Accessibility links

logo-print

თბილისი 11 მარტს ზემო აფხაზეთის დაბომბვის ფაქტის გამოძიების გაგრძელებას ითხოვს


გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის საკითხის მორიგ განხილვამდე საქართველომ, შესაძლოა, გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის შემადგენლობიდან რუსეთის გაყვანის საკითხი დააყენოს

. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი რუსეთი გააგრძელებს ზემო აფხაზეთის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის დამალვას. ოფიციალური თბილისი ამა წლის 11 მარტს ზემო აფხაზეთის დაბომბვის ფაქტზე გამოძიების გაგრძელებას ითხოვს. ეს მოთხოვნა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე 26 ივლისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ დააყენა. 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველო პოზიციას ამკაცრებს, თუმცა ცოტა ხნის წინ ხელისუფლების წარმომადგენლები კმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიამ ზემო აფხაზეთის დამბომბვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნაში რუსეთს, პირდაპირი თუ არა, ირიბი ბრალდება მაინც წაუყენა.. მინდა ზემო აფხაზეთის დაბომბვასთან დაკავშირებით ვნებათაღელვის ახალ ტალღაზე მოგითხროთ.

ვნებათაღელვის ახალი ტალღა, თითქოსდა, მოულოდნელად აგორდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებმა ზემო აფხაზეთის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოხსენება ლამის საქართველოს დიპლომატიურ გამარჯვებად მონათლეს. ”ჩვენ მივიღეთ იმის მაქსიმუმი, რისი მიღებაც შეიძლებოდა. პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად მაინც ითქვა, რომ კოდორის ხეობა რუსეთიდან შემოფრენილი საფრენი აპარატებიდან დაიბომბა. ” - ასეთი განცხადებები გაკეთდა თბილისში გაეროს დამკვირვებელთა მისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ... გავიდა სულ ცოტა ხანი და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც კონსულტაციების რეჟიმში მოხდა აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის შუალედური მოხსენებისა და ზემო აფხაზეთის დაბომბვის თაობაზე გაეროს დამკვირვებელთა მისიის ფაქტების დამდგენი ჯგუფის დასკვნის განხილვა, რუსეთს პირდაპირი ბრალდება და ერთგვარი ულტიმატუმიც წაეყენა. გაეროში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ 11 მარტის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების გაგრძელება და გამოძიებასთან რუსეთის თანამშრომლობა შემდეგი პირობით მოითხოვა:

[ირაკლი ალასანიას ხმა]” რუსეთმა თავი შეიკავა გამოძიებისთვის უმნიშვნელოვანესი ცნობების გამჟღავნებისგან. გამოძიების პროცესში თანამშრომლობა აუცილებელია. ჩვენი შეხედულებით, თუ რუსეთი საბოლოო უარს იტყვის გამოძიების პროცესში თანამშრომლობაზე, მაშინ შეუძლებელი იქნება მას შეუნარჩუნდეს კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში მთავარი მედიატორის მისია .. ვიტოვებთ იმედს, რომ რუსეთი სრულად ჩაერთვება საქმის გამოძიებაში.”

ალასანიას შემდეგ მკვეთრი განცხადება კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გააკეთა. სწორედ მან არ გამორიცხა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის საკითხის მომდევნო განხილვამდე მეგობართა ჯგუფის შემადგენლობიდან რუსეთის გაყვანის საკითხის დაყენება იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უწინდებურად აარიდებს თავს ზემო აფხაზეთის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობას. ასე რომ, მომხდარის გამო რუსეთის მიმართ გამოთქმული ირიბი ბრალდება საქართველოს აღარ აკმაყოფილებს. ცოტა ხნის წინ მეტ-ნაკლებად შექებულ დასკვნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცახდებენ, რომ დასკვნა არასრულყოფილია და ამის მიზეზი რუსეთია - რუსეთი, რომელმაც ფაქტების დამდგენ ჯგუფს ყველაზე საჭირო ინფორმაცია დაუმალა. ოფიციალური თბილისი გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვანში ღიად დარჩენილ შეკითხვებზე პასუხების დაზუსტების მომხრეა და ასეთი ცვლილება საკითხისადმი დამოკიდებულებაში, შესაძლოა, მყისიერიც არაა.. აი, რას წერდა 7 ივლისს გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებულ სტატიაში ”საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის” ხელმძღვანელი დევიდ სმიტი :

”გაეროს დამკვირვებელთა მისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ დავრწმუნდებით, რომ გამოძიების დროს აუღელვებლობა და დუმილი სწორი საქციელი იყო. საქართველოს და მის დასავლელ მეგობრებს მოუმწიფებელი დიპლომატიური ხმაური რომ აეტეხათ, შესაძლოა, გამოძიება სხვა კალაპოტში მიმართულიყო, რაც მოსკოვს საშუალებას მისცემდა საკუთარ ბრალდებებზე თბილისისკენ გაეშვირა თითი. თუმცა პირველ ეტაპზე სიწყნარის შენარჩუნება გულისხმობს, რომ ანგარიშის დასრულების შემდეგ ხმის ამოღებაა საჭირო.”

ანგარიში გასული კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ 2007 წლის 11 მარტს სოფელ ჩხალთაში ადმინისტრაციულ შენობას ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი მოხვდა. ანგარიში პირდაპირ არ მიუთითებს, რომ ჭურვი ვერტმფრენიდან არის ნასროლი, მაგრამ ხმელეთიდან სროლასაც გამორიცხავს... ფაქტების დამდგენი ჯგუფი ასკვნის, რომ ზემო აფხაზეთის დაბომბვაში ჩრდილოეთიდან - სხვადასხვა მხრიდან - შემოფრენილ აპარატებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ, ამასთანავე, მიუთითებს, რომ არ არსებობს სათანადო მტკიცებულებები ამის დასადასტურებლად ან უარსაყოფად..


როგორ და ვის მიერ დაიბომბა 11 მარტს ზემო აფხაზეთი? - ეს შეკითხვა უწინდებურად აქტუალურია. საქართველო გამოძიების გაგრძელებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG