Accessibility links

logo-print

რატომ გამოდის თანასწორობის ინსტიტუტი თბილისის იპოდრომის განაშენიანების წინააღმდეგ


როგორც ცნობილია, თბილისის იპოდრომის მფლობელებმა - კომპანია ”ჟოკეი კლუბმა” და კიდევ რამდენიმე კერძო მესაკუთრემ - იპოდრომის ადგილზე საცხოვრებელი სახლების აშენება გადაწყვიტეს.

ამ გადაწყვეტილების წინააღმეგ გამოდის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი. მათ შორის ცხარე კამათი და დისკუსია დღეს თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და განაშენიანების სამსახურში გაიმართა. რა უნდა აშენდეს იპოდრომზე და რატომ ეწინააღმდეგებიან მის განაშენიანებას?

თბილისის მერიის დაგეგმარების სამსახურს იპოდრომის განაშენიანების პროექტისა და ქალაქის დაგეგმარების თავსებადობის გარკვევა ევალება. სწორედ ამ საკითხის განსახილველად გაიმართა საჯარო სხდომა, რომელიც ხმაურისა და კამათის ფონზე წარიმართა.

[ხმაური]

თანასწორობის ინსტიტუტის ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი დაგეგმარების სამსახურს საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას უსაყვედურებდა. ჩხარტიშვილის განცხადებით, მას და სხვა დაინტერესებულ მოქალაქეებს იპოდრომის განაშენიანების დოკუმენტების გაცნობის საშუალება არ მიეცათ. ამის გამო ლაშა ჩხარტიშვილი განხილვის გადადებას მოითხოვდა, თუმცა ის მაინც გაიმართა.

[ლაშა ჩხარტიშვილის ხმა] ”ერთ-ერთი ფირმის დოკუმენტაციაში, რომელიც აპირებს იპოდრომის განაშენიანებას, ფიგურირებს გიორგი რურუას გვარი. არა მგონია, შემთხვევითი იყოს ის, რომ ნიკა რურუას, ერთ-ერთ გავლენიან პირს საქართველოს პარლამენტში, ჰყავს ძმა გიორგი რურუა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას თვითონ შეუძლია გააკეთოს დასკვნა, რატომ აქვს ადგილი ამ უკანონობას, რომელსაც ჰქვია იპოდრომის გასხვისება საზოგადოების კეთილდღეობის ხარჯზე.”(სტილი დაცულია)

ლაშა ჩხარტიშვილის ამ განცხადების საწინააღმდეგოდ, მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენელს ყველა დოკუმენტის ასლი გადასცეს. ამას ამტკიცებს ურბანული დაგეგმარების სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დავით ბაირამაშვილიც:
[დავით ბაირამაშვილის ხმა] ”იმისათვის, რომ ქალაქმშენებლობის პირობა გასცეს არქიტექტურის სამსახურმა, დამკვეთმა უნდა წარმოადგინოს...”

იპოდრომის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი კომპანია ”ჟოკეი კლუბი” კი, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადების საპირისპიროდ, ამტკიცებს, რომ გიორგი რურუა სულ სხვა კომპანიის, კერძოდ კი, შ.პ.ს ”თბილისის იპოდრომის” ერთ-ერთი დამფუძნებელია.
”ჟოკეი კლუბის” იურისტი დავით კიკალიშვილი განმარტავს, რომ იპოდრომის შესყიდვაც კანონიერად მოხდა და განაშენიანებაც ყველა ნორმის დაცვით განხორციელდება:

[დავით კიკალიშვილის ხმა] ”ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ ამ ხალხის უმეტესობას დოკუმენტებიც კი არ აქვთ ნანახი. მე პირადად მაქვს ინტერესი, რომ გაეცნონ რას აპირებს ”ჟოკეი კლუბი”, რას აკეთებს. დარწმუნებული ვარ, საკმაოდ მნიშვნელოვნად შეცვლიან თავიანთ დამოკიდებულებას ამ პროექტის მიმართ, იმიტომ რომ იქ საკმაოდ კარგი და ჯანსაღი გარემო შეიქმნება თბილისისთვის.”

სწორედ ჯანსაღი გარემოს დაკარგვის საფრთხეს იმიზეზებენ იპოდრომის განაშენიანების მოწინააღმდეგენი. თუმცა, პროექტის მიხედვით, იპოდრომზე დღეს არსებული ნარგავები და ტყე-პარკი შენარჩუნებული იქნება და მშენებლობა მხოლოდ ტრიალ მინდორზე განხორციელდება, რომლის საერთო ფართი დაახლოებით 60 ჰექტარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG