება ხვალ გაერომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებისაკენ მოგვიწოდოს. დიპლომატიის ისტორიაში ყოველთვის წაგებულია ის მხარე, რომელიც მოლაპარაკებას თვითმიზნად აქცევს. დაუსრულებელი მოლაპარაკება აწყობს იმ მხარეს, ვისაც სტატუს-კვოს შენარჩუნება აწყობს. 100 წელი შეიძლება მოლაპარაკება განახლდეს და შედეგი იგივე იყოს,“ - უთხრა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გაზეთ „ახალ თაობას.“
XS
SM
MD
LG