Accessibility links

logo-print

ინტერვიუ ვარდან ოსკანიანთან


სულ რაღაც ერთი კვირის წინ საქართველოსა და სომხეთს შორის დიმპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების 15 წლის იუბილე აღინიშნა.

სომხეთში საქართველოს საელჩოში საგანგებო მიღებაც გაიმართა, რომელსაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვარდან ოსკანიანიც დაესწრო. გუშინ ის საქართველოს ეწვია და საღამოს ქართველ კოლეგას, გელა ბეჟუაშვილს, შეხვდა. დღეს ვარდან ოსკანიანი ბათუმში გაემგზავრა სომხეთის საკონსულოს გახსნაში მონაწილეობის მისაღებად. რადიო ”თავისუფლების” სომხურენოვანი სამსახურის კორესპონდენტი ასტრიკ ბედევიანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბათუმში თბილისის სტუდიიდან ტელეფონით დაუკავშირდა:

ქართულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჭარაში დასვენებას აპირებს. ვარდან ოსკანიანმა რადიო ”თავისუფლების” შეკითხვას ამ თემაზე მოკრძალებულად უპასუხა:

[ოსკანიანის ხმა]
”თუკი ორ დღეს დასვენება ეთქმის, რატომაც არა. ცურვაც შეიძლება... და ვაპირებ კიდეც ამის გაკეთებას.”

რაც შეეხება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში და, კერძოდ, აჭარაში ვიზიტის მიზანს, გუშინ საღამოს ოსკანიანი ბეჟუაშვილს შეხვდა. საუბარი, ძირითადად, ორ საკითხს შეეხო - საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასა და სომხეთის მოქალაქე 20 მძღოლის დაკავებას, რომლებიც სამხრეთ ოსეთიდან შემოვიდნენ. ოსკანიანი აცხადებს, რომ საქართველო-სომხეთის საზღვრის საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის:

[ოსკანიანის ხმა]
”არ ვიტყოდი, რომ ძალიან საკამათო საკითხია, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ არ გადაუჭრია კომისიას. მთლიანობაში, ასეთი ვითარებაა: თუკი იქნება გაცვლა, ეს იქნება ადეკვატური ორივე მხარისთვის - თუკი სომხეთის საზღვრისპირა ტერიტორიის ნაწილი საქართველოს მხარეს დაეთმობა, იმავე პრინციპით, საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაეთმობა სომხეთს.”

ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ოსკანიანს სთხოვა დაეზუსტებინა საზღვრის რომელ მონაკვეთებს გულისხმობდა ის, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა დაზუსტებისგან თავი შეიკავა და დასძინა, რომ საბოლოო სიტყვა ამ საკითხზე სომხეთის პარლამენტმა უნდა თქვას.

აჭარის დედაქალაქში სომხეთის საკონსულოს გახსნის საფუძველს ვარდან ოსკანიანი, პირველ ყოვლისა, საპორტო საკითხების გადაჭრის საჭიროებაში ხედავს და დასძენს აგრეთვე, რომ საკონსულო აჭარაში ტურისტად მყოფ ათასობით სომხეთის მოქალაქესაც მოემსახურება.

რაც შეეხება სომხეთის მოქალაქე 20 მძღოლის დაკავებას, ოსკანიანი ფიქრობს, რომ ასეთი დარღვევების უმრავლესობა არაინფორმირებულობით არის გაპირობებული, რადგან ბევრმა არ იცის, რომ სეპარატისტულ რეგიონებში გადაადგილებისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ნებართვა სჭირდებათ.

[ოსკანიანის ხმა]
”საბოლოოდ საკითხი გაირკვევა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის არის, რომ ადამიანები იყვნენ ინფორმირებულები და არ დაარღვიონ კანონი, რადგან ამგვარ დარღვევათა უმრავლესობა კანონის უცოდინრობის გამო ხდება. საქართველოს კანონმდებლობით, აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შესვლა არ შეიძლება. როცა მანქანებით რუსეთიდან სამხრეთ ოსეთში შედიან, მათ არ შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა საქართველოს ნებართვის გარეშე.”

დასასრულ, რადიო ”თავისუფლების” ბედზე სომხეთში. ცნობილი გახდა, რომ სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ რადიო ”თავისუფლებას” რეტრანსლაციის გაგრძელებაზე უარი უთხრა. ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ოსკანიანმა გამოთქვა იმედი, რომ საკითხი რადიოსა და მისი მსმენელის სასარგებლოდ გადაწყდება:

[ოსკანიანის ხმა]
”დეტალები არ ვიცი. ამბავი ჩემი პრესმდივნისგან გავიგე. მაგრამ მიმაჩნია, რომ მთავარი აქ უნდა იყოს ის, რომ რადიო ”თავისუფლებამ” განაგრძოს მაუწყებლობა და არ დაკარგოს თავისი მსმენელი. გადაწყვეტილება ადეკვატური უნდა იყოს. ვიმედოვნებ, რომ ის ასეთიც იქნება.”
XS
SM
MD
LG