Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთი და სოჭის ოლიმპიადა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გაეროს უშიშროების საბჭო დახურულ კონსულტაციებზე აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას განიხილავს. წინასწარი ინფორმაციით,

კოდორის ხეობაზე 11 მარტს განხორციელებული თავდასხმის გარდა, სხდომა გაეროს უშიშროების საბჭოს მდივნის ბან კი მუნის მოხსენებასაც შეეხება. შეგახსენებთ, ამ მოხსენებაში გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ განმუხურში პატრიოტთა ბანაკის გახსნამ კონფლიქტის ზონაში ვითარება დაძაბა. მანვე კონფლიქტის მხარეებს ნდობის აღსადგენად პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. რამდენად შეუწყობს ხელს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთის სოჭის ოლიმპიურ ზონაში ჩართვის შესახებ? - ამ თემაზე დღევანდელ რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას გაგაცნობთ.



დღევანდელი ”ნეზავისიმაია გაზეტას” ცნობით, გადაწყვეტილებამ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სოჭში ჩატარების შესახებ არნახული პერსპექტივები გაუჩინა აფხაზეთს, რომლის ტერიტორიაზეც რუსეთი ოლიმპიური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის აუცილებელი უმნიშვნელოვანესი სამშენებლო კომპლექსების შექმნას გეგმავს. როგორც გაზეთს განუცხადა თვითაღიარებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, აფხაზეთში დაგეგმილია აშენდეს ცემენტის და აგურის მწარმოებელი საწარმოები. წინასწარი ვარაუდით, მხოლოდ ტყვარჩელში ცემენტის ქარხნის მშენებლობა ინვესტორებს დაახლოებით 170 მილიონი დოლარი დაუჯდებათ. შამბას განმარტებით, სამშენებლო პროექტებს უკვე იხილავენ მოსკოვში. ის არ გამორიცხავს, ოლიმპიადის დღეებში აფხაზეთმა ოლიმპიადის სტუმრებსაც უმასპინძლოს - მთლიანობაში, სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, აფხაზეთი სოჭის ოლიმპიადის მომზადებისა და ჩატარების პროცესში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, - წერს ”ნეზავისიმაია გაზეტა”, რომლის ცნობითაც, ასეთი პერსპექტივა კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობას მოსკოვსა და თბილისს შორის.
ჯერჯერობით ოფიციალური თბილისი არ გამოხმაურებია რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდ ჟუკოვის განცხადებას, რომ აფხაზეთი სოჭისთვის სამშენებლო მასალის ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელი იქნება. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე გაბაშვილმა ”ნეზავისიმაია გაზეტას” განუცხადა, რომ აფხაზეთში ნებისმიერი ინვესტიციის ჩადება ოფიციალურ თბილისთან უნდა იყოს შეთანხმებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება.
მსგავსი აზრი აქვს კარნეგის მოსკოვის ცენტრის ექსპერტს ალექსეი მაკაშჩენკოს, რომლის თქმითაც, მოსკოვი კიდევ ერთ კარგ მიზეზს აძლევს თბილისს, ეჭვქვეშ დააყენოს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზანშეწონილობა. მისივე განმარტებით, თუ სოჭის ოლიმპიადისთვის ცემენტია საჭირო, უპრიანი იქნება, ის ლეგიტიმურ ქვეყანაში ლეგიტიმური კომპანიისგან შეიძინონ.
XS
SM
MD
LG