Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი წელი კოდორის ხეობაში საქართველოს იურისდიქციის აღდგენიდან


ერთი წელი გავიდა კოდორის ხეობაში საქართველოს იურისდიქციის აღდგენიდან.

შარშან, 2006 წლის 26 ივლისს, სამთავრობო ძალებმა დაძლიეს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის შეიარაღებული ფორმირების წინააღმდეგობა და დაიკავეს ზემო კოდორის ხეობა. თავად ამბოხის ორგანიზატორმა ემზარ კვიციანმა, გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ აფხაზეთს, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციას შეაფარა თავი. მოგვიანებით, პრეზიდენტის ინიციატივით, ხეობაში გადავიდა დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო თავად კოდორის ხეობას სახელი შეეცვალა და ზემო აფხაზეთი ეწოდა. ხელისუფლების მტკიცებით, კოდორის ხეობაში საქართველოს იურისდიქციის აღდგენით გადაიდგა პირველი ნაბიჯი, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის გამთლიანება უნდა მოჰყვეს. გამართლდა თუ არა ხელისუფლების მოლოდინი?

საქართველოს იურისდიქციის აღდგენის წლისთავზე ზემო აფხაზეთში ნატოს საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. აფხაზეთის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელი მალხაზ აქიშბაია ამბობს, რომ ნატოს ცენტრისა და სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურების გახსნით საფუძველი ეყრება ხეობაში ახალი, სამოქალაქო, საზოგადოების შექმნას.

[მალხაზ აქიშბაიას ხმა] „აქ პრაქტიკულად არ იყო არაფერი, აქ ვერ ნახავდით ნორმალურ შენობას. დღეს ჩვენ გვაქვს მთავრობის სახლი, კოტეჯები, გარემონტებული სკოლები, ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, ხეობაში ბანკი და სხვადასხვა სამსახურები მუშაობენ.“

მალხაზ აქიშბაიას თქმით, ხეობაში 2500-მდე ადამიანი ცხოვრობს და ექვსი სათანადოდ აღჭუვილი სკოლა ფუნქციობს. აფხაზეთის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელი გამოთქვამს იმედს, რომ სასიკეთო ცვლილებები შეუმჩნეველი არ დარჩება ხეობის გაღმა აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის. თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთში მოქმედ სეპარატისტულ ძალებს ნიშნი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოუგო - ჯერ ხეობისთვის სახელის გადარქმევით, შემდეგ კი აღმშენებლობის დაწყებით:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ამ ტერიტორიას სოხუმის დაცემის ცამეტი წლის თავზე ოფიციალურად დაერქმევა ზემო აფხაზეთი. ეს არის აფხაზეთის ტერიტორიის მესამედზე მეტი და საქართველო მას ოფიციალურად გააკონტროლებს... დანარჩენმა აფხაზეთმა დაინახოს, რომ ის, რაც მათ ვერ გააკეთეს ომის დასრულებიდან 13 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ გააკეთა ერთ თვეში. ეს იქნება გაკვეთილი, მათ შორის -სეპარატისტებისა და მათი მფარველებისთვის.“

ხელისუფლებაში ასევე გამოთქვამენ იმედს, რომ კოდორის ხეობაში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ საქართველოს მთავრობა აფხაზეთის დანარჩენი ნაწილის დაბრუნებასაც შეძლებს, თუმცა ხელისუფლების ამ მოლოდინს უსაფუძვლოს უწოდებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერსა და პარლამენტის წევრს, კახა კუკავას, ეჭვი ეპარება არჩეული სტრატეგიის, ანუ სეპარატისტულ რეგიონებში პარალელური მთავრობების შექმნის, ეფექტიანობაში:

[კახა კუკავას ხმა] „მე ვთვლი, რომ ეს არის მცდარი გზა - როგორც სანაკოევის ადმინისტრაციის შექმნა, ასევე კოდორის მიმართულებით რაიმე აქცენტების გაკეთება. ერთადერთი პერსპექტივა კონფლიქტის მოგვარებისა, ეს არის პირდაპირი დიალოგი კონფლიქტის მეორე მხარესთან და რუსეთის პოზიციის დაბალანსება. ალტერნატიული სტრუქტურების შექმნა, ჩემი აზრით, პოზიტიურ შედეგებს ვერ გამოიღებს.“

კახა კუკავას მსგავსად, ხელისუფლების მიერ არჩეულ გზას, სხვადასხვა მოსაზრებების გამო, აკრიტიკებენ აფხაზეთიდან დევნილებიც:

[მამაკაცის ხმა] „მე მგონი, ომის გარეშე არავინ არაფერს არ დაგვიბრუნებს. ერთმანეთს ვატყუბეთ და ვატყუოთ, რა... 15 წელი, კაცო? სტალინმა მთელი საქმე ოთხ წელიწადში გააკეთა...“

[მამაკაცის ხმა] „ესენი რას თამაშობენ, კაცი ვერ გაიგებს... დავუცადოთ ცოტა ხანი...“

[მამაკაცის ხმა] „ამ მთავრობის არ მჯერა, იმიტომ რომ 15 წელიწადია ერთსა და იმავეს გაიძახის, მაგრამ ვიბრუნებთ?“


დევნილებს ასევე უჭირთ იმის თქმა, თუ რა მოხდა ერთი წლის წინ კოდორის ხეობაში. საქმე ისაა, რომ სამართალდამცავებმა მხოლოდ ემზარ კვიციანის დის, ნორა კვიციანის, დაკავება შეძლეს, თუმცა ეს უკანასკნელიც სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ რეალურად ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხს ადგილი არ ჰქონია:

[ნორა კვიციანის ხმა] „რომელი ძალები ჰყავდა ემზარს, რომ ხელისუფლება დაემხო კოდორიდან თბილისში? ეს არ დადის ჩემამდე. ეს იყო უცაბედი შემთხვევა... 15 კაცით თუ დაემხობოდა ეს ხელისუფლება, კარგად ჰქონია ამ ხელისუფლებას საქმე.“

თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება ემზარ კვიციანისა და მისი მხარდამჭერებისგან მომდინარე საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამს. ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთის დევნილი მთავრობის მეთაური მალხაზ აქიშბაია ამტკიცებს, რომ ხეობა და იქ მცხოვრები ადამიანები საიმედოდ არიან დაცული.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG